
ძალიან დიდი შეცდომაა შეხედულება, რომ დიდი ეროვნული გაერთიანება ” ზემოდან” უნდა დაიწყოს.
ანუ, უნდა დაიწყოს, ასე ვთქვათ, იმ ადამიანებიდან ვინც ასე თუ ისე აქტიურობს, ვინც ზედაპირზე სჩანს, და საზოგადოების ამა თუ იმ ნაწილის ყურადღებას იმსახურებს ამა თუ იმ გზით.
ვერასდროს ვერ მოხერხდება ასეთი გაერთიანება, რადგან ეს აქტიური ადამიანები სხვადასხვა მოტივაციის გამო აქტიურობენ, მათი უმრავლესობა არ არის გულწრფელი ქმედებებში, არც თანმიმდევრული, და იმ ერთეულებს შორისაც კი, ვინც გულწრფელია, არ არის ურთიერთნდობა, რადგან არა აქვთ საქმის ერთად კეთების გამოცდილება.
ასეთების გაერთიანება ერთჯერადად იქნებ შეიძლება, მაგრამ არასდროს იქნება ასეთი გაერთიანება მყარი, და სისტემა მას ყოველთვის დაშლის, და არა მხოლოდ იმიტომ რომ სისტემას ამისთვის უამრავი საშუალება გააჩნია, არამედ იმიტომ, რომ ამ ადამიანების უკან არ დგას რეალური ძალა, და საზოგადოების მიერ მათდამი მხარდაჭერა ეფემერულია და მოჩვენებითი, რაც არაერთხელ გვიჩვენა რეალობამ, როცა ეს აქტიური ადამიანები ქუჩაში ხალხის გამოყვანას ვერ ახერხებდნენ.
ამიტომ პირიქით, ჩემო ბატონო, პირიქით.
დიდი გაერთიანება, ზემოდან კი არა “ქვემოდან” უნდა დაიწყოს.
ადამიანური რესურსი უნდა გაჩნდეს საზოგადოების ამა თუ იმ ნაწილის ჩართვით სხვადასხვა საზოგადო საქმეებში, სხვადასხვა ეროვნულ პროექტებში.
იქნება საერთო ინტერესი?, იქნება გაერთიანების შესაძლებლობაც.
ასე უნდა გაჩნდეს ადამიანური რესურსი, და შესაბამისად ფინანსურიც.
და ამ ადამიანურ რესურში უნდა ჩაჯდეს ახალი პოლიტიკური აზროვნება, რომელიც ხელისუფლებაში მოსვლას კი არ გულისხმობს, არამედ ხელისუფლების კონტროლის მექანიზმების დაკანონებას, და თვითმართველობის წინ წამოწევას.
მხოლოდ ასეთი პოლიტიკური აზროვნების მატარებელ ძალის მიმართ ექნება საზოგადოების დანარჩენ ნაწილს ნდობა.
და ეს ნდობა კიდევ უფრო გაზრდის ადამიანურ რესურს.
უნდა გაჩნდეს სახელმწიფო სახელმწიფოში, სხვა სიტყვებით რომ ვთქვა, უნდა გაჩნდეს სამოქალაქო საზოგადოება, რომელსაც ეცოდინება, როგორ დაიცვას საკუთარი უფლებები, რომელსაც ამ უფლებების დაცვა შეეძლება, და რომელსაც ხელისუფლება მხოლოდ დაქირავებულ მენეჯერად სჭირდება, და არა ბატონად.
გასაგებია, რომ ეს ხანგრძლივი პროცესია, და დრო არ გვაქვს, მაგრამ მშობიარობას ვერავინ დააჩქარებს.
იგივეს აკეთებდა ილია, და იგივე უნდა გაკეთდეს ახლაც, მაგრამ უნდა გაკეთდეს ისიც, რაც ვერ მოასწრო ილიამ.
სხვადასხვა ეროვნული პროექტების განხორციელებით შექმნილ ადამიანურ და ფინანსურ რესურსს საჭირო დროს, და საჭირო მომენტში უნდა მიეცეს მიმართულება სისტემური ცვლილებების დასაწყებად.
აი, სულ ეს არის და მოკლედ, რაც დიდი გაერთიანების შესახებ უნდა ვიცოდეთ, და რაც უნდა გაკეთდეს, რომ ეს გაერთიანება შედგეს.
..
სტატიიდან ” რა ვქნათ, რა ვაკეთოთ”
გაზეთი “საადგილმამულო” #5
გუჯა შვანგირაძე (გუჯა ბიძია)