You are currently viewing “ომი და მშვიდობა”

“ომი და მშვიდობა”

რა თქმა უნდა, გამორჩეულად აღნიშვნის ღირსია, რაც მოხდა რიონის ხეობაში 10 ივნისს.
მადლობა გოლეთიანს ლეჩხუმური ღვინის ფესტივალზე მიპატიჟებისთვის, მადლობა, და ბოდიში.
ვერ მოვახერხე ჩასვლა, მაგრამ ეგ არაფერი, რადგან ვიცით, ხო, რა არის მთავარი?
მთავარია, ჭირის დროს მიხვიდე ომში მყოფ კაცთან, და მიხვიდე დაუძახებლად, თორე ლხინში ვერმისვლა – გვეპატიება.
ეს კარავი ნამოხვანის ომიდან მახსოვს, მახსოვს გუმათშიც, და ეს კარავი 10 ივნისს, ლეჩხუმური ღვინის ფესტივალზე ჩასულმა ხალხმა კიდევ ერთხელ ნახა.
ვინც თვალს ადევნებდა, თუ როგორ ომობდა მთელი სამი წლის განმავლობაში რიონის ხეობის ხალხი საკუთარი მიწის დასაცავად – იცის,
და ვინც არა მხოლოდ თვალს ადევნებდა, არამედ მონაწილეობდა კიდეც ამ ომში, იმან, ხო იცის და იცის, თუ რისი სიმბოლოა ეს კარავი და აკვანი.
ომის და მშვიდობის, ხო.
და ვინც ეს იცის, მისთვის გასაგებია, თუ რა დატვირთვა აქვს ისეთ ეროვნულ პროექტებსაც, როგორიც ლეჩხუმური ღვინის ფესტივალია.
რა თქმა უნდა ეს, და ასეთი სხვა პროექტი, მხოლოდ იმის შეხსენებას არ ემსახურება, რომ რიონის ხეობა, ისევ დასაცავია სისტემური ძალადობებისგან.
ეს ძალიან კარგად იცის გოლეთიანმა და რიონის ხეობელებმა, და საერთოდ რა დროს რა გააკეთონ ეს არ ესწავლებათ არავისგან, არც ჩემგან არ ესწავლებათ.
და რომ რიონის ხეობას, რიონის ხეობელებსაც, სხვა რეგიონებსაც და საერთოდ მთელ საზოგადოებას დაცვა რომ სჭირდება, ამ წლის მარტის ამბებმა დაგვანახა, და თუნდაც იმან, რაც ხდება დღეს ჭიათურაში.
მე ამ თემებზე ვსაუბრობ იმათ საყურადღებოდ, ვინც გულწრფელად გულშემატკივრობს ყოველივე ჭეშმარიტად ქართულ საქმეს, და ეძებენ საშუალებას, თუ რა გზით და როგორ მოხდეს გაერთიანება საქმის საკეთებლადაც და სისტემური ძალადობისგან თავის დასაცავადაც.
დიახ, მიმაჩნდა და მიმაჩნია ახლაც, რომ ეროვნული პროექტები ახალი სახის მოძრაობად უნდა გადაიქცეს, მეტი შინაარსი უნდა შეიძინოს, უნდა გაიშალოს და ქვეყნის ყველა რეგიონს უნდა მოედოს.
რადგან მხოლოდ ფესტივალებზე შეხსენებით, და აქციებზე შეძახილით და იდეის წამოწევით ვერ შეარყევ შორიდან მაცქერალს, გულგრილ ობივატელს, და ვერ დააყენებ მოძალადე სახელმწიფო მანქანის წინ.
საკუთარი მაგალითითაც ვერ შეარყევ, კარავში დაწვე კი არა, თავი ცოცხლად რომ დაიწვა, ვერ შეარყევ.
აი, ისეთს, გაჭირვების , ან სულაც დროებითი კომფორტის გამო რო ყიდის მამებისგან დატოვებულ სახლკარს და მიწას უცხოელზე, თუ ქართველ ფულის ტომრებზე,
აი, ისეთს, პარტიებმა და პოლიტნაგვებმა 30 -წლიანი ძარცვით ნიჰილიზმში რომ ჩაძირეს, და არავისი და აღარაფრის რომ აღარ სწამთ და სჯერათ და სოცქსელებში ჭორაობით რომ სურთ ყოველდღიურობის დავიწყება.
ასეთისთვის დღევანდელი კვერცხი გახდა მთავარი, და ვერც გაუწბილებ, გმირობასაც ვერ მოთხოვ,
მაგრამ რადგან ასეთი კატეგორია უმრავლესობაა საზოგადოებაში, შესაბამისად მათ გარეშე ვერც ერთი საქვეყნო მნიშვნელობის პრობლემა დადებითად ვერ გადაწყდება. შესაბამისად ამ უმრავლესობის შერყევა აუცილებელია, რათა სოფელი, ქალაქი, და ქვეყანაც საბოლოოდ არ დავკარგოთ,
ამიტომაცაა საჭირო, რომ პირველ რიგში საკუთარ ყოველდღიურობაში ჩაძირულ ადამიანს დაანახო, რომ ომი თუ იცი მიწის დასაცავად, საკუთარი თავის დასაცავად, საკუთარი ნაშრომის დასაცავად – მშვიდობაც იცი.
უნდა დაანახო, რათა შენთან ერთად ჯერ მშვიდობის კეთება მოუნდეს, და შემდეგ კი შენთან ერთად ამ მშვიდობის დაცვაც, თუ ესეც საჭირო გახდება.
და საერთოდ მიტომ ომობ, რომ მშვიდობა გინდა, ხო?
და ომი მუდამ რომ მოგვიწევს სისტემასთან, და ნებისმიერი ხელისუფლების დროს, ესეც ხომ ვიცით?
და თუ ვიცით, ჩვენ ყველამ, საზოგადოებამ საქმის ერთად კეთებაც უნდა ვისწავლოთ.
და სწორედ ეროვნული პროექტებით.
ახალს არაფერს ვამბობ, 150 წლის წინაც, ილიას დროსაც იგივეს აკეთებდა ქართველობა, პროექტებს არ ეძახდნენ ასე საქმის ერთად კეთებას, თორემ, ზუსტად იგივეს აკეთებდნენ.
და როცა შენს დროს, ენერგიას, შრომას, ცოდნას, და ფინანსებს დებ საერთო საქმეში, თუნდაც მცირედს, თუნდაც ერთ ლარს, სწორედ მაშინ გულშემატკივრობ საქმეს.
რაღაცით როცა იხარჯები, სულიერად, ფიზიკურად და მატერიალურად- მაშინ ხდება ის საქმე შენი,
ხოლო თუ ამ საქმეს შენთან ერთად კიდევ ათობით და ასობით ადამიანი აკეთებს, მთელი სოფელი აკეთებს, მთელი კუთხე და რეგიონი აკეთებს, საქმე უკვე ეროვნული ხდება.
და არა აქვს მნიშვნელობა ლეჩხუმში ღვინის მეურნეობა იქნება ეს, თუ კახეთში ფერმა, თუ იმერეთში ხილის გადამამუშავებელი საწარმო, თუ სამეგრელოში მეფუტკრეობა, თუ მარტყოფის ველზე ახალი დასახლება მსგავსი პროექტების განსახორციელებლად, თუ კიდევ სხვა კუთხეში და სხვა რამ, – თუკი ამ საქმეს სხვასთან ერთად აკეთებ, და მერე შენი ნაშრომის დაცვისთვისაც ხარ მზად, და იმ მიწის დაცვისთვისაც, რომელზეც შრომობ, ცხოვრობ, და შვილებს ზრდი, – ეს უკვე იდეური ერთობაა, და საქმეც ეროვნულ მნიშვნელობას იძენს.
როცა ეროვნულ პროექტებზე ვსაუბრობ, ცხადია, მცირე და ერთი კაცის საოჯახო მეურნეობაზე არა მაქვს აქ საუბარი, – კოოპერაციაზე მაქვს საუბარი, კოოპერატივებში და ამხანაგობებში გაერთიანებაზე მაქვს საუბარი, სააქციო საზოგადოებებზე მაქვს საუბარი.
ასეთი ეროვნული პროექტები უნდა დაიწყოს ქვემოდან, დამოუკიდებლად, თვითორგანიზებით, ყოველგვარი ცენტრის და თბილისის მითითებების გარეშე, უნდა დაიწყოს პატარადან დიდისკენ, გამსხვილებისკენ უნდა წავიდეს, კოოპერაციული მოძრაობა უნდა გაიშალოს.
და მერე საჭირო დროს, და საჭირო მომენტში სხვადასხვა რეგიონში მოქმედი საქმის მკეთებლების გაერთიანებაც არ იქნება პრობლემა, რადგან სხვისი ჭირი აღარ იქნება ღობეს ჩხირი.
სწორედ ასე საქმის ერთად კეთებით ჩნდება დიდი ადამიანური რესურსი, ფინანსური რესურსიც, სახელმწიფოსგანაც დამოუკიდებელიც ხდები, და სისტემური ძალადობებისგანაც თავის დაცვაც შეგეძლება.
ასეთი ეროვნული მნიშვნელობის პროექტებით ყალიბდება პასუხისმგებლობის მქონე საზოგადოებაც.
რეგიონებში მეტი მარტივია ამის კეთება, – სადაც მიწაა, იქ მეტი ურთიერთობაა.
მიწა და ურთიერთობა იძლევა საქმის ერთად კეთების საშუალებას, იძლევა კოოპერციული საქმიანობის საშუალებას.
დიახ, სწორედ რეგიონებიდან უნდა დაიწყოს ასეთი საქმეები, სისტემური ცვლილებებისთვის აუცილებელი ადამიანური და ფინანსური რესურსი რომ გაჩნდეს.
სწორედ რეგიონებიდან უნდა დაიწყოს და არა პოლიტკრაზანებით სავსე დედაქალაქიდან, სადაც პოლიტნაგვებს პოლიტიკა ხელისუფლებაში მოსვლა ჰგონიათ.
პოლიტიკა სულ სხვა რამ უნდა გახდეს, პოლიტიკა ჩვენთვის სისტემური ძალადობისგან თავის დაცვა უნდა იყოს.
სისტემა კი არ უნდა გვძარცვავდეს, მშვიდობიან საქმიანობაში უნდა გვეხმარებოდეს!
კიდევ ერთხელ ვიტყვი ხაზგასმით.- ვინც ჯერ კიდევ შორიდან უყურებს საერთო საქმეს, მას უნდა მოუნდეს სხვასთან ერთად მშვიდობის კეთება.
მოძალადე სისტემასთან ომამდე , ჯერ მშვიდობის ერთად კეთება უნდა ისწავლოს!
ჯერ მშვიდობის კეთება, და მერე აღარ დაგჭირდება მისთვის ახსნაგანმარტებები თუ რატომ უნდა დაიცვას საკუთარი, თუ საერთო მიწა.
სხვასთან ერთად ოფლის ჩაქცევა უნდა მოუნდეს საქმეში, და კაპიკის ჩადებაც, და საქმიდან სარგებელიც უნდა ნახოს.
სარგებელი უნდა ნახოს, – ეს აუცილებელია!
მიწაზე განხორციელებულ ნებისმიერ ეროვნულ პროექტს კომერციული შემადგენელიც უნდა ჰქონდეს, – მიწამ, იდეის გარდა, მარჩენალის ფუნქციაც უნდა შეიძინოს, და სწორედ ამ ყველაფრის შემდეგ ხდება ადამიანი საკუთარი და საერთო საქმის, საკუთარი და საერთო მიწის მცველი მეომარი.
ისეთი, ომიც რომ იცის და მშვიდობაც.
ისეთი, ვინც ხმლის მოქნევაც იცის და აკვნის დარწევაც.
ისეთი, ვისაც ესმის, რომ მარტოკაცი ჭამაშიც ცოდვაა, არამც თუ ომში.
სწორედ ასეთი დაიბრუნებს და უპატრონებს სოფელსაც, ქალაქსაც და ქვეყანასაც.
დაიბრუნებს და უპატრონებს!
და დაე, იყოს, ასე!
.
გაზეთი „ საადგილმამულო“ #7
.
გუჯა შვანგირაძე (გუჯა ბიძია)
Subscribe
Notify of
guest
0 Comments
Inline Feedbacks
ყველა კომენტარის ნახვა