You are currently viewing რადგან აქ ჩემი ქუთაისია

რადგან აქ ჩემი ქუთაისია

ის მომენტია, ბაგრატის აღმართზე შესკუპებულ, აი, ამ სახლის აივანზე გაშლილ სუფრას დაუპატიჟებლად რომ მოადგა აგვისტოს მზე.
ის მომენტია, ხო, ქვემოდან რიონისპირის ნიავი და ზემოდან ბაგრატის ტაძრის ჩრდილიც რო ვეღარ ამშვიდებს ატორტმანებულ პაპანაქებას.
საყინულედან გამოტანილ და უკვე დაცლაზე დასულ ბოთლსაც რო კაი ხანია შეაშრა ცვარი და მოთმინებით რომ უცდის როდის გამოუწურავენ მზისგან გალახულ ბოლო ჭიქაჩამოსხმა შიგთავსს და გაასვენებენ ვალმოხდილს მაგიდიდან.
ის მომენტია, შენ რომ თამადა ხარ , და სიტყვასაც რომ ვერ ამოკლებ, რადგან აგვისტოზე მეტი ცხელი ნაკვერჩხალი გაქვს გულში, წლების წინ რო ჩაგიდო იმ ყველაფერმა, რასაც ამ აივნიდან ხედავ, და ჯანდაბას, ყოველი სადღეგრძელოს მერე გვალვით ამომშრალი ჭასავით და მუდარით რომ გიყურებს ჭიქა.
ის მომენტია, რო მოუძღვებიან სხვა ბოთლს, ნაკადულივით რო ჩამოდის ცვარი და დგამენ შენს წინ – ცივს, ცივს , ციივს, ასაფეთქებელი სიგრილით გადატენილს და უცქერ შენც და მის ყელზე თითების ფათური და გაღეღილ მკერდზეც გადაგორებაც გინდება, მაგრამ გახსენდება, რომ მხოლოდ მერიქიფეს პატივია ხელყოფა მისი, და თან, ვთქვი უკვე, მის გვერდით , სხვა, სიცხისგან ლამის ჩამომდნარი მაგრამ ჯერ კიდევ დაუცლელი შუშაც დგას, და ხვდები , აქ არჩევანიც აღარაა – განწირული ხარ, რადგან წესით და რიგით თამადას უვსებენ პირველად სასმისს.
და იცი, ოო, კარგად იცი, სწორედ ამ დაუცლელი ჭურჭლიდან რომ ჩაგიცლიან ჭიქაში ღადარს.
მაგრამ , იწევა ჰაერში ბოთლი და..
მერიქიფე, დარდიმანდულად, ნეკაპრეხილი მტევნით, შენს ჭიქაში კი არა , საკუთარში ცლის ადუღებულ სითხეს, გარეთ გამოსვლის რო რცხვენია უკვე.
ცივი, გაყინული ბოთლი კი შენს ნატუჩარ მინას ორი წლის წინანდელი შემოდგომის წვენით კოცნის.
ირღვევა წესი, ხო,
რადგან თამადა კი ხარ, მაგრამ სტუმარი ხარ, პირველ რიგში, შენ.
რადგან, აქ ჩემი ქუთაისია.
.
წერილებიდან ” დრამატული დრამატურგია”
გუჯა ბიძია.
.
Subscribe
Notify of
guest
0 Comments
Inline Feedbacks
ყველა კომენტარის ნახვა