
ჭირის დღე აქვს კაცს, სოფელში, არაფრის მქონეს და მეზობლებმა, ღვინით მაინც დავეხმაროთო ოჯახს.
ჰოდა, გადაწყვიტეს , ყველას მოეტანა თავისი წილი და ერთ ქვევრში ჩაესხათ.
ასხეს, ასხეს და გასვენებისას რომ მოხადეს თავი ქვევრს , წყლით დახვდათ სავსე.
როცა პირველად მოვისმინე ეს არაკი, კარგა ხანს ვიფიქრე, რა უნდა ექნა ჭირისუფალს.
არა, გასაგებია, მიცვალებულს დაუმარხავს არავინ დატოვებს, მაგრამ მერე?
მერე რომ ეთქვა, რაც მოხდა, ალბათ, ეჭვით იმათაც მიაყენებდა შეურაცხყოფას, ვინც მართლაც მოიტანა ღვინო.
ასეთ სიტუაციაში, ყოველთვის ის იხმაურებს, ვინც სიგლახე გააკეთა.
გამოვარდება დამპალი, და სხვას დაუწყებს გინებას, ჰალალი კიდევ გაჩუმდება.
თუ არ ამოიღებს ჭირისუფალი ხმას, მაშინ სხვა დროს სხვას დაემართება იგივე.
რატომ ჩავშალე ახლა ეს თემა და ბევრჯერ ვყოფილვარ იმ ჭირისუფლის ადგილზე.
პირდაპირი გაგებით არ ვამბობ, საერთო საქმის ჭირისუფლობაზე ვამბობ,
აი, როცა რაღაც საერთო საქმეზე დაიწყებ საუბარს, გაკეთების სქემასაც დადებ, და ყველა ეგრევე რომ გიწონებს, რო გიცხადებს თანადგომას, გვერდით ყოფნას, გსაყვედურებენ კიდეც, რატომ არ გამაგებინე, ეს თუ ჩაიფიქრეო, თუ კაცი ხარ, უჩემოდ არ დაიწყო, ერთი ზვანოკი და შენთან ვარ, და ასე შემდეგ, და იწყებ შენც, შეგულიანებული და ბაც..
და ქრება ყველა, ერთი და ორი კაცის გარდა, და რა ქნას მერე ერთმა და ორმა?
ღალატისგან მიცვალებულად მოქცეული საქმე როგორ გააცოცხლონ?
თუ ღმერთმა ქნა და იმ ერთმა-ორმა ბოლომდე მიიყვანა საქმე, იცოცხლე, მერე ყველა წამოყოფს თავს და დაიბრალებს, რომ ამ საქმის სათავეებში იყვნენ.
ასეა, ხო,
ამ ქვეყანაში გაფუჭებულ საქმეს არა ჰყავს პატრონი, თორემ გაკეთებულს რამდენიც გინდა.
მართლა რამდენჯერ ვიყავი და ახლაც ვარ ასეთ მდგომარეობაში ვერ წარმოიდგენთ..
მართლა რამდენი კარგი საქმე მიგვიტოვეს ასე, და კბილებით მივათრევთ ჯიუტად ერთიორი კაცი წლებია უკვე.
და მართლა არ მესმის, რა რჯის ადამიანებს თქვან ის, რისი გაკეთების არც თავი აქვთ, და არც სურვილი?
ვინ ექაჩებათ ენაზე?
თუ სიტყვებმა ” მონაწილეობის მიღება” , ანდა, სიტყვებმა ” თქვენს გვერდით ვარ” აზრი შეიცვალა და აღარ ნიშნავს იმას, რაც მე მგონია?
თუ ამ სიტყვების თქმა უკვე მონაწილეობად ითვლება?
ხო, რა აიძულებს, რა ფენომენია, –
მახათს იყრიან?
აბა, თავის გამოჩენა სურთ?
აქაოდა, მამულიშვილი ვარო?
კი მაგრამ სოცქსელებში მაინც ვის წინაშე იწონებენ თავს, არც კი იცნობენ ერთმანეთს.
აბა, მავნებლობენ?
მე ვიტყვიო და საქმის მკეთებელს ეგონება ბევრი მხარდამჭერი ყავსო, დაიწყებსო საქმეს და ჩაფლავდებაო?
და ჩემს სიგლახეზე კი იმ ჭირისუფალივით გაჩუმდებაო?
ან ერთი რატომ ჰგონიათ, ან მეორე?
აი, ხომ არის ახლა ასეთებზე ახი გვარსახელებით გამოვწერო გაზეთშიც, საიტზეც და წიგნშიც?
აფსუს, რა მსახიობები დაკარგა ქართულმა თეატრმა?
და ფოკუსნიკები ცირკმა.
ხო, იმდენი ვიცი ასეთი, მთქმელი და მერე აორთქლებული, რო მათი გვარსახელები შინმოუსვლელთა ერთ მემორიალს აავსებს.
უკვე პროფესიონალები არიან ამ საქმის.
მაინც როგორ ახერხებს ზოგი, ერთდროულად ქანდაკებაც რომ იყოს და ჩიტიც?
ხო, ეგაა, ეგ..
სიტყვა გაფრენილი ჩიტივითაა, და ისე არ უნდა ამოუშვა პირიდან, უდროო დროს თავზე თეთრად რომ ჩამოგასვაროს.
.
წერილებიდან ” დრამატული დრამატურგია”
