You are currently viewing მოგიკითხათ, სტანისლავსკიმ

მოგიკითხათ, სტანისლავსკიმ

სპექტაკლ “ჭინჭრაქას” 60 წელი შეუსრულდაო.
ამ ფაქტის აღნიშვნის უფლება ქართულ თეატრს მაშინ ექნებოდა, თეატრი დღეს, მართლაც ქართული რომ იყოს.
უფრო გასაგებად ვიტყვი,
დღევანდელ თეატრალებს ეს ფაქტი მართლაც აღსანიშნავი ექნებოდათ, ახმეტელის, მარჯანიშვილის, და თუმანიშვილის სკოლას რომ მისდევდეს დღეს ქართული თეატრი,
თუნდაც ამ სპექტაკლში დასმული აქცენტების ჩრდილი მაინც რომ შეინიშნებოდეს დღეს, რომელიმე თეატრის წარმოდგენაში,
თეატრალები და თეატრალური კრიტიკოსები ამ სპექტაკლზე სწორებისკენ რომ მოუწოდებდნენ დღევანდელ რეჟისორებს და დრამატურგებს,
დღევანდელი თეატრალური უნივერსიტეტი ასეთ თემებზე რომ ესაუბრებოდეს სტუდენტებს.
და ამ 60 წლის განმავლობაში, თუნდაც ერთი ასეთი სულისკვეთების სპექტაკლი რომ დაედგა რომელიმე თეატრს, მაშინ ვიტყოდი, რომ მართლაც 60 სისხლსავსე წელი შეუსრულდა მეთქი დიდი თუმანიშვილის სპექტაკლს, “ჭინჭრაქას”.
ახლა, რა?
ახლა შემიძლია სრული პასუხისმგებლობით ვთქვა, რომ “ქართულმა” თეატრმა დაბადებისთანავე ჩაკლა ახალი ეროვნული მიმართულება ქართულ თეატრში,
აკვანშივე ჩაკლა,
და საერთოდ, უნდა დამთავრდეს ნახევარსიმართლეები ქართულ თეატრზეც, და კონკრეტულად ახმეტელზეც, მარჯანიშვილზეც და თუმანიშვილზეც.
ერთი მხრივ, ვითომდა პატივისცემას რომ გამოხატავენ მათ მიმართ, მაგრამ საქმით კი არა, მხოლოდ სიტყვით.
მათ მივმართავ, ხო, დღევანდელებს,
რომ ვერ გამოძვრნენ საბჭოური მენტალობიდან, რუსული თეატრის გავლენისგან, თეატრალური მაო ძედუნების ეპოქიდან,
მათ მივმართავ,
გასტროლებით რომ დადიხართ ქალაქიდან ქალაქში ლექციებით ქართული თეატრის ისტორიაზე,
სიმართლეს რად არ ამბობთ ამ თეატრის დღევანდელობაზე?
სიტყვითაც კი არ გამოდის პატივისცემა, რადგან არასოდეს საუბრობთ ხაზგასმით, თუ როგორი პროტესტანტები იყვნენ ახმეტელი, მარჯანიშვილი, და თუმანიშვილი.
მაგრამ ასეთი კუთხით რომ წარმოაჩინოთ ეს სამი ნიშანსვეტი ქართული თეატრისა, მაშინ მათი მეამბოხე სკოლის უპირატესობა უნდა აღიაროთ, და გინდათ ეგ კონფორმისტებს და ყველა დროის ხელისუფლების ხელის ბიჭებს?,
და რატომ არ ახსენებთ თუნდაც თუმანიშვილის პუბლიცისტიკას?,
რომ არავინ მიბაძოს,? ემანდ, ვინმეს მართლაც არ მოუნდეს თუმანიშვილის ნაკვალევს გაჰყვეს? ვინმემ სისტემა არ ამხილოს?
და თქვენთვის უფრო უარესი, თუმანიშვილის კვალდაკვალ დიდ რეფორმატორ ახმეტელამდეც არ მივიდეს ახალგაზრდა თაობა თეატრალებისა?
ხომ ჩამოგენგრათ მერე თავზე ეს თქვენი, სისტემის სუფრიდან გადმოგდებულ ძვლებით ნაკვები თანამედროვე თეატრალური სამყარო?
ამიტომაც საუბრობთ ნახევარსიმართლეებით.
დიახ, ყალბი პატივისცემაა იუბილეზე საუბარი, როცა არ ამბობთ როგორ მოთხარეს “ჭინჭრაქას” პრემიერიდან მეორე დღესვე თუმანიშვილი კრიტიკოსებმა, როგორ აგინებდნენ პლენუმზეც.
აგინეს იმ თეატრალებმა, ვის ხელშიც გაიზარდეთ, და ვისი მემკვიდრეებიც ხართ დღევანდელები.
და რა თქმა უნდა, არც იმის შესახებ იტყვით რაიმეს, რუსთაველის თეატრიდან როგორ განდევნეს თუმანიშვილი და ვისი ინტრიგებით.
ნახევრადსიმართლე და ყალბად პატივისცემაა ისიც, როცა ერთი მხრივ საუბრობთ, რომ რუსთაველის მცირე სცენის ამუშავებაც თუმანიშვილის დამსახურებაა,
დიახ, მისი დამსახურებაა,
მაგრამ არ ამბობთ, თუ რა აკადრეთ თუმანიშვილის ამ დამსახურებას, – რა აკადრეთ ამ სცენას,
სწორედ თუმანიშვილის ხსოვნის და საერთოდ ქართული თეატრის უპატივცემულობაა, რომ გაუჩუმდით, თუ როგორ გაუმართეს რუსთაველის მცირე სცენის დარბაზში ხინკალფართი ბანკირებს,
და დარბაზში, რომელსაც ბუმბერაზი და ლეგენდა მსახიობების ხმები ახსოვს, როგორ ისმოდა დანაჩანგლის ხმა, და ფულის ტომრების ხორხოცი.
გაუჩუმდით, და შორიდან ადევნებდით თვალს იმასაც, თუ როგორ მივადექით პროტესტით, მხოლოდ 8 ადამიანი, რუსთაველის თეატრის დირექციას.
დუმდით მაშინაც, როცა რუსთაველის თეატრის დირექტორმა თქვა, საშუალება რომ მქონდეს თეატრში კაზინოს გავხსნიო.
რუსთაველის თეატრში, დიახ,
დიახ, მისი სიტყვების ვიდეოჩანაწერიც არსებობს.
აღარაფერს ვიტყვი, როგორ გაუწვა ქართული თეატრი კოვიდტერორს, და როგორ არ უშვებდა მაყურებელს თეატრში, მაშინ, როცა კოვიდმამები კრამიტებით სვამდნენ ღვინოს ხალხმრავალ სუფრებზე, ხოლო პარტიული ყრილობები ხალხით გადაჭედილ დარბაზებში ტარდებოდა, თითქოსდა კოვიდი ასეთ შემთხვევებში ჯაჭვით იყო დაბმული, მაგრამ ეკლესიებში და თეატრებში ბასკერვილების ძაღლივით დაშლიგინებდა.
ეკლესიას ვერაფერი მოუხერხეს კოვიდტერორისტებმა, მაგრამ ქართული თეატრი ხომ გამოკეტეს.
და როცა გახსნეს, ფაშისტური რეჟიმით გახსნეს,
დიახ, ფაშიზმი იყო, აუცრელ მაყურებელს თეატრში შემოსვლა რომ აუკრძალეთ.
და თეატრი ამასაც გაუჩუმდა.
და დუმს, უკვე 30 წელია, და თქვენ გინდათ, ვინმემ დაგიჯეროთ, რომ დღეს ქართული თეატრი ქართულია,?
და რომ ახმეტელს, მარჯანიშვილს, და თუმანიშვილს პატივს სცემთ?
როგორ ცრუობთ!
და როგორ უნიჭოდ თამაშობთ, ბატონებო.
თქვენი სულიერი მამის ხმა მაინც არ ჩაგესმით?
ხო, მოგიკითხათ, სტანისლავსკიმ.
.
გაზეთი ” საადგილმამულო ” #7
.
Subscribe
Notify of
guest
0 Comments
Inline Feedbacks
ყველა კომენტარის ნახვა