ვიცი, რაც არ უნდა ვთქვა, და ვინმეზე, თქვენი სასტავიდან, პირს შეკრავთ, და ერთმანეთის შუბას არ დახევთ, მაგრამ იმედი მაქვს, დღეს თუ არა, ხვალ, ზეგ, ერთი წლის შემდეგ, ვიღაც გამოჩნდება, საკუთარ ტყავს რომ დახედავს, და მიხვდება, რომ გამოსაცვლელია.
ხო, ჩემო ბატონო,
ახალი თეატრი გაიხსნაო, დამოუკიდებელიო.
მეთქი, იქნებ, მართლაც ახალი და კარგი რამ ხდება, იმის ფონზე, რაც ჩაისვარა ზოგადად ქართულმა თეატრმა კოვიდფაშიზმის დროს.
ხო, წარმოუდგენელი ამბავი მოხდა მაშინ, – თეატრები, საიდანაც შექსპირის და ბრეხტის ხმა ისმოდა, და სცენაზე ებრძოდა ტირანიას, რეალობაში ძალადობას გაუწვნენ, მაყურებელი აცრილებად და აუცრელებად დაჰყვეს, და თეატრებში არ შეუშვეს.
დიახ, ეს იყო, მოხდა, და მის მერე არც ველი, რომ რომელიმე ჩამოირეცხავს ამ სირცხვილს.
და ამ დროს , ბაც, და ახალი სივრცე? დამოუკიდებელიო?
მარჯანიშვილიდან წამოვიდაო, რო გავიგე უფრო გამეხარდა, მეთქი, ა, კაცი, მეამბოხე, ეტყობა შეწუხდა წულუკიანის კანტორის არტახებით, და ფრთების გაშლა მოუნდა მეთქი, და ვარ მეც ასე აშლილი, და სულმოუთქმელად ველი პრემიერას, და..
და, რა? – ბილეთის ფასი 55 ლარი?
დავიბენი, ხო, იცი,
ნუ, კარგი, ამ თემას კიდევ დავუბრუნდები, მანამდე მინდა ვკითხო, რეჟისორებს, თეატრთმცოდნეებს, ხო, რავიცი, ვინმეს ამ კლასტერიდან.
თეატრის დანიშნულება მხოლოდ ადამიანის სულში ქექვა რატომ გგონიათ და მოთქმა და გოდება, და იმის თქმა, თუ რა ცუდია, და სუსტია ადამიანი?
რატომ აკეთებთ ამას, იოლია? და არც სისტემა დაგიქნევთ, ხო, თითს?
და ვერ ხვდებით, რომ ამით ობივატელობას აპრავებთ?
რადგან მაყურებელი ფიქრობს, რომ ყველა ასეთია, და დიდი ამბავი, ისიც თუ ყველას ჰგავს.
ანუ, მაყურებელს ეუბნებით, რომ ადამიანი მხოლოდ ინსტიქტებია და მას ვერ შეცვლი.
ასე გესმით შექსპირი?
კაცი, რომელიც ყველა პიესაში “სამეფო გზაზე” საუბრობს?
იცით კი რა არის შექსპირთან “სამეფო გზა”,
არ წერია ეს თეატრალურ სახელმძღვანელოებში, ეს გზა შექსპირის პიესებში შენ თვითონ უნდა დაინახო.
” სამეფო გზა” ანუ გზა, რომელიც უნდა გაიაროს ობივატელმა, რათა საკუთარ ინსტიქტებზე და გარემოზე გამეფდეს.
დიახ, შექსპირი ამაში ხედავს თეატრის დანიშნულებას.
ამისთვის იყენებს ის დრამატურგიის ოქროს წესს,
“გმირი – გმირზე თხრობა – ახალი გმირი”
ვერც დრამატურგიის ამ ოქროს წესზე ვერ მოისმენთ ვერაფერს თეატრალურში, ლექციებზე.
ესეც შენ უნდა დაინახო და შექსპირთან, და მანამდეც, გაცილებით უფრო ადრე, ძველბერძნულ ტრაგედიებში.
და ქართული თეატრი რას აკეთებს?.
პირიქით, გმირიდან ობივატელის შექმნის გზაზე საუბრობს.
რად გვინდა ასეთი თეატრი?
ჩვენს დაპირისპირებულ, ნიჰილიზმში ჩაძირულ საზოგადოებას რად გვინდა ასეთი თეატრი დღეს?
როცა ისეთი გეოპოლიტიკური ძვრებია, რომ საერთოდ, შეიძლება გავქრეთ, და ასეთ სიტუაციაში ობივატელს კიდევ ერთხელ რომ დაანახებ, როგორი საცოდავია, როგორ გინდა მან მონახოს თავის თავში ძალა, და რაიმე ძალადობას, გინდა სისტემურს, გინდა ადამიანურს, წინ აღუდგეს.?
და ამას, იმ მაყურებელს ეუბნებით, ვინც მოდის პრემიერაზე, და შემდეგაც, და რომელსაც აქვს საშუალება 55 ლარი ბილეთში რომ გადაიხადოს,
ჰა? როგორია?
მე შენ საკუთარ თავს შეგაძულებ, მაგრამ ჩემთან ძმაო, ეგ საქმე, უფრო ძვირი ღირს, ვიდრე სხვა თეატრებში.
და იმათ რაღას ეუბნებით, ვინც ვერ მოვიდა, რადგან 55 ლარით ერთი თვე გააქვს თავი?
ხომ უფრო ულაწუნებ,?
რადგან ეუბნები, შე ჩმორო, შენ რა გინდა თეატრში, შენ რომ საკუთარი თავი შეგძულდეს და მიხვდე, რა არარაობა ხარ, ისიც კმარა, რომ ჩემს სპექტაკლზე ვერ მოხვდები.
და ამას ეუბნები იმას, ისედაც “ნეუდაჩნიკად” რომ თვლის თავს?
რატომ აკეთებთ ამას დღევანდელი ქართული თეატრი?
ევროპას ბაძავთ? , და რითი?
ხო, იმ აწყობილ ქვეყნებში ადამიანს იქნებ სხვა საქმე არა აქვს, გარდა იმისა, რომ საკუთარი სულის ცხრაკლიტულებში ჩაიძიროს და ამაში 100 დოლარიც გადაიხადოს.
მაგრამ მანამდე სხვა ევროპა იყო, უფრო მანამდე ესქილე იყო, სოფოკლე, და გაიხსენეთ რას აკეთებდნენ ისინი, როცა მათ ქვეყანას უჭირდა, და გაიხსენეთ რას აკეთებდა მაყურებელი, მათი სპექტაკლების ნახვის შემდეგ.
ესეც ახალია თქვენთვის?
ესეც მე უნდა გითხრათ?
“რას გასწავლიდნენ ყმაწვილებო, გიმნაზიაში”?
კაი, თვალიც დაუდგეს ევროპას,
ახმეტელი გაიხსენეთ, რა შეძლო მან თეატრით,
უბრალო ადამიანებიდან ღმერთკაცებს ქმნიდა, გმირებს ქმნიდა, და შეძლო, და გასაბჭოებული, ჯერ ომში დამარცხებული, მერე 1924 წლის აჯანყების ჩახშობით, და ბოლშევიკური ტერორით სულჩაკლული და ჩაჩოქებული ქართული საზოგადოება თეატრის ირგვლივ შემოიკრიბა, ფეხზე დააყენა და მართლაც თავისუფლების კუნძულივით იდგა მაშინ ქართული თეატრი ტოტალიტარულ სახელმწიფოში, და ასე იდგა მთელი ათი წელი!
ხო, გაიხსენეთ ახმეტელი, როცა სპექტაკლს სპექტაკლი ერქვა, და არა პროექტი.
ისეთივე ეროვნული დრამატურგია და ჰეროიკული სპექტაკლები გვჭირდება დღესაც, და იქნებ, მაყურებელი პირდაპირ ბარიკადებზე არ გავიდეს, მაგრამ სისტემის წინააღმდეგ წასულ გმირს შორიახლოს მაინც გაჰყვება, მასზე ილაპარაკებს და საჭიროა ესეც, – ასე იქმნება საზოგადოებრივი აზრი, ასე ” შემოდის მოდაში” ქვეყნის გულშემატკივრობაც, და ასე იცვლება ობივატელიც.
ქართულმა თეატრმა უნდა მოახერხოს, და ობივატელი საეროზე აფიქროს, და არა საკუთარ პატარაკაცობაზე.
“ქართული თეატრი უნდა გახდეს ქართული”, ახმეტელის სიტყვებია ესეც.
და ამ სიტყვებს დღეს ყველა თეატრალი უნდა იმეორებდეს.
არ გავაკეთებთ ამას, და რა ხელისუფლებაც არ უნდა მოვიდეს, მაინც მაო ძედუნების და მათი წულუკიანების ხელში ვიქნებით.
თუმცა, იქნებ, გინდათ კიდეც, ეს.
მაშინ მართლაც არ ყოფილხართ ხელოვანები და ხელოსნები ყოფილხართ,
მაშინ მართლაც გადაარქვით ყველამ თქვენს თეატრებს სახელები და სახელოსნოები დაარქვით, და დანომრეთ.
დანომრეთ აუცილებლად!
მაშინ ამ ახალ თეატრსაც სწორად შეურჩევია სახელი.
“სახელოსნო 42”
ოღონდაც, აი, ცოტა დააზუსტეთ, “სახელოსნო 55 მანეთი”, უფრო ზედგამოჭრილი იქნება,
რადგან ხელოვნებაც და მაყურებელიც საწველი ძროხა გგონიათ.
და მანეთი რატომ?
რატომ და რაც არ უნდა იძახოთ ევროპა გვინდაო, და მილანები, ლონდონები და პარიჟები მოიაროთ, მაინც საბჭოური მენტალობა დაგრჩათ, და საბჭოურ რუსულ სისტემას ემსახურებით მაინც.
ხო, ეგ არის, და ზედ არის.
.
წერილებიდან ” დრამატული დრამატურგია”
გაზეთი ” საადგილმამულო” #7
.