You are currently viewing მოითხოვე მეტი!

მოითხოვე მეტი!

რა იცოდა ცხონებულმა, თუ როგორ მოუტრიალდებოდა 21-ე საუკუნეში საქართველოს ის საქმე, რომელიც მან 100 წლის წინ წამოიწყო, თორე თავისივე პოემის “გამზრდელის” პერსონაჟივით დაიხლიდა შუბლში ტყვიას.
დიახ, ჭიათურის მაღაროების ისტორია აკაკი წერეთლის ხელისშეწყობით დაიწყო.
ხო, დაბადების დღე კი აქვს დღეს, მაგრამ სიმართლე რო სინათლეა, ეს ყველაზე მეტად აკაკიმ იცოდა.
ეს მისი მოწვევით გაახლა 1872 წელს გეოლოგმა სპირიდონ სიმონოვიჩმა, ჯერ კიდევ 1846 წელს გერმანელი გეოლოგის ჰერმან აბიხის მიერ აღმოჩენილი და შემდეგ 30 წლით დაკონსერვებული ჭიათურის საბადოს შესწავლა.
განაახლეს და თავის და ქვეყნის ჭირად.
ეს მან, აკაკიმ გამოსცა რუსულ, გერმანულ, ფრანგულ, და ინგლისურ ენებზე ბროშურა ჭიათურის საბადოს შესახებ იმ საუკუნის უცხოელი ფულის ტომრების მოსაზიდად,
და წავიდა, და წავიდა,
1879 წელს ჭიათურაში ჩამოვიდნენ კრუპის ქარხნის, ვესტფალიაში რკინის მაღაროების Gute Hoffnung-ისა და პეტერბურგის სავაჭრო სახლის „ვახტერისა და კომპანიის” წარმომადგენლები, და იმავე წელს ამოიღეს 54 ათასი ფუთი მანგანუმი,
იმავე წელს გაჩნდა საბადოებთან მუშათა დასახლებაც.
“იქ, სადაც დღეს არც გზაა და არც კვალი, რკინიგზა მოვა და ეს უდაბნო, ჭიათურა, გაშენდებაო, – წერდა აკაკი..
ეს ის მომენტი იყო სწორედ, რომ გგონია კარგს აკეთებ, და ცუდი გამოდის, და კიდევ ის, რომანტიკოსობა რო ღუპავს ჯერ ადამიანს და მერე ქვეყანას, და არც შენი რო არ იცი, და არც სხვისას გაიგონებ, თორე ილია ჭავჭავაძე წინააღმდეგი იყო ცარისტული რეჟიმის პირობებში ქართული საბადოს ასე დაუფიქრებლად დამუშავების.
სწორედ ილია მოითხოვდა ყველა საქმეში თვითმართველობას, და მათ შორის წარმოებაშიც, რაც იგივე სააქციო საზოგადოებებს გულისხმობდა.
დიახ, ჯერ კიდევ მაშინ, საუკუნის წინ წერდა ილია ამის შესახებ.
მაგრამ ყაჩაღური კაპიტალიზმის ჯინი ბოთლიდან უკვე ამოშვებული იყო, და უცხოელი წურბელები მყარად მოაჯდნენ ქართულ სიმდიდრეს და ქართველ მუშახელსაც.
საინტერესოა, რა იფიქრა აკაკიმ, როცა ეს ფოტო გაუგზავნეს ჭიათურელმა მაღაროელებმა,
იმ ქართველმა მუშებმა, ყაზარმებში რო ცხოვრობდნენ ერთად 15-20 კაცი, ხის საწოლებზე რო ეძინათ, და თავზე აწვიმდათ და ათოვდათ, დღეში 16-18 საათს რო მუშაობდნენ და 50-80 კაპიკად, და ბუზებივით რომ იხოცებოდნენ უბედური შემთხვევებისგან, მძიმე შრომისგან და ავადმყოფობისგანაც, -ეს ხალხი ჩავარდა ამ დღეში, და გარემო?
იმ წლებიდან დაიწყო ახლო-მახლო ბუნების გაჩანაგება და აოხრება.
ხო, საინტერესოა რა იფიქრა წერეთელმა, ამ ფოტოს დანახვისას,
მის მერე გავიდა ერთი საუკუნე და ბევრი არაფერი შეცვლილა აქ, თუ არ ჩავთვლით იმას, უცხოელ წურბელებს ქართველებიც რომ დაემატნენ.
და ნუთუ ისტორია მართლაც არაფერს გვასწავლის?
ნუთუ ჩვენი თუ არა, სხვა ქვეყნების ისტორია მაინც არაფერს გვასწავლის?
ან როგორ ექცევიან იმ ქვეყნებში საკუთარ სიმდიდრეს, ან იქაური მუშა როგორ ცხოვრობს, ან თავს როგორ იცავენ იქაური მუშები წურბელებისგან, ნუთუ აქ დღეს, ქართველ მუშებს არ აინტერესებთ, არ იციან?
შიმშილობით?
პირის და თვალების ამოკერვით, და ვენების გადაჭრით?
ხო, რა დაგვიბარა ასეთი წერეთელმა, ან რატომ გავიგეთ აკაკის სიტყვები ” დედაშვილობამ, ბევრს არ გთხოვ, შენს მიწას მიმაბარეო” ისე პირდაპირი მნიშვნელობით, რომ მიწაში მივძვრებით სასიკვდილოდ, მაგრამ სხვების გასამდიდრებლად?
ასე გავაგრძელოთ ისტორია?
თქვენს გასაგონად ვამბობ, მაღაროელი, – თავი დაანებეთ ყველა სხვა მოთხოვნას, თავი დაანებეთ ხელფასებს, პირობებს, თავი დაანებეთ შიმშილობასაც, ამით თავს ვერავის შეაცოდებთ, თავი დაანებეთ მთავრობის იმედით ყოფნას, თავი დაანებეთ მესიების ლოდინს, თავი დაანებეთ პარტიებს, პოლიტიკოსებს, ფსევდოავტორიტეტებს, ფსევდოსწავლულებს, და საკუთარი თავით იფიქრეთ!
მხოლოდ ერთადერთი – ბუნებრივი რესურსების ნაციონალიზაცია მოგცემთ მუშებს საშუალებას დაიცვათ საკუთარი თავი და საკუთარი ქვეყანა!
მოითხოვეთ ნაციონალიზაცია!
და მოითხოვეთ ხმამაღლა, ყველგან და ყველას გასაგონად!
მოითხოვეთ თვითმართველობა – საწარმოს სააქციო საზოგადოებად გადაკეთება და აქციების თქვენთვის გადმოცემა!
მოითხოვეთ მეტი, რომ მიიღოთ ის, რაც გინდათ!
.
გუჯა შვანგირაძე (გუჯა ბიძია)
Subscribe
Notify of
guest
0 Comments
Inline Feedbacks
ყველა კომენტარის ნახვა