
ახლა რომ ვთქვა, პოლიტგანათლების გამავრცელებელი საზოგადოებაც გვქონდა ჩამოყალიბებული მეთქი, გაიფიქრებთ ბევრი, რა ყველაფერს ედებოდიო, ხო?.
დიახ, იმ უამრავ პროექტში, რაზეც ვმუშაობდით 2020 წლიდან, ერთ-ერთი ესეც იყო.
არ დავიწყებ ახლა იმაზე საუბარს, რატო ჭირდება ობივატელს პოლიტგანათლება,
აზრზეც რომ არაა, რა არის სისტემა, და არც ის იცის, მონღოლეთში რომ ცხოვრობს, 1995 წლიდან,
სწორედ იმ წლიდან, რეფერენდუმით კანონი მიღების უფლება რომ წაართვეს.
სჯობს ის ვთქვა, რითიც დამთავრდა ის პროექტი, 2022 წელს რომ დავიწყეთ.
სამთვიანი კარდაკარ სიარულის და საუბრების შემდეგ, რამდენიმე ათასი კაციდან უკუკავშირზე ერთიც არ გამოსულა, ერთსაც არ დაურეკავს, ერთსაც კი არ უკითხავს, რა შეიძლება გააკეთოს პირადად მან.
ისე აქვს გამჯდარი მესიის მოლოდინი, რომ ვიღაც მოვა, და მოუწყობს მასაც ცხოვრებას.
აი, ეს სტერეოტიპი ჩაუდო, და ჩაუბეტონა პარტიულმა სისტემამ ობივატელს ამ 30 წლის განმავლობაში, რომ მას მხოლოდ ერთი რამ ევალება, – 4 წელიწადში ერთხელ მივიდეს საარჩევნო ყუთთან და ვიღაც შემოხაზოს.
და წარმოდგენა არა აქვს, რომ თვითონ მას, ყოველგვარი პარტიების გარეშე შეუძლია მართოს სახელმწიფო.
ობივატელის პოლიტბაგაჟის შესახებ ცხადია, მანამდეც ვიცოდით, მიტომაც ვეცადეთ მისი შერყევა და რაც ვეცადეთ, ღირდა, თუნდაც აი, ამ დასკვნისთვის.-
ამ ქვეყანაში, სადაც ყველას ყავს ვიღაც და სადღაც, ყველა ხელისუფლების დროს, ჯიგრულ პონტში, და თუ არა ყავს, ყველა რომ ცდილობს ყველა რეჟიმის დროს გამონახოს ვიღაც მისიანი, – გამორიცხულია, სისტემის შეცვლა კი არა, ცვლილებების დაწყებაც კი.
გამორიცხულია, და არ დაუჯეროთ არავის დღეს, ვინც რაიმეს შეცვლას დაგპირდებათ,
მით უმეტეს, თუ არც კი იღებს ხმას რეფერენდუმზე, და გაწვევის მექანიზმზე.
არ დაუჯეროთ არავის, და არც მე არ დამიჯეროთ, უცებ რომ გავგიჟდე და ვთქვა, რო პოლიტიკაში მივდივარ და მენდეთ, მეთქი.
კონსტანტინე გამსახურდიასი არ იყოს, იმათ, ვისაც გამარჯვება არ უნდათ, მაკედონელიც ვერ გაამარჯვებინებს.
დიახ, გამორიცხულია, ასეთ საზოგადოებაში რაიმე ცვლილებების დაწყება ქვემოდან, სანამ სსრკში დაბადებული და გაზრდილი თაობა არ გაქრება საერთოდ პოლიტსივრციდან, და სანამ მათ ადგილს 21-ე საუკუნეში დაბადებული თაობა არ დაიკავებს.
ჯენზი თაობას ვგულისხმობ, ხო,
სწორედ იმ თაობას, საჭირო დროს, და საჭირო მომენტში რომ იცის ქუჩაში გამოსვლა, საქმეს რომ აკეთებს და მერე ქრება.
მხოლოდ მათი პოლიტსივრცეში შემოსვლით თუ შეიძლება რაღაც ცვლილებები დაიწყოს.
და ესეც იმ შემთხვევაში, თუ მათ ექნებათ სწორი ინფორმაცია იმის შესახებ, რაც ხდებოდა უახლესი ბოლო 30 წლის განმავლობაში.
აი, ამ საჭირო და აუცილებელ საქმით, – ინფორმაციის შენახვით და გადაცემით, თუ დაკავდება დღეს კაცი.
მოვლენების დაკვირვებით, ანალიზით, საკუთარი თუ სხვისი გამოცდილებიდან დასკვნებით, და პრობლემებიდან გამოსავალი გზების მითითებით,
რომ მერე ეს ყველაფერი გაზეთებში, და ალმანახებში რო გადავიდეს, და ბოლოს, ცენტრალურ, ეროვნულ ბიბლიოთეკაშიც დაბინავდეს, რომ საჭირო დროს, მიაგნოს იმან, ვინც მართლაც ეძებს ცვლილებისკენ გზას.
სხვა დანარჩენი პოლიტაქტივობა დღეს, თუნდაც რუსთაველზე დგომა, ანდა იმ პროექტების კეთებაც კი, რასაც ადრე ჩვენ ვაკეთებდით, უკვე იმას ჰგავს დოლურაში მორბენალ ციყვს რომ დოლურის კარი გაუღო.
გიცდიათ,? – სცადეთ, ხო.
ციყვი გაღებულ კარს ვერც კი შეამჩნევს.
.
გუჯა ბიძია (გუჯა შვანგირაძე)