ეს ფოტო უნდა ამოვიღო, და სახლში კედელზე უნდა გავაკრა, სულ რომ გამახსენდეს, თუ რა უუუსაშველოდ პატარები ვართ , ჩვენც, ადამიანებიც, ჩვენი პირადულით, მაგრამ თან რა საშიშნიც, რადგან საერთო სისულელეებით ერთადერთი თავშესაფრის გაქრობაც შეგვიძლია.
და სისულელეები რო შეგვიძლია, კაცობრიობის ისტორიაა ამის დასტური.
ხო, მარსის ორბიტიდანაა გადაღებული, და დედამიწა აქ იმ ჭიანჭველის ზომაა, 100 მეტრი მანძილით რომ იყოს შენგან დაშორებული.
აქ ვცხოვრობთ, აქ იყო და არის ყველა, ვინც გვიყვარდა და გვიყვარს, ვისზეც რაიმე წაგვიკითხავს, ვისზეც რაიმე გვსმენია და ჩაგვრჩა მახსოვრობაში, ბოროტები, თუ კეთილები, გენიოსები, თუ იდიოტები, ძალიან კარგები, თუ კარგმოხნულები, აი, აქ ცხოვრობდა, და ცხოვრობს,
აქ, კოსმოსური მტვრის ერთ ნამცეცზე..
მაგრამ ნამცეციცაა და ამ ნამცეცის თვალიპატიოსანიც, არა?
არის ზედ ამ წერტილზე ერთი ბეწო ადგილიც, ხო..
პიესაში მაქვს, უცხოპლანეტელი რომ მოისმენს “ჩაკრულოს”, და მოსმენილით შეძრული, ჩამოდის დედამიწაზე და ეძებს იმ ხალხს, ვინც ეს მრავალხმიანი სასწაული შექმნა.
და გითხრათ, როგორ ხვდება, თუ ვინ არის ქართველი?
მღერის, ხო, ჩაკრულოს.
და ვისაც დაბურძგლავს, ის არის მისთვის ქართველი.
ვისაც არ დაბურძგლავს, და იმის დედაც..
ხო, რავი, კიდევ მერამდენედ მოტრიალდება სამყარო, და ძალიან მინდა, მილიონობით წლების მერეც, ამ პატარა წერტილზე განთავსებულ უფრო მცირე და ნამცეცა მიწის მაცხოვრებელმა, ვიღაც, ჩემი და შენი, ვინც ახლა ამას კითხულობ, გვარის, ჯიშის და სისხლის კაცმა, დახედოს ამ ფოტოს ზუსტად ასეთ მომენტში, დაბურძგლოს იმასაც იმის შეგრძნებით, რო რაღაც აუხსნელი სასწაულით იმ დრომდე მიაღწია, და თქვას იგივე, რასაც ახლა ვიტყვი მე.-
მშვიდობიან ახალ წელს გისურვებ, დედამიწა!
.
წერილებიდან, ” დრამატული დრამატურგია”
გუჯა ბიძია.
.