
საშობაო
.
და მესიზმრა, და სიზმარი ძილში ცხადთან მაშორებდა,
და ფასკუნჯით, ფრთახატულით, ქორწილში მიმაქროლებდა
მეცხრე ცაზე – მამაღმერთი ზღაპრის გმირებს აგროვებდა,-
მადლის სუფრით ბოროტებას სიკეთეზე ათხოვებდა.
პატარძალი ვარსკვლავს ჰგავდა , თვალწარბწამწამს ათრთოლებდა,
სიძე – ბატონი მზეობდა, ღიმილს ღიმილს ატოლებდა,
შემომქმედი თამადობდა , თქმას სიმღერას აყოლებდა,
სიტყვა მერიქიფეობდა, ტყუილს მართალს აწონებდა..
“ლხინი აქა” , “ჭირი იქა”-ს ქატოს, ფქვილთან აზომებდა,
გვერდით მეჯდა ზღაპრის ბოლო და ნებივრად აზმორებდა.
რა ვიცოდი, მასპინძელი მთვრალს, თუ ცხადს შემატოვებდა,
სიზმარი მეცხადებინა, – ასე თუ მომანდომებდა.
..ხო, მესიზმრა, და ფასკუნჯი ქორწილში მიმაქროლებდა,
მეცხრე ცაზე – მამაღმერთი ზღაპრის გმირებს აგროვებდა.
.
გუჯა შვანგირაძე ( გუჯა ბიძია)
.
