You are currently viewing მაისის 23

მაისის 23

ახლა და იმდენი და იმდენის დღესასწაული არის მაისის თვეში, კიდევ ერთი დღე და ჩემი, რა გასახსენებელია, მაგრამ მახსოვრობაა ის ჯოჯოხეთი შენი ნებით რო შედიხარ, და მახსოვრობაა ის სამოთხეც, საიდანაც ვერავინ გამოგაგდებს.
მაისის 23 იყო მაშინაც.
დრო იყო სახელად ანდროპოვის, თორე სახრავად ჩემი,
რადგან სტუდენტი ვარ, კარგად ვარ, კარგი ამბავიდან მოვდივარ, და უფრო კარგ ამბავში მივდივარ.
შუაღამეა და შუა ქუჩაში მივირწევი.
არავის ვეხები, არავის ვაწუხებ, არცა ჩანს არავინ შესაწუხებელი.
მანქანა გაჩერდა, ხელი დამიქნიეს, ნაცნობია მეთქი, ვიფიქრე.
მივედი, ვერ ვიცანი.
ჩაჯექი მანქანაშიო,- ჟიგლოვის ხმამ.
ქსივაც ამაფარა.
ჩავჯექი.
ვენებიო, – დავანახე.
ჯიბეებიო ,- ამოვატრიალე.
ეგ რა არისო ,- სტუდბილეთია, მეთქი, ვსწავლობ, დავდივარ მეთქი , ხანდახან…
ესა? – რვეული , ვწერ მეთქი, ლექციებს, ხანდახან..
ეგა? – ავტოკალამი , მაგით ვწერ, რასაც ვწერ, მეთქი, ,ხანდახან..
და ესა?-ანალგინია, როცა ვსვამ, მერე ვსვამ ,მეთქი, თავისტკივილზე, ხანდახან,
ეს რაღააო? – ეს ისაა, ის, ნუ, ის, რა..
რად გინდაო? – რავი, ქალებშიც დავდივარ მეთქი, ხანდახან.
კომპასი სადღააო?
კომპასი? რად მინდა მეთქი, კომპასი?
სახლს რომ მიაგნო, ბიძია, ხანდახანო.
მის მერე რამდენი წელი გავიდა, და აგე, კიდევ ერთი დაბადების დღე დადგა, და რას არ ნახავთ ჩემს ჯიბეებში ახლაც, კომპასის გარდა.
და მერე, რა? არცა რა..

..და სანამ ცოფი, ნაბახუსევის ,
სიფხიზლეს ბოლო ნაფაზით ჩაკლავს,
სმაში გაზრდილი, აკვნის უჩვევი,
სავსე ჭიქასთან ამოიგდებს მკლავს,
და სანამ დილა გამილაწუნებს,
სანამ რიჟრაჟი ჩრდილს გამილახავს,
და სანამ ქუჩა ამითვალწუნებს,
ბარბაცით, გარეთ გასულს, რომ მნახავს,
სანამ წამართვა სიტყვა სიმთვრალემ,
და იმით სუფრა გადამიხადა,
ვიტყვი, რო ბრალი გადავიბრალე
ყველასი, ვინც კი დღეს დაიბადა..
..ეე, განა საქმე გამომელია,
ლექსიც და ქალიც, ვიცი, მელიან,
მაგრამ დღეს დღეა, მართლაც, ისეთი,
არ იქნებოდა, არ დამელია.
.
წერილებიდან ” დრამატული დრამატურგია”
გუჯა ბიძია.
.

Subscribe
Notify of
guest
0 Comments
Inline Feedbacks
ყველა კომენტარის ნახვა