You are currently viewing მიკვირს

მიკვირს

მართლაც, რა გვიკვირს,

1225 წლის აგვისტოს ჯალალედინი რო შემოესია საქართველოს შალვა და ივანე ახალციხელებმა 4000 მესხით დაიწყეს ომი,

ორჯერ თხოვეს დახმარება გარნისის მთაზე დაბანაკებულ ივანე ათაბაგს, ორჯერ,

ამ ამბავს აღწერს ქართველი , სომეხი, თურქი, არაბი, და ირანელი ჟამთააღმწერიც,

ჯალალედინის ისტორიკოსიც, – მარცხენა ფრთის შემდეგ მარჯვენა მიუშვაო ჯალალედინმა, გაუძლესო ქართველებმა.

რამდენ ომში ვყოფილვარ, ასეთი არაფერი მინახავსო.

4000 მესხი დაეცა იმ დღეს,

ივანე ათაბაგი კი 60 000 კაცით დაჰყურებდა ამ ომს ზემოდან.

სიტყვით დავწერ, – სამოციათასიანი ჯარით დაჰყურებდა მესხების ომს ათაბაგი და არ დაეხმარა.

კარგი, სულძაღლიანი ივანეს ამბავი ვიცით,

” შურითა ყო ახალციხელთა, ჟამსა წყობისა და ჟამსა ომისასა უკუნ-დგა და არღარა ვიდოდა მბრძოლთა კერძ,”

ხო, შურისგან არა ინებაო შველა,

მაგრამ იმ 60 000 ქართველს რა გულმა გაუძლო, სასაკლაოს რომ ხედავდა და არ ჩავიდა საომრად?

ერთიც კი არ ჩავიდა?

გაგიჟდები კაცი.

და ასეთი რამის შემდეგ გვიკვირს, ერეკლეს გასვენებაში იმაზე მეტი მხედარი რომ იყო, ვიდრე ერეკლეს ომში?

ან ის, გვიკვირს, აფხაზეთში და სამაჩაბლოში რაც მოხდა,?

ანდა, ის გვიკვირს, ერთი კაცი რო აკეთებს საქმეს და ასი რო ამთქნარებს?

მე კიდე ის მიკვირს, ეს ყველაფერი რო იცოდა, და მაინც რომ ომობდა ის ერთი გარნისის ომში, ერეკლეს ომში, აფხაზეთის ომში, სამაჩაბლოს ომში,

და ის ერთი, რომ აკეთებს საქმეს დღესაც, ეს მიკვირს, ხო..

სასწაულმა მოგვიყვანაო აქამდე?,

სასწაული თუ გინდათ, ეს არის.

.

წერილებიდან ” დრამატული დრამატურგია”

.
გუჯა შვანგირაძე ( გუჯა ბიძია)

.

Subscribe
Notify of
guest
0 Comments
Inline Feedbacks
ყველა კომენტარის ნახვა