You are currently viewing იყო კი მონანიება?

იყო კი მონანიება?

იყო კი “მონანიება” ?
თუკი ამ ფილმით სისტემამ თავისი ძლევამოსილება აჩვენა ობივატელს?
აღვნიშნე უკვე..
დრამატურგიამ უნდა შეძლოს და მოძალადე სისტემა თავის სამსახურში უნდა ” ჩააყენოს” იმით, რომ სისტემის ნამდვილი სახის ჩვენებით ობივატელი შეაშინოს, რამეთუ მხოლოდ შიშით თუ გაარყევ ობივატელს.
მაგრამ არა იმ შიშით, ამ ფილმში რომ ანახეს,
არა, სულ სხვა შიშია საჭირო, რომ არავიძეებში გადაიძალოს სისტემის მსახურობის სურვილი , სისტემისგან მიღებული სათუო კეთილდღეობა და თეატრიდან, თუ კინოდან გამოსული ობივატელი რეალურ გმირს თავის გადასარჩენად ათიოდე ნაბიჯით უკან მაინც გაჰყვეს.
რა თქმა უნდა, შიშით გაკეთებული საქმე, რაც არ უნდა სიკეთეს ემსახურებოდეს, არ არის ზნეობრივის საწყისი, ობივატელს ვერ გარდაქმნის და მისი “სიკარგეც” ერთჯერადი იქნება და არის სხვა საშუალებაც, რაც მას ზნეობრივად ასწევს მაღლა და ეს საშუალება მის მიერ თავისი თავის მნიშვნელობის აღქმაა, მაგრამ ამაზე სხვა დროს ვისაუბროთ, ახლა კი კვლავ აბულაძის ფილმს დავუბრუნდეთ.
ამ ფილმში ყველა დადებითი გმირი მარცხდება, რაც ვერაფერი მაგალითია მშიშარა ობივატელისთვის, და სისტემის მსახური აბელ არავიძის ტრაგედიაც არაფერს ნიშნავს, – ის წავა და სხვა მოვა..
ფილმი იძლეოდა მეთქი, ობივატელის ამოქმედების საშუალებას და არ გამოიყენეს, რითაც ამ მართლაც მაღალმხატვრულმა ფილმა ბევრი რამ დაკარგა..
და ვიტყვი მთავარს, –
აბელ არავიძის შვილი თავს არ უნდა იკლავდეს, მან უნდა იომოს,
იომოს საკუთარი თავის და მამის გადასარჩენადაც.
დიახ, თვითონ უნდა მოთხაროს ვარლამი, და იმდენჯერ, რამდენჯერაც საჭირო იქნება.
მხოლოდ ასეთი საქციელი მოაქცევს აბელ არავიძეს, – სისტემის მსახურს – თუ გიორგი სააკაძედ ვერა, დოჩანაშვილის მიჩინიოდ, მაინც.
და მოაქცევს იმით, რომ მთელი ცხოვრება შვილის ხელშესახები ზიზღის მიზეზი იქნება , თუ რამე არ შეცვალა და დანაშაული არ გამოისყიდა.
მკვდარი შვილის პატრონი ამ ქმედებაში ვერ მოვა, მას უბრალოდ ძალა აღარ ექნება, არც მოტივაცია, რომ გამოსწორდეს..
მკვდარ შვილს ვერაფრით დაიბრუნებს.
სხვისი შვილები კი ობივატელს და მით უმეტეს სისტემის მსახურს, ყოველთვის ფეხებზე ჰკიდია.
ამ შიშზე ვსაუბრობდი სწორედ ზემოთ.
ობივატელი ყველაზე ახლობელი ადამიანის გაუცხოების შიშმა უნდა შეცვალოს,
და ეს რომ ასეც ხდება, მამების და შვილების საუკუნოვანი ომი არის ამის დასტური,
და ისიც, რომ ამ ომში მუდამ შვილები იმარჯვებენ.
“მონანიების” გადაღებიდან გაივლის 40 წელი და 2023 წლის მარტის თვეში, თბილისის ქუჩებში თითქოს არსაიდან, ახალი თაობა გამოვა საომრად.
დამოუკიდებლობის წლებში გაზრდილი თაობა, რომელიც ხვდება, რომ რაღაც ისე არ არის,
რომ თავისუფლება არ არის თავისუფლება, და თანასწორობაც არ არის თანასწორობა, და რომ სისტემა მოძალადეა,
და რომ დამოუკიდებლობიდან მთელი 30 წელი მაინც ერთი მუჭა მედროვეები მართავენ მილიონებს.
და უფრო მეტიც, ქვეყნის ფორმალური დამოუკიდებლობაც კი დადგა უკვე სასწორზე.
და უცებ, მამების გასაკვირად, ქუჩა აივსო მარტის მამლაყინწებით.
და სისტემას შეგუებული, და სისტემისგან გონმოწამლული მამების თაობის უმრავლესობა სხვის შვილებს დაუწყებს გინებას.
სხვის შვილებს, თორემ მას ხომ კარგი ჰყავს,?
და ეს სხვისი შვილების მეგობრები არიან ცუდები, თორემ მისი შვილისა ხომ სამაგალითოები არიან?
ეს სხვა მამებმა ვერ გაზარდეს შვილები, თორე მან ხომ ყველაფერი გააკეთა?.
ხო, ჯერ სხვის შვილებს აგინებს,
და იქამდე, სანამ ნიღაბაფარებულ გოგობიჭებში საკუთარ შვილს არ ამოიცნობს, და სანამ არ მიხვდება, რომ შვილს არ უნდა მამასავით იცხოვროს, და რომ მამის გასაკეთებელს აკეთებს ახლა, და არა მხოლოდ თავისთავს იცავს სისტემისგან, მამასაც იცავს.
ხო, ეს ასეა, და ვისაც ეს არ ესმის, და ვინც ახალთაობას აგინებს, საკუთარ თავს აგინებს.
ხოლო, ვისაც ესმის, – ის იცვლება.
დიახ, შიში ცვლის ობივატელს, – ახლობელის გაუცხოების, დაკარგვის და მარტოობის შიში,
ფიზიკური, თუ სულიერი დაკარგვის შიში.
და იმის შიში, რომ მისი ინტერესების დამცველის გარეშე , სისტემა მასაც გაუსწორდება,
და ამ მიხვედრის შემდეგ ობივატელი აღარ არის ობივატელი, რადგან მოქმედებას იწყებს.
ეს უნდა აჩვენოს დრამატურგიამ.
გვჭირდება ჩვენ დღეს ასეთი დრამატურგია.
ამ მეორე , უკვე მოქმედებაში მომყვანი შიშის ნათლად წარმოჩენა შეეძლოთ აგრეთვე “დათა თუთაშხიას”, ფილმის გადამღებებსაც და შეეძლოთ მარტოკაცის სისტემის წინააღმდეგ ომის მაგივრად მთელი საზოგადოების ბრძოლა აესახათ ეკრანზე, მით უფრო, რომ რომანი ამის საშუალებას იძლევა..
და იძლევა იმ თემით, ასე დიდებულად რომ არის გადმოცემული ნაწარმოებში, და რომელიც ფილმში არ შეიტანეს..
“ვერ” კი არა, “არ” შეიტანეს.
მაგრამ ამაზეც შემდეგ, შემდეგ..
.
წერილებიდან “დრამატული დრამატურგია”
გუჯა შვანგირაძე ( გუჯა ბიძია)
.
Subscribe
Notify of
guest
0 Comments
Inline Feedbacks
ყველა კომენტარის ნახვა