You are currently viewing ხუთჯვრიანი დროშის რეალური ისტორია

ხუთჯვრიანი დროშის რეალური ისტორია

რატომ, როგორ, და რითი გვეომებიან?
ვერც კი წარმოიდგენდა კათოლიკე ბერი, ანჯელინო დულჩერი, თუ მის მიერ, 1339 წელს შედგენილ რუკაზე, მსოფლიოში მიმობნეული კათოლიკური მისიების ერთ-ერთი ადგილსამყოფელის მონიშვნას, ასე თუ გამოიყენებდნენ საქართველოში 7 საუკუნის შემდეგ.
უნდა ითქვას პირდაპირ –
დღეს, საზოგადოების უმრავლესობა ვერ ამჩნევს, ანდა არ იმჩნევს, თუ როგორ ეომება სისტემა დღევანდელი სახელმწიფო დროშით მამულსაც, ენასაც და მართლმადიდებლურ სარწმუნოებასაც.
პარადოქსია მართლაც, ხელისუფლებისთვის ბრძოლაში დაპირისპირებულ მხარეებსაც, რომ ერთი და იგივე დროშა აქვთ ტანზე შემოხვეული, და არ იციან, რომ ნებით, თუ უნებლიეთ ხელს უწყობენ გლობალიზმის დასაყრდენ ავტოკრატიულ სისტემას ერის , ისტორიის და იდენტობის წინააღმდეგ ომში.
დიახ,
კათოლიკური, „ხუთჯვრიანი დროშის“ შემოღებით, მნიშვნელოვანი სახელმწიფო სიმბოლოების ხალხის დაუკითხავად, რეფერენდუმის გარეშე, მიღების მავნე პრაქტიკის დამკვიდრებაზეც რომ არაფერი ვთქვათ, ისტორიის გაყალბებას ჰქონდა ადგილი, და გაყალბებაზე უფრო სახიფათო თემებთანაც მივყავართ.
ამის შესახებ გვაფრთხილებდა თავის დროზე აკაკი ბაქრაძე, 1997 წელს, გაზეთ “საქართველოში” გამოქვეყნებულ სტატიაში, – ფრთხილად ვიყოთო, დროშის ქურდობა არ დაგვაბრალონო, და კიდევ სხვა მინიშნებებიცაა სტატიაში.
ქურდობა ქურდობად, და ამ დროშის შემოღებაში, სხვა უფრო დიდი მავნებლობა რომ იყო ჩადებული, და ჭეშმარიტი მართლმადიდებლობასთან ფარული ომიც, ამის შესახებ საუბრობდა, გურამ შარაძეც,
და ვინმესთვის, თუ ეს ორი პიროვნება ავტორიტეტი არ არის, ქართული დროშების, და ჰერალდიკის ცნობილ მკვლევარებს, პროფესორებს – აპოლონ სილაგაძეს და სვიმონ გამსახურდიასაც მოვუსმინოთ.
” მე-14 საუკუნეში კათოლიკე ბერის მიერ შექმნილ ატლასზე ჩახატული ხუთჯვრიანი დროშა შეუძლებელია 2 საუკუნით ადრე მოღვაწე დავით აღმაშენებელს დავუკავშიროთ.
ამის დამადასტურებელი არც ერთი ისტორიული ცნობა არ მოგვეპოვება.
წყაროების მიხედვით, არც მანამდე და არც მე-11-12 საუკუნეების ქართულ დროშებზე ხუთი ჯვრის გამოსახულება არსად ფიგურირებს”.
მართლაც, ხუთჯვრიანი დროშის “გამპრავებლებს” მხოლოდ ერთი არგუმენტი აქვთ,
ის, რომ მე-14 საუკუნის კათოლიკური მისიების რამდენიმე წარმომადგენლის მიერ, კერძოდ პეტრო ვისკონტის და ანჯელინო დულჩერის შედგენილ რუკებზე, შავი ზღვის სანაპიროსთან ამიერკავკასიის რეგიონის ორ წერტილი ხუთჯვრიანი დროშის მსგავსი ნიშნით არის მონიშნული.
მაგრამ ჩუმდებიან იმ ფაქტზე, რომ ამავე რუკების კიდევ რამდენიმე წერტილი, – მაგრამ უკვე ამიერკავკასიის რეგიონიდან საკმაოდ დაშორებულ ადგილებში, – ასევე არის ხუთჯვრიანი დროშით მონიშნული, როგორც შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე, ისე შავი ზღვის სამხრეთით, და შავი ზღვის დასავლეთ სანაპიროდან ძალიან დაშორებულ, დღევანდელი ევროპის ტერიტორიაზეც კი.
ფოტოზე სწორედ კათოლიკე მისიონერის, ანჯელინო დულჩერის რუკას ხედავთ, რომელიც 1339 წლით არის დათარიღებული.
მწვანე ისრებით მითითებულია ის გამოსახულებები, რომელიც ხუთჯვრიან დროშებს ჰგავს,
ასეთი, მინიმუმ 4 ერთეულის გარჩევა მაინც შეიძლება ფოტოს გადიდებით, და ერთმანეთისგან საკმაოდ დაშორებულ ადგილებში.
ერთი ნიშანი შავი ზღვიდან მარჯვნივ მაღლა, წარწერა „ სებასტოპოლისთან“ არის დაფიქსირებული, ამ ადგილიდან საკმაოდ დაბლა, იგივე სახის ნიშანია წარწერასთან „არმენია“,
უფრო დაბლა, შავი ზღვის სამხრეთითაც, თანამედროვე თურქეთის ტერიტორიაზე, იგივე ნიშანია, ხუთჯვრიანი დროშის,
და შავი ზღვის მარცხნივაც, დღევანდელი ევროპის ტერიტორიაზეც, აშკარად იგივე ხუთჯვრიანი დროშის ნიშანი დევს.
და რა?
გამოდის, მე-14 საუკუნეში, საქართველო ისეთი იმპერია ვიყავით, რომ შავი ზღვა და ხმელთაშუა ზღვაც უკვე საკუთარ ტბად გვქონდა გადაქცეული?
და ამ ზღვების ახლომახლო მიწები მისაკუთრებული?
და შუაგულ ევროპაშიც ერთი დიდი ტერიტორია დაპყრობილი, და ეს გამორჩათ ჩვენს ჟამთააღმწერებს?
რა თქმა უნდა, არა,-
ვინც მსოფლიო ისტორია კარგად იცის, იცის „ჯვაროსნული ომების“ შესახებაც,
მშიერმა ევროპამ რომ დაიწყო ქრისტეს საფლავის გამოხსნის საბაბით, და სინამდვილეში ეს ომები აღმოსავლეთის მდიდარი ქვეყნების ძარცვას და ახალი ტერიტორიების დაპყრობას ემსახურებოდა.
რა თქმა უნდა , ამას ახალისებდა მაშინდელი კათოლიკური ეკლესია, გასაგები მიზეზების გამო.
სწორედ მაშინ ჩამოყალიბდა და გაძლიერდა სხვადასხვა კათოლიკური ორდენი, მათ შორის ტამპლიერების, – „ტაძრის რაინდების” ორდენი,
დიახ, ხუთჯვრიანი სიმბოლო, როგორც ჰერალდიკური ნიშანი, პირველად 1099 წელს დაფიქსირდა, ჯვაროსან ბუიონელის გერბზე და შემდეგ ტამპლიერთა დროშაზეც,
ორდენის გაძლიერებასთან ერთად, მე-13-14 საუკუნეებში, ტამპლიერებმა თავიანთი მისიები დაარსეს კიდეც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში, და დულჩერის და ვისკონტის რუკებზე გამოსახული ეს ხუთჯვრიანი დროშებიც სხვა არაფერია, თუ არა კათოლიკური მისიების მდებარეობის მონიშვნა.
სულ ეგ არის.
თორემ საქართველოს სახელმწიფო დროშებით მონიშვნა რომ ნდომოდათ, კათოლიკე ბერებს არ გაუჭირდებოდათ არც მე-14 საუკუნის ქართული დროშების გამოსახულებების მოძებნა, და არც უფრო ადრინდელი, მე-12 საუკუნისა.
თამარის შავი და შინდისფერით გაწყობილი დროშის არსებობა მთელმა მაშინდელმა აღმოსავლეთმა იცოდა, და იცოდა ევროპამაც, რადგან თამარის მემკვიდრის ლაშა-გიორგის საქართველომაც მიიღო ერთგვარი მონაწილეობა ჯვაროსნულ ომებში,
დიახ, მაშინდელმა ევროპამ იცოდა როგორი იყო თამარის დროშა საქართველოს ზეობის დროს.
მაშინდელმა ევროპამ კი იცოდა, მაგრამ დარწმუნებული ვარ თანამედროვე საქართველოში დღესაც ბევრმა არ იცის, როგორია თამარის დროშა, და რატომ არის ის შავ-შინდისფერი, და რატომ არ არის თამარის დროინდელ საქართველოს დროშაზე ჯვარი გამოსახული.
დიახ, თამარის დროშაზე ჯვარი არ არის,- როცა, იმ საუკუნეში აგებული ყველა მართლმადიდებელი ეკლესია თამარის სახელს ატარებს.
ნონსენსია მართლაც, თამარისეული უჯვრო დროშით, მთელ საქრისტიანოს რომ იცავდნენ და ქრისტიანობას რო ავრცელებდნენ ქვეყნის მაშინდელი მესვეურები მე-12 საუკუნეში, და დღეს, 21-ე საუკუნეში კი ხუთჯვრიანი დროშით მართლმადიდებლობას რომ ეომებიან ფარულად.
მაგრამ ობივატელმა ისტორია თუ არა, „ვეფხისტყაოსანი“ მაინც ხო უნდა წაიკითხოს, რომ გაიგოს, რა აზროვნების სიმაღლეზე იყვნენ მაშინდელი ქართველი სახელმწიფო მოღვაწენი მაშინდელ მრავალეროვან საქართველოში.
კიდევ ერთხელ ვიტყვი, თამარის საქართველო იყო მრავალეროვანიც და მრავალრელიგიური აღმსარებლობით,
და სწორედ ისეთი დროშა იყო საჭირო, რომლზეც შავ-შინდისფერი ფერებით ქრისტიანობის კოდიც იქნებოდა ჩადებული, მაგრამ ამავე დროს სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენელსაც გააერთიანებდა.
ამას ხვდებოდნენ თამარის დროს,
იგივე აზროვნება დააფიქსირა ილიამაც, როცა თავის სამეულის, -„მამული, ენა, სარწმუნოება“ – ბოლო ნაწილი, საჭირო დროს ისტორიით ჩაანაცვლა.
ამ შეგნების იყვნენ ასი წლის წინათაც ექვთიმე თაყაიშვილი, ივანე ჯავახიშვილი, და იაკობ ნიკოლაძე, როცა ეროვნულ დროშის შექმნაზე მუშაობდნენ.
და სხვა ბევრ რამეებთან ერთად, ეს მიდგომა უნდა გვქონდეს საბოლოოდ ჩვენც, თუ მართლაც გვინდა დამოუკიდებელი და ერთიანი საქართველო, და შენი ქვეყანა ქრისტიანებთან ერთად სხვა რელიგიის წარმომადგენლებმაც დაიცვან.
ელემენტარულია ეს.
არ ვამბობ, რომ რელიგიური სიმბოლო არ უნდა იყოს ეროვნულ დროშაზე,
პირიქით, ვთვლი, რომ უნდა იყოს განსაკუთრებით დღეს, რადგან –
ჯერ ერთი, თამარის ეპოქის ზნეობამდე კარგა ბევრი გვაკლია, და მერე მეორე, – რის უფლებაც შეიძლება მისცეს ძლიერმა სახელმწიფომ თავს, იმას, დღევანდელი გახლეჩილი, და ურთიერთდაპირისპირებული საქართველო ვერ დაუშვებს.
სარწმუნოება ერის გამაერთიანებელია, იდენტობის დამაფიქსირებელია, და რა თქმა უნდა, დღეს, როცა ყველა მხრიდან ცდილობენ ადამიანების დაყოფას, და სულიერების დამცირებას, დროშაზე , ფერების საშუალებით გამოხატული ქრისტიანული კოდის გარდა, ვიზუალურადაც უნდა იყოს მართლმადიდებლური რელიგიური სიმბოლოები,
და იყო კიდეც პირველი რესპუბლიკის დროშაზე წმინდა გიორგის გამოსახულება, 7 მნათობით,
რომელიც შემდეგ, ისევ და ისევ, სოცდემოკრატებმა სამფეროვანი დროშიდან გააქრეს, და შემდეგ კი გერბიდანაც.
გააქრეს წმინდა გიორგის შუბით განგმირული გველეშაპიც.
და ალბათ თვითონაც გაიქრობდა თავს, ილიას მკვლელი ნოე ჟორდანია, მაგრამ სამფეროვანი დროშის სახელმწიფო დროშად დამტკიცებას არაფრით არ დათანხმდებოდა, რომ სცოდნოდა, სწორედ ილიასეული ტრიადის კოდი რომ დაიტანეს დროშაზე დროშის შემქნელებმა.
დიახ, ეროვნული დროშის ფერები – შავი , თეთრი და შინდისფერი, გარდა იმისა, რომ თამარისეული დროშის კოდს იმეორებს, – აგრეთვე ილიასეული სამეულის, “მამული, ენა, სარწმუნების” სიმბოლური გადატანაცაა დროშაზე.
და ამის შესახებაც ვისაუბრებთ ცალკე წერილში.
რაც არ იცოდა ჟორდანიამ, იცოდნენ მეოცე საუკუნის ქართველმა „ჯვაროსნებმა“, საერთოდ მტვრიან თაროზე რომ შეაგდეს ეროვნული დროშა.
და ვიტყვით, რატომ, მაგრამ ჯერ დავუბრუნდეთ კათოლიკე ბერების რუკებს.
ხო, რა გამოდის, მე-14 საუკუნის ქართველები ადგნენ და თამარის დროშა შეცვალეს ხუთჯვრიანი დროშით?
და სად? მონგოლებისგან დაპყრობილ და უკვე სათავადოებად დაშლილ საქართველოში?
და აბა, ლოგიკა სად არის?
ერთიანი დროშა არც ქონდა იმ საუკუნის საქართველოს.
მაგრამ ზუსტად ვიცით, რა დროშები ქონდა ყოველ კუთხეს.
არც ერთ რეგიონში არ ფიქსირდება ხუთჯვრიანი დროშა.
დიახ, რაც ხდებოდა მე-14 საუკუნის საქართველოში, ეს სკოლის მოსწავლემაც უნდა იცოდეს წესით , მაგრამ კათოლიკური ხუთჯვრიანი დროშის „გამპრავებლებს“, სწორედ ამაზე აქვთ გათვლა, რომ მსოფლიო ისტორია კი არა, საკუთარი ქვეყნის ისტორია არ იცის ბევრმა.
ისტორია წაიკითხონ კი არა, ისიც კი დაეზარათ, ენახათ ანჯელინო დულჩერის ეს მთლიანი რუკა და არა მხოლოდ მისი მარჯვენა ნაწილის ფრაგმენტი.
კარგი, რიგით მოქალაქეს იქნებ დაეზარა, მაგრამ იმ კომისიას, ვინც დაამტკიცა ტამპლიერების ხუთჯვრიანი დროშა სახელმწიფო დროშად, თვალები სად ჰქონდა?
გასაგებია, ხო, სადაც?
გავყვეთ ლოგიკას, და მივხვდებით იმასაც, რომ, “ხუთჯვრიანი დროშის” არსებობისთვის, ის არგუმენტიც, არაა არგუმენტი, დროშაზე დატანილი ჯვრები ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლებზეც რომ გვხდება,
რაც სულ მარტივად აიხსნება ბერძნული კულტურის გავლენით,
და ეს გავლენის ფაქტები არა მხოლოდ საქართველოში გვხვდება, არამედ ევროპაში, და ამიტომაც კიდეც ეძახის მთელი მსოფლიო ასეთი სახის ჯვრებს,- „ბერძნულ ჯვრებს“, რომელსაც შემდეგ იერუსალიმის ჯვარის სახელწოდებით მოიხსენიებდნენ ჯვაროსნები.
ძველ ქართულ ხუროთმოძღვრებაშიც რატომ შექონდათ ასეთი ჯვარი ეს გასაგებია,
მაგრამ კათოლიკე ჯვაროსნებმა ეს სიმბოლო სულ სხვა მიზნით გადაიღეს.
ძალადობა, კაცისკვლა და ძარცვა უნდა გაეპრავებინათ,- ეს მიზანი ქონდათ სინამდვილეში მაშინდელ ევროპას, და კათოლიკურ ეკლესიას.
მაცხოვრის საფლავი მიზეზი იყო მხოლოდ.
და ჯერ პუტჩით მოსულმა ხელისუფლებამაც, და შემდეგ ნაცებმაც ამ სიმბოლოს ზუსტად იგივე დატვირთვა მისცეს თავის დროშაზე, როგორიც კათოლიკე ტამპლიერებს ჰქონდათ, და ეს რო ასე იყო, გამოჩნდა მალევე.
და გასაგებია, თუ რატომ დაიტოვეს ქოცებმაც ნაცების პარტიული დროშა.
და ქოცმა მემკვიდრეობითობა იმითაც დაამტკიცა, ხელისუფლებაში ყოფნა საყდრისის 50 – საუკუნოვანი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის აფეთქებით რომ დაიწყო.
გასაგებია, ხომ , თუ რატომ არ არის ნინოს ჯვარი -, რომელსაც სუფთა ქართული წარმომავლობა აქვს,- დღევანდელ სახელმწიფო დროშაზე?
გასაგებია, რატომაც არის “ხუთჯვრიანი დროშის” ჰერალდიკური კოდიდან ამოღებული მამულიც, ენაც, და სარწმუნოებაც, და რატომ არის დარჩენილი მხოლოდ ბმა, კათოლიკურ, ფრანკომასონურ სამყაროსთან ?
და გასაგებია, ხომ, რატომაც ეომებიან ეროვნულ, სამფეროვან დროშას?
დიახ,
პირველი რესპუბლიკის დროშა, რომელიც ჯერ კიდევ საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებამდე ერთი წლით ადრე შეიქმნა,
მუდმივი შეხსენებაა ბრძოლებისა, თავისუფლებისთვის და დამოუკიდებლობისთვის რომ ეწეოდა საქართველო მისი საუკუნოვანი მტრების წინააღმდეგ,
როგორც რუსეთის, ისე ყველა იმის წინააღმდეგ, ვისაც კი საქართველოს ერთი გოჯი მიწაც კი აქვს მიტაცებული.
დიახ, ეროვნული, სამფეროვანი დროშა სიმბოლოა, და მუდმივი შეხსენებაა თავისუფლების და სწორედ ამ შეხსენების გაქრობა სჭირდებოდათ სამხედრო პუტჩის გზით მოსულ არაკანონიერ და არალეგიტიმურ ხელისუფლებებს,
დიახ, ჯვაროსნული სიმბოლოების მეოცე საუკუნის დროშაზე გადმოტანა – ეს იყო ანტიქართული ძალების მიზანმიმართული დარტყმა ქართულ იდენტობაზეც, და 70 -იანი წლების ეროვნულ მოძრაობაზეც, და მართლმადიდებლობაზეც,
დიახ, – მართლმადიდებლობაზე, რომელიც მამულთან, ენასთან, და ისტორიასთან ერთად, უკანასკნელი ბასტიონია ერის იდენტობის დაცვისთვის ომში, და ამ ბასტიონზე შეტევა სწორედ ეროვნული დროშის კათოლიკური დროშის შეცვლით დაიწყეს.
და გააგრძელეს ზუსტად ჯვაროსანი ტამპლიერების მეთოდებით- ქვეყნის ძარცვით, ტერორით, მკვლელობებით, მოსახლეობის ქვეყნიდან განდევნით, განათლების, ჯანდაცვის, და თავდაცვის სისტემების მოშლით,
და ეს ჯვაროსნული ლაშქრობა საკუთარი ხალხის წინააღმდეგ უკვე 30 წელი გრძელდება.
გამოსავალი რა თქმა უნდა არის, და გამოსავალი საქართველოს იმ სამართლებრივ სივრცეში დაბრუნებაა, საიდანაც 30 წლის წინ, ძალადობრივად,- და სწორედ რუსეთის და დასავლეთის გარიგებით, – გამოიყვანეს ქვეყანა.
ქვეყნის სამართლებრივ გარემოში დაბრუნებით, არა მხოლოდ ოფიციალურად დავიბრუნებთ დამოუკიდებლობის სიმბოლოებს, – დროშასაც, ჰიმნსაც და გერბსაც-
არამედ მოგვეცემა საშუალება გავაუქმოთ ყველა ის ანტისახელმწიფოებრივი კანონი, თუ ნორმატიული აქტი, არალეგიტიმურმა ხელისუფლებებმა რომ მიიღეს,-
განულდება მილიარდობით საგარეო სესხიც, დაბრუნდება უცხოელებზე გაყიდული მიწებიც, წიაღისეულიც, და სტრატეგიული ობიექტები,
დაბრუნდება სამართალი, წართმეული რეფერენდუმიც, და დაიწყება სისტემური ცვლილებებიც.
და ამ ყველაფერს ბიძგი ისევ რიგითმა მოქალაქეებმა უნდა მისცენ,-
თავისუფლების სიმბოლო,- პირველი რესპუბლიკის სამფეროვანი დროშა,- ჯერ ქუჩებში უნდა გამოჩნდეს, აივნებზე უნდა გამოჩნდეს, დაწესებულებებში, ოფისებში, სასწავლებლებში, ღონისძიებებზე, აქციებზე,
უნდა გამოჩნდეს თეატრის სცენებზე, და კინოეკრანებზე, წიგნების და ჟურნალების გარეკანებზე, სოციალურ ქსელებში, და ინტენრეტსაიტებზე.
უნდა გამოჩნდეს!
ეროვნული დროშა უნდა დაბრუნდეს ყველგან, რომ საბოლოოდ დაბრუნდეს,
სამფეროვანი დროშა უნდა იყოს ყველგან.
საზოგადოებას რომ გაახსენდეს, თუ რატომ, და როგორ უნდა იომოს თავისუფლებისთვის!
.
გუჯა ბიძია (გუჯა შვანგირაძე)
Subscribe
Notify of
guest
0 Comments
Inline Feedbacks
ყველა კომენტარის ნახვა