
წლების წინ მოხდა ეს, მაგრამ მოხდა..
მოკლედ, რა ეშმაკი შემიჩნდა იმ გაგანია მარხვაში არ ვიცი, მე, გაბრიელს, მაგრამ შევედი.
აქ ზისო ის მეტრი, შენნაირ სანტიმეტრებს რო აფასებსო, წააკითხეო შენეულები.
კლასიკოსიაო ეგ, მაგის ხელშიაო ოქროსმაძიებელის საცერი და თუ სადმე რამე ბრჭყვიალა დაინახა, სამ ცხრიანზე ნაკლები პრობით თუნდაც, წყალს არ გაატანსო.
სახელიც მითხრეს, ვინაობა იმ მეტრის.
შევყოყმანდი, სახელზე.
მაინც შევედი.
გავყავი თავი, მე, გაბრიელმა.
ვერაფერს ვიტყვი., დიდი ყურადღებით კითხულობდა.
და მერე რა, რომ სწრაფად და სინათლის სიჩქარით.
არ გამკვირვებია.
სამი ათეული წელია კლასიკოსობს და ეს არ მიკვირს და თაბახის ფურცლებსაც კაი მარჩიელივით თუ შლის მაგიდაზე და მერე კითხვასაც თუ ახერხებს უკუღმა დადებული ფურცლისაც კი – რად უნდა გაგიკვირდეს.
არც ის გამკვირვებია, ასე, ხუთი წუთის მერე დიაგნოზი რომ დამისვა – ადრეაო ყმაწვილო , ამეებმა შავით თეთრზე რომ გაიჯირითნონ და თანაც ჩვენი უსერიოზულესი ლიტგაზეთის მეშვეობითაო.
არც ის გამკვირვებია, ჩემს დამოძღვრაში სამჯერ მეტი დრო რო დახარჯა, ვიდრე ჩემს წაკითხვაზე.
– მადლობ, მეთქი, – წავეთავაზიანე და ის იყო კარისკენ გადავდგი ნაბიჯი, რომ..
შემომიჩნდა კვლავ ეშმაკი, მეორედ, მე, გაბრიელს..
– ჩემო ბატონო, ამ ასამდე ჩემს ლექსში, ნუთუ აი, ამის შესადარისი , ან ოდნავ მიახლოებული, არც ერთი არ არის, მეთქი? – და გულის ჯიბედან ფურცელი ამოვიღე.
-ეგ რაღაოო? – ამომხედა, და სიმწვანის მაგივრად სითეთრე რომ დაინახა ორად გაკეცილი, კითხვის ნიშნების გამოხატვას შეეცადა თვალებით.
-ეგა, ლექსია, ამა და ამ პოეტის, მეთქი, – ვუთხარი და ერთი მისი თაობის მგოსანი დავუსახელე.
ხატივით დავატარებ, ამას, გულთან ახლოს და საერთოდ, სულაც ამ ლექსის ავტორის, ამ გონთამპყრობელის ჰაზრებმა შთამაგონა სუუუყველაფერი, რაც აქ წარმოგიდგინეთ მეთქი, ლექსადწყობილად.
გადახედა, გადახედა, კიდევ გადახედა და მერე..
– მერედა, ამას ედრებიო ?
და დაიწყო.
რა პასაჟებიო, რა მიგნებებიო, რა ხედვაო, რა აზრებიო, რა სიმაღლეებიო.
ნწ, არ თამაშობდა, გულწრფელად ამბობდა და ისე, რომ სტანისლავსკსაც დაამუნჯებდა.
– კარგით, გასაგებია მეთქი, ყველაფერი, წავალ, თქვენი ნებართვით, წავიმუშავებ ჩემს თავზე და ასე , ასი წლის მერე მოგაკითხავთ, მეთქი.
– შენ იყავი კარგად და ძაანაც ნუ იჩქარებო – დამადევნა..
აი, ეს ნაღდად არ უნდა ეთქვა , რადგან აქ კიდევ, უკვე მესამედ შემიჩნდა ეშმაკი, მე, გაბრიელს.
მეთქი, ჩემო იმანო, ბატონო, ეგ ლექსიც , ახლა რომ ასე გულწრფელად აქეთ, ჩემია მეთქი, ჩემი., გაბრიელის.
მისი აწითლებული სახის დანახვა კი ღირდა მართლაც.
ზუსტად ვიცი, სხვა დროს სხვა გაბრიელთან ქალაქისთავ ნოშრევანივით აღარ მოიქცევა, არც მევახშე გეოსავით, არც იმ გასაკრეჭი მღვდელივით.
არა, რა..
ჰალალია ამ ხალხზე ერთი ლონდრე.
.
წერილებიდან ” დრამატული დრამატურგია “
.
გუჯა შვანგირაძე ( გუჯა ბიძია)
.