You are currently viewing ის ვერ გაიგებს

ის ვერ გაიგებს

რუსთაველზე იყო, მარტო.
პოლიცია უკვე ასუფთავებდა ქუჩას.
იდგა, ჯერ, გოგო, მერე რამდენიმე ნაბიჯი, და უკვე პატრულის მანქანაზე დადგა.
წამით გაშეშდა, შემობრუნდა, და ცეკვა დაიწყო.
გასაგებია, ხო, რომ იგერიებდა ვიღაცეების ხელებს, მისი მანქანიდან ჩამოყვანა რომ სურდათ,
მაგრამ ჩემთვის ცეკვად ჩანდა ის მოძრაობა, რასაც ის აკეთებდა, –
ცეკვავდა, გოგო!
სულ ოციოდე წამი გრძელდებოდა ეს ყველაფერი.
და წარმომიდგენია, რამდენი რამ, და რა ემოციები ჩაატია ამ წამებში, და რამდენ რამეს გადაატანინებს ამ დროს განცდილი მომავალშიც.
რადგან ამ დროს თავისუფალი იყო, სრულიად თავისუფალი.
შემშურდა, ძალიან.
ვენაცვალე!
.
ვისთვისაც უცნობია ასეთი წამები, ის ვერასოდეს გაიგებს , რაც ამ გოგომ გააკეთა.
საკუთარ თავი დაამარცხა ამ გოგომ, საკუთარი უღონობის და უმწეობის შეგრძნება დაამარცხა, საკუთარი შიშიც დაამარცხა.
გმირობა ის კი არ არის, რომ არ გეშინია და აკეთებ, გმირობა ისაა, როცა გეშინია, და მაინც აკეთებ. რადგან არის რაღაც, რომლის დაკარგვის უფრო მეტად გეშინია, ვიდრე ფიზიკური ტკივილის, ანდა სიკვდილისაც კი, და ეს ” რაღაც” ღირსების შეგრძნებაა და თავისუფლების შეგრძნებაა, და კიდევ იმის შეგრძნება, რომ რაღაც უნდა გააკეთო, რომ სხვასაც დაეხმარო ასეთი შეგრძნება გაუჩნდეთ.
რუსთაველის სამანქანო გზაზე თითოოროლა კაცი იყო, და გზის გადაკეტვა აღარ გამოდიოდა, და ამ გოგომ თავისი საქციელით ჯერ საკუთარ თავს და მერე სხვებსაც დაანახა, რომ მოძალადე რეჟიმის, და უსამართლობის არ უნდა ეშინოდეთ. რომ ისინი მარტო არ არიან, და რომ ეს გოგო მათ გვერდითაა.
ამის ჩვენებაც უნდოდა სხვებისთვის, და ეს რომ ეჩვენებინა, ამისთვის საკმარისი არ იყო ასფალტზე დგომა, ამისთვის მაღლა უნდა აწეულიყო, ამ სიტყვის ყველანაირი გაგებით და ამ გოგომ ეს შეძლო, და მიტომაც იღიმებოდა მანქანაზე როცა იდგა, და ბედნიერი იყო იმით, რაც გააკეთა. და მიტომაც იყო ჩემთვისაც მისი მოძრაობა ცეკვა.
ვისთვისაც უცნობია ასეთი წამები, როცა ცოტანი ხართ, როცა სხვა გამოსავალი არაა, და სხვანაირად არ შეგიძლია, როცა იცი, რომ რაღაც უნდა გააკეთო, რომ სხვისთვის იყო იმედი, რომ მარტო არ არის, რომ გახდეთ ბევრი, და ძალადობამ უკან დაიხიოს, და როცა იცი, რომ ამას შეიძლება შეეწიროს შენი პირადი თავისუფლება , ჯანმრთელობა და სიცოცხლეც კი, მაგრამ მაინც დგამ ნაბიჯს,- ხო, რა, ვისაც ეს არ გამოუცდია, ის ვერასოდეს გაუგებს ამ ხალხს. 
.
გუჯა ბიძია (გუჯა შვანგირაძე)
Subscribe
Notify of
guest
0 Comments
Inline Feedbacks
ყველა კომენტარის ნახვა