
რა რითმა გააძრო?
“პუტინო უტვინო”
და კედელთან ომისგან შეშინებული დედა და შვილი.
ნუ, პიკასო რომ არ არის ცხადია, მაგრამ ეცადა კაცი ხელოვნება რაიმესკენ რომ მიემართა.
აწუხებს რაღაც ხო, და გამოხატა ასე.
და მნახველიც ხედავს მის ემოციებს, და ზიარი ხდება მისი.
პიკასოზე გამახსენდა, ნახატი აქვს ერთი.
გაძვალტყავებული პატარა ბიჭის უკანალზე აბლაბუდები აქვს გამოსახული.
უკანალზე აბლაბუდები, ხო,
ხელოვანის გენიალობა სხვა კი არაფერია,
ესთეტიკა და სულიერება თავისთავად, და ამასთან პრობლემაზე საუბარი, და საუბარი გენიალურად.
და ეს ასე უნდა იყოს.
როცა, რაღაც ისე არ არის, როგორც უნდა იყოს, ხელოვანის სიჩუმე დანაშაულია.
ჩუმად მყოფი ხელოვანი, ხელოვანი კი არა ხელოსანია,
ნიჭიერზე ვსაუბრობ.
ნიჭის დუმილია დანაშაული , რადგან მას შეუძლია პრობლემა ყველას პრობლემად გადააქციოს, იმით, რომ ის ამის შესახებ ნიჭიერად ისაუბრებს, დაწერს, დახატავს, სპექტაკლს დადგამს, კინოს გადაიღებს და ყველაფერი ეს მოქნეული მათრახივით იქნება, მკითხველი, მსმენელი, მაყურებელი რომ გაირყეს და პრობლემა რომ არ დარჩეს პრობლემად.
და დღეს რას აკეთებენ ჩვენი მწერლები?
საკუთარ თავში ჩაძიებაა მწერლობა?
განა არ იცის ობივატელმა ვინც და რაც არის?
და იმის მაგივრად რომ გმირებზე ესაუბრო და გმირობა მოანდომო, პატარაკაცებზე ესაუბრები?
რატომ? შეარცხვენ?
აბა, ხო, ელოდე.
და პოეტები რას აკეთებენ?
წვიმაზე, ღვინოზე და მთვარეზე წერენ და უბედურ სიყვარულზე?
ქვეყანაზე რომ წერო, ვერა?
და რატო?
იმიტომ რომ ღვინოზე, ქალზე, წვიმაზე, მზეზე და საკუთარ თავზე მეტად არ გიყვარს, და იმიტომ.
მხატვრები რას აკეთებენ?
გადით აბა, მშრალ ხიდთან,
ნატურმორტები, მტკვარი და ძველი თბილისი, – დაშტამპული მხატვრობა.
რატო და კარგად იყიდება.
თეატრი რას აკეთებს?
შექსპირის და ბრეხტის ენით მოსაუბრე თეატრისთვის
ჭამა და სექსი გახდა დღეს პრობლემა?
თუმცა არ მიკვირს, თეატრი რომელიც კოვიდფაშიზმს გაუწვა, ყველას და ყველაფერს რომ უწვება.
კინო? – კინო საერთოდ თუ გვაქვს არა მგონია.
აბა, როგორა ხარ ხელოვანი, თუ პრობლემაზე არ საუბრობ, არ ამხელ, არ მოუწოდებ,
საითმე არ მიგყავს მკითხველი, მსმენელი, მაყურებელი?
და როგორ არ ვთქვა ის, რაც მრავალჯერ მითქვამს?
დიახ,
“ნიჭი და უმაქნისი, ჩემიც გავხან და სხვისიც”.
.
წერილებიდან ” დრამატული დრამატურგია”
.
გუჯა შვანგირაძე ( გუჯა ბიძია)
