You are currently viewing ” სამგლეს და საძაღლეს”

” სამგლეს და საძაღლეს”

ის, ვინც მწერალთა სახლის დირექტორების თემა შემოაგდო, ნაღდად მოტყუვდა გათვლაში, თუკი იმ სისტემური უთაურობის და დანაშაულის გადაფარვა სურდა, შოვის უბედურებამ რაც გამოაჩინა.
მოტყუვდა, რადგან სოცქსელში ჩაკრუხებული ობივატელთა უმრავლესობა ისე შორსაა წიგნიდან, როგორც ის მეტეორი, ადრე თუ გვიან რომ უნდა დაგვეცეს თავზე.
ხო, ასე კოსმიურ მანძილზეა მოსახლეობის უმრავლესობა მწერლობისგან, შესაბამისად ჰკიდია, და ამიტომ დირექტორების თემა ვერ იქნებოდა რეზონანსული.
ობივატელს მხოლოდ შიში თუ შეარყევს და აალაპარაკებს, შიში სიცოცხლის, ჯანმრთელობის, ან პირადი საკუთრების დაკარგვის შიში, ან..
ან, უნდა შეშურდეს ვინმესი, რომ აქაქანდეს.
ხო, ვისაც ევალება დანაშაულის გადაფარვა, რომ ეთქვა, მაგალითად, ვიღაც პოეტი იმანო იმანოს ძე ოფიციალურად იქნა აღიარებული პოეზიის მეფედო, აი, მაშინ გენახათ თქვენ, შური, ანუ, ” მწუხარებაი, სხვისა კეთილსა ზედა”, და რადგან არ არსებობს ქართველი ერთხელ მაინც რომ არ დაეწერა ლექსივით რაღაც, და შესაბამისად არ მიაჩნდეს, რომ პოეზიაში ერკვევა, და მით უმეტეს ცოტაა ალბათ ისეთი, ვინც მწერლად ან პოეტად თვლის თავს, და შესაბამისად სამთაწმინდეთ რომ არ მიაჩნდეს თავი,
და ამათ რომ უთხრა, შენ სხვა გჯობიაო, ილაპარაკებდნენ კი არა, მთელი წელი ვერ გააჩერებდი, სტიქია მერე უნდა გენახათ თქვენ.
კარგად ვიცნობ ამ სასტავს, ვიცი, რასაც ვამბობ.
ხო, ჩემო ბატონო,
ობივატელს კი არა, აგერ მეც მკიდია, თუ ვინ იქნება მწერალთა სახლის დირექტორი,
რადგან ეს თანამდებობა არანაირად არ ეხება შემოქმედებით პროცესს, ვერ განსაზღვრავს მწერლობის პოზიციას საერო მნიშვნელობის თემებთან დაკავშირებით, და აბა, რომელი დირექტორი ფართს ვის მისცემს რაიმე ღონისძიების მოსაწყობად, ან რამდენს გამოართმევენ მექორწილე წყვილს მწერალთა სახლში მოწყობილ ფოტოსესიაში, მართლაც მკიდია,
განსხვავებით სხვა კითხვისა, რომელიც არ დასმულა და უნდა დაისვას,
არსებობს კი დღეს, საერთოდ, ქართული მწერლობა?
ხო, 21- ე საუკუნეში საერთოდ ცოცხალია ქართული მწერლობა და კონკრეტულად მწერალთა კავშირი?
თუ არის აბა, სად არის?
როცა არც ერთ მნიშვნელოვან საერო თემაზე არ ამოუღია ხმა.
2016 წელს “ცისფერყანწელთა” 100 წლის იუბილე ისე საცოდავად დააფიქსირეს, პაოლოს რომ ენახა, თავს ხელმეორედ მოიკლავდა,
რუსთაველის საიუბილეო 850-ე წლისთავი კი საერთოდ გაატარა მწერალთა კავშირმა, და ისევ რიგითმა ხალხმა აღვნიშნეთ იმ წელს ჯერ რუსთაველის ძეგლთან, და მერე რუსთაველზე მსვლელობით.
ხო, აბა, მწერალთა სახლში უარი გვითხრეს, და..
მიწების უცხოელებზე მიყიდვასთან დაკავშირებით პროტესტების დროს დუმდა მწერალთა კავშირი..
საყდრისის მრავალსაუკუნოვანი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი რომ ააფეთქეს, ჩუმად იყო.
რიონის ხეობაზე დუმდა, სვანეთის წყალში ჩაძირვას ყურს უყრუებდა, კოვიდფაშიზმზე ხმა არ ამოუღიათ, ეროვნული მუზეუმის გაფარჩაკებაზე გაისუსნენ, ყინწვისის ანგელოზს რომ წინ კაფელი დაუგეს არც გაუგიათ, დავითგარეჯის და ხუჯაბის გასხვისება არ აღელვებთ, გელათის ფრესკებს რომ წყალი რეცხავს არ იმჩნევენ, უნივერსიტეტის რექტორად ყველა ხელისუფლების პოლისჯოხის , სამუშიას დანიშვნას ტაშის გრიალით შეხვდნენ, ყველა წყობის ჩვარის, როინ მეტრეველის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტად დანიშვნასაც მიესალმენ, გვასალიას თბილისის საპატიო მოქალაქედ არჩევას მოარიდეს თვალი, მასხულია მწერალთა კავშირის წევრად ჰყავთ, და ესენი არიან ქართული მწერლობის წარმომადგენლები?
დაინტერესდით საერთოდ ვინ შეიყვანა ის ქათამი მწერალთა კავშირში?
დარწმუნებული ვარ ბევრმა მწერალმა და პოეტმა ვინც კი გაერთიანებულია ამ ორგანიზაციაში იცის ეს,
და კი მაგრამ არ გიტყდებათ ასეთ კავშირში ყოფნა?
და ასეთ ორგანიზაციას რა ესაქმება საერთოდ მწერალთა სახლში?
ასეთ ორგანიზაციას უფრო სასახლე გამოადგება ალბათ, რადგან მიცვალებულს სასახლე უფრო სჭირდება.
გადაირქვით საერთოდ სახელი , და დაირქვით ანტიმწერლობის კავშირი.
ხო, დღეს არა მხოლოდ მწერალთა კავშირი, ზოგადად ქართული მწერლობა მკვდარია, და თითოოროლა ნიჭიერი გამონაკლისი სიტუაციას ნაღდად არ ცვლის, და ეს თითოოროლა გამონაკლისიც, როგორც ვიცი, არც არიან მწერალთა კავშირში.
ეს მოკლედ, უფრო ვრცლად ამ თემაზე საადგილმამულო გაზეთის მე-6 ნომერში მაქვს ნათქვამი, თემას გავაგრძელებ გაზეთის სხვა ნომრებშიც, და მერწმუნეთ ბევრ საბუთიან მწერალს არ ესიამოვნება, რასაც იქ ამოიკითხავს.
ახ, უკაცრავად, ამოიკითხავს ვთქვი?
სულ დამავიწყდა, ესენი ხომ მკითხველები არ არიან, მწერლები არიან.
ისემც თქვენ რა გითხარით, თუმცა რა უნდა ვთქვა იმაზე უკეთ, რაც გალაკტიონმა თქვა ..
.
გუჯა შვანგირაძე ( გუჯა ბიძია)
.
Subscribe
Notify of
guest
0 Comments
Inline Feedbacks
ყველა კომენტარის ნახვა