ამ რამდენიმე დღის წინ ერთმა ძალიან კარგმა პოეტმა, კარგმა კი არა, მართლაც ნაღდმა პოეტმა ერთი ლექსადწყობილი გამოაქვეყნა.
სანამ გავაგრძელებ, ვიტყვი,
ვიცი ჯერ ფოტოს დახედავთ, და გაგიკვირდებათ, სად ლექსი და სად წყლის ჭავლთან მოცეკვავე გოგონა, ამიტომაც წინდაწინ ვამბობ, რომ წერილი პოლიტთემაზეა, საგაზეთოა, ანუ ანალიზია, და ვინც ამ სივრცეში სალაზღანდაროდ არის ამ სტრიქონის ბოლოდან შეწყვიტოს კითხვა, მაინც ვერაფერს გაიგებს.
ხო, იმას ვამბობდი, რამდენიმე დღის წინ, ლექსი წავიკითხე მეთქი, ერთი ნაღდი პოეტის, და ახლახან მივუბრუნდი ისევ, და არც გამკვირვებია, რომ მცირე მოწონება აქვს, განუზომლად მცირე მის სხვა ლექსებთან შედარებით.
არა, არ დაუკლია ავტორს , როგორც ყოველთვის, სასწაული მეტაფორები, ორიგინალური მხატვრული სახეები, პარალელები.
და მაინც,..
და იმიტომ, რომ სხვა ყველაფერთან ერთად, ცოდნა იყო იქ, ძალიან ღრმა ცოდნა, და ვერ გაიგო მკითხველმა, არ იყო მკითხველი ამ ცოდნის გასაგებად მზად, და განერიდა.
ზუსტად იგივე “ვერგაგების” მომენტი აქვს მასას სხვა ცოდნასთან, და არა აქვს მნიშვნელობა სად გადაეყრება ამ ცოდნას, – ლიტერატურულ ნაწარმოებში, ეკონომიკურ მიმოხილვაში, თუ პოლიტიკურ ანალიზში, თუ ქუჩაში მიტინგზე.
და მასიდან უმეტესობა ისევე გულგრილად აუვლის გვერდს ცოდნას და ჭეშმარიტებას, როგორც იმ პოეტის ლექსს აუარა გვერდი.
როცა პირიქით უნდა იყოს, არა?
როცა რაღაც გაურკვეველია შენთვის, ბიბლიოთეკაში უნდა გარბოდე, ანდა ვინმეს უნდა ეკითხებოდე, მაგრამ ძალიან ცოტა თუ აკეთებს ასე, ამიტომაც რჩება “ცოდნა” მასებისთვის გაუგებარიც, უცხოც, და საშიშიც, რადგან ჯერ ფიქრისკენ, და მერე მოძრაობისკენ უბიძგებს, ეგ კი ობივატელს ეზარება..
სწორედ ასეთი “არცოდნაა” მიზეზი, დღეს პოლიტიკური პროცესი რუსთაველზე რომ გაიჭედა,
პროტესტმა არ იცის რა უყოს იმ ძალას, – ანუ, რიცხობრივ რაოდენობას, – რომელიც აქვს.
და არა მხოლოდ იმიტომ, რომ ლიდერი არა ჰყავს..
ლიდერიც იმიტომ არა ჰყავს, რომ არც იმათ, – ვისაც აქვს პოტენციალი რომ გახდეს ლიდერი.- არ იციან რა ჰქნან,
არ იციან, როგორ გამოიყენონ პროტესტის ძალა.
არც ის ესმით, გამოყენების მერე რაღა ჰქნან.
ხო, რომ მოხდეს სასწაული, და გაიქცეს დღეს ქოცი, რა თქმა უნდა, ბანძი ოპოზიცია ჩაენაცვლება, და ყველაფერი ისევ ძველებურ წრეზე წავა.
ამასაც ხვდება ის პროტესტი , რუსთაველზე, რომ არის, მაგრამ არც ის იცის, როგორ აღუდგეს ამას წინ, და ამიტომაც იკავებს თავს რადიკალური ქმედებისგან.
რადგან საქართველოში ეს წესი, – გმირები რომ ომობენ და მერე ბოზებს რომ მიჰყავთ პარადი- არავის შეუცვლია ჯერ,
და რა არის მაშინ გამოსავალი?,
ვიტყოდი ისევ, რომ ცოდნა და პოლიტგანათლება..
პოლიტგანათლება ის კი არ არის, ყველა პოლიტიკოსის სახელი რომ იცი,
არა, ადამიანებს უნდა აუხსნას ვინმემ, თუ რა არის სისტემა, რა ინსტრუმენტები გააჩნია, რაზე დგას, და რომ ხელისუფლებების ცვლა სისტემს შეცვლა არ არის, და თუ სისტემა არ შეიცვალა, რომელიმე ერთი კონკრეტული ბიძინას შეცვლა, რამდენიმე ბიძინიკოთი არ მოგცემს შედეგს.
მით უმეტეს ამ გვარამიებით, მელიებით და ხაზარაძეებით.
და რომ სისტემის შესაცვლელად არის უამრავი მექანიზმი დასამკვიდრებელი,
და რომ ეს მექანიზმები მანამდეა დასამკვიდრებელი, სანამ ხელისუფლებებს შეცვლი, და სანამ არჩევნები ჩატარდება, თორემ მერე ვინც სკამზე მოჯდება, ის აუცილებლად მოირგებს ძველ სისტემას კოსტუმივით.
უფრო მარტივადაც ვიტყვი, საზმაუს მაგალითზე, – მით უმეტეს, რომ თუ მასას რაიმე გინდა გააგებინო, პირველ რიგში საზოგადოებრივი მაუწყებელი უნდა დაიბრუნო.
მაგრამ არც საზმაუს ხელმძღვანელობის შეცვლა არ მოგცემს შედეგს, თუ იქაც არ შეცვალე სისტემა,
თუნდაც ის ხალხი რომ მიუშვა მართველობაში, დღეს რომ ” საზმაუს მცველებს” უწოდებენ თავს,- ის შედეგი არ დადგება, რაც საჭიროა.
ვინც ტელევიზიასთან დგანან, იქ ხომ მაინც არიან ასე თუ ისე გამოკვეთილი ლიდერები, და გვასახელებით,?
მაგრამ იმათაც რომ ჩააბარო ტელევიზია, არაფერი შეიცვლება.
“ახალი ცოცხი” ცოტა რომ მოძველდება, ისინიც ვასიკოს გზას გააგრძელებენ, რადგან ჩათვლიან, რომ ეს მათ იომეს, და ახლა აქვთ უფლება ტელევიზიის სარედაქციო პოლიტიკა მათ განსაზღვრონ.
აი, ახლა ამ ყველაფრით, რაც ზემოთ ვთქვი, რომ მივიდეს ვინმე რომელიმე აქციაზე და უთხრას იქ მყოფ ხალხს, მოდით ასე და ამით დავიწყოთო, გიჟი ხარო, ეტყვიან, ხო?
ეტყვიან, რა დროს ეგაა, ჩემო ბიძია, ჯერ ეს ქოცი მოვიშოროთო.
და ასე ვაკეთებთ ეს 30 წელი, მუდამ ვამბობთ, ” რა დროს ეგ არის, ჯერ ვიღაც მოვიშოროთ”
ამიტომაც ვერასოდეს ვერ სარგებლობს ხალხი პროტესტის ” გამარჯვებებით”,
დიახ, პოლიტგანათლება არ არის,
დიახ, “ძალას ” არ აქვს “ცოდნა”.
და ვისაც “ცოდნა” აქვს, ის ვერ გადასცემს თავის ცოდნას პროტესტს, რადგან ” ძალა” არ იღებს ცოდნას სხვისგან,
ამ ცოდნამდე მხოლოდ საკუთარი გამოცდილებით თუ მივა, და ამას კი დრო სჭირდება, და ამასობაში ძალაც სუსტდება.
ასევე “ცოდნასაც” სჭირდება დრო ” თავისი ძალა ” რომ შექმნას.
დრო უნდა ყველაფერს, – მშობიარობასაც ვერავინ დააჩქარებს,
და კიდევ სხვა მიზეზებიც არის აქ, რაც ხელს უშლის ამ “მშობიარობას “,
ამიტომაც ვგავართ მუდამ იმ სიძეს, ხის ამოთხრა რომ შეგვიძლია, მაგრამ აზრზე არა ვართ, სად წავიღოთ მერე.
და ამ ჩვენს უძლურებას, ანუ “ძალის” და “ცოდნის” უთანხმოებას, სისტემა ძალიან კარგად იყენებს.
ამიტომაც ძლებს სისტემა ათწლეულები, და ზოგჯერ საუკუნეც კი.
სისტემა, დიახ,
თუ თქვენ სხვა რამე გგონიათ “დიპ სტეიტი”?
არ უთხრათ ეს ქოცს, თორემ გაუკვირდება, თვითონვე რომ გამოაცხადა მტრად ის, რითიც უდგას სული.
მაგრამ არის ერთი მოკლე გზაც, უცებ რომ შეიცვალოს ყველაფერი.
ხო, მაინც არის ერთი რამ, რისიც ეშინია სისტემას, და ყველა დროის ხელისუფლებას.
აი, იმ გოგობიჭების ეშინია, უცებ, და არსაიდან რომ იციან გამოჩენა,
მარტის მამლაყინწების ეშინია, ხო,
არავის და არაფერს რომ არ ერიდებიან, და რომ არ ჭირდებათ სხვა ცოდნა, იმის გარდა, რომ გრძნობენ, ” ასე აღარ შეიძლება”,
და აკეთებენ საქმეს, და მერე უცებ უჩინარდებიან ისე, როგორც მოვიდნენ.
მაგრამ ამათ შესახებ, სხვა დროს, სხვა დროს..
.
გაზეთი ” საადგილმამულო” #7
.