You are currently viewing კირილე, გახედე სტუმარს!

კირილე, გახედე სტუმარს!

42 -ემ მომწერა ახლა, – ვსიო, შეეშვი ძებნას, მე ის ვარ, ვისაც ეძებო.
მაინც ვინა ხარ მეთქი, ჩავეკითხე და, სულიკოო, -მეუბნება.
არადა, ფოტოს დავხედე და გამოხოხებული კირილეა, მიმინოშვილი, ორნაქმარევი და უშვილო ქალი რო გაურიგა პლატონ და ბეკინა სამანიშვილებს.
მაგრამ კაი, იყოს სულიკო,
და იუმორი მართლაც ძალიან წაადგება, თუკი, მართლაც ის უნდა იყოს, ვინც ერთ მშვენიერ დღეს, “მასპინძელოს” გაგონებაზე, აი, ამ კიბის საფეხურებიდან იმერელი აზნაურივით წელში გაზნექილი დაეშვება ალაყაფისკენ.
ხო, 42 განცხადებაა ჯერ შემოსული.
მართლაც არ ველოდი ამდენს,
და რა მინდა გკითხოთ,- ხომ ყურადღებით წაიკითხეთ წინა პოსტი?
ხომ მიხვდით, რომ ამ სახლში უნიტაზი არ არის?
აი, ვგრძნობ, უკვე, როგორ ჩამოვიდა 42 -დან 30 -ზე აქ ცხოვრების მსურველთა რიცხვი.
ჰაა, აღიარეთ ახლა.
ნუ, ვინც დარჩით, 2 დღე მაინც დამჭირდება, რომ თქვენი მომართვები დავახარისხო.
და არ იფიქროთ, რომ აქ დასწრებაზეა საქმე, და რომ პირველებს უფრო მეტი შანსი აქვთ ამ კარმიდამოში 10 წლით უსასყიდლოდ შესახლების, ვიდრე დანარჩენებს.
არა, – ვინაიდან ჩემთვის ფინანსური ინტერესი არ დგას, შესაბამისად არც იმას აქვს მნიშვნელობა პირველი ვინ შემეხმიანა, და ვინ ორმოცდამეორე,
რადგან, კარმიდამოს გაცემა კი არ არის მთავარი, არამედ ის, თუ ვის ხელში იქნება სახლკარი მთელი 10 წლის განმავლობაში, და სავსებით შესაძლოა, რომ სამუდამოდაც.
ამიტომაც დაგიკავშირდებით ყველას, ვინც მომწერეთ, და გეტყვით, რას ვერ ნახავთ აქ კიდევ, უნიტაზის გარდა.
აი, ისევ გაიქცა ხალხი, ვხედავ,-
ჰა და ჰა, 20 დარჩით, არა?
ხო, იმას ვამბობდი, ჯერ დისტანციურად გავეცნობით ერთმანეთს შეძლებისდაგვარად.
ჩემი აზრით, პირველსავე წუთებიდან ჩანს ადამიანი ვინ ვინ არის.
და თუ ვინმემ იყალბა, და ვერ შევამჩნიე თავიდანვე მე, თეატრალმა კაცმა, და საღოლ, თქვენ,
მხოლოდ ნიჭის გამო გეკუთვნით აპლოდისმენტებიც, და კარმიდამოც.
აგე, მეც ვიხუმრე, ახლა, – მაგრამ ძალიან გთხოვთ მართლაც გულწრფელები იყოთ.
სხვანაირად უბრალოდ დროს დაკარგავთ, და სრულიად უშედეგოდ,
მოკლედ, 42 მსურველიდან მხოლოდ ათიოდე ოჯახი თუ მოადგება ამ ჭიშკარს, და იმ ათიდან მხოლოდ ერთი თუ გადაიღებს ამ კიბესთან ფოტოს, რომ ასე დაიწყოს ამ კარმიდამოს ახალი ისტორია.
მაგრამ იმედი მაქვს, ყველა დანარჩენიც მთელი გულით მიესალმებით ამას,
სხვა შემთხვევაში, გამოდის, რომ მართლაც სწორი არჩევანი გავაკეთე, რომ ის არ ავირჩიე, ვისაც სხვისი სიხარული არ უხარია.
ამნაირ სიხარულს რა ვუთხარი, უნიტაზი თუ არ არისო, -გაიფიქრეთ კიდევ ხუთმა, ხო?
არ ვიცოდი, რომელი ფერის გესიამოვნებოდათ, და მიტომ არ არის, ჩემო ბატონო.
ვსიო, – ორი დღეც და დაგიკავშირდებით ვინც დარჩით და, ეგაა.
კირილე, გახედე სტუმარს!
.
გუჯა ბიძია (გუჯა შვანგირაძე)
Subscribe
Notify of
guest
0 Comments
Inline Feedbacks
ყველა კომენტარის ნახვა