You are currently viewing იუნკრები

იუნკრები

პირველი ნათლობა არ ყოფილა ეს მათი, ამ ომამდეც იბრძოლეს.
1921 წლის თებერვალში კი 17 რიცხვის მერე იდგნენ 20-23 წლის ბიჭები, – თოვლწყალში, ყინვაში .
ერთი ნაბიჯით არ მოუცვლიათ ფეხი.
რვაჯერ მოიგერიეს რუსული მეთერთმეტე არმიის შემოტევა –
რვაჯერ!
იმ დღეებში დაიღუპა მარო მაყაშვილი, ოცი წლისა.
მოწყალების და , – ოჯახის უკითხავად რომ წავიდა ფრონტზე,
იმ დღეებში დაიღუპა იუნკერი ერისთავიც,
შეტევაზე გადასული ქართველები უცილობელი სიკვდილისგან იმით რომ იხსნა , მტრის სანგარში რომ შევარდა და რუსის ტყვიამფრქვევი სხეულით რო დაფარა.
იმ დღეებში დაიხალა ნაგანის ტყვია კაპიტანმა ყიფიანმა, – სირცხვილით როგორ ვთქვაო , ყიფიანის ჯარისკაცმა უკან დაიხიაო.
იმ დღეებში დაიღუპნენ სხვებიც..
24 თებერვლისთვის ტაბახმელა- კოჯრის მონაკვეთზე გამაგრებული 152 ქართველი იუნკერიდან მხოლოდ 85 იყო დარჩენილი, და მხოლოდ ბრძანების მიღების შემდეგ დატოვეს ბრძოლის ველი.
დაუმარცხებლად დატოვეს.
და ისე, რომ არც იცოდნენ, რომ უღალატეს.
დანარჩენები 26 თებერვალს ჩამოასვენეს, უკვე გასაბჭოებულ თბილისში.
ბოლშევიკებსაც კი არ შეუშლიათ ხელი გმირები წესის მიხედვით დაესაფლავებინათ.
სულ ორი წელი სწავლობდნენ ეს ბიჭები იმ სამხედრო სასწავლებელში, გენერალმა კვინიტაძემ 1919 წელს რომ დაარსა, და როგორ სწავლობდნენ ეს მართლაც დიდი თემა და ცალკე სასაუბროა.
თუმცა იმითაც შეიძლება მიხვდე, როგორ სწავლობდნენ, როცა იცი , თუ როგორ იბრძოლეს.
იბრძოლეს კი , ღმერთებივით.!
და იქნებ ვინმემ თქვას, რომ ამაოდ დაიქცა გმირთა სისხლი?
და იქნებ, ვინმემ ისიც იფიქროს, რომ არაფერს გვასწავლის ისტორია?
ხო, იქნებ, ვინმემ, მაღლა სკამებზე, დღესაც მოინდომოს ღალატი,?
და იქნებ მართლაც, დღესაც, იუნკრების ძვლებზე მოსულმა პოლიტნაგვების მემკვიდრეებმა, დღევანდელმა ბოლშევიკებმა, დღევანდელი ობივატელების ჩუმი თანხმობით, იქნებ სცადონ, და ისევ გასაბჭოებისკენ წაიყვანონ საქართველო,-
მაგრამ იცოდნენ,
თუ რუსის ჩექმა ისევ მოადგა ამ ქვეყანას, პირველი ტყვია, რუსს კი არა, მათ მოხვდებათ!
.
წერილებიდან ” დრამატული დრამატურგია”
გუჯა ბიძია.
გაზეთი ” საადგილმამულო “
18. 02. 2021.
.
Subscribe
Notify of
guest
0 Comments
Inline Feedbacks
ყველა კომენტარის ნახვა