You are currently viewing უთხარით, რომ შემეშვას.

უთხარით, რომ შემეშვას.

ამ რამდენიმე თვის წინ ბიოფსია რომ უნდა გამეკეთებინა,
არ მითქვამს მათესთვის, – არ დავძაბო, მეთქი,
მაგრამ მარტო წასვლაც არ მინდოდა, და წავიყვან, ვინმეს, ლაპარაკშიც დრო გავა, მეთქი, – ვიფიქრე.
და ვუთხარი ერთს, ვინც უცებ გამახსენდა, – ასე და ასეა საქმე, და გამყევი, და მერე, სადმე დუქანში ჩავჯდეთ და თითო ბოთლიც დავლიოთ, ან დღეგრძელობის, ანდა შესანდობარის, მეთქი.
უარი მითხრა, – ვერ წამოვალო.
ასე, ხო,
ყბა ჩამომივარდა გაკვირვებისგან.
სხვისთვის აღარც მითქვამს, – ვინმემ კიდევ იგივე არ მოჩორტოს, და კიდევ ერთი ახლობელი არ დავკარგო მეთქი, უდროოდ.
რავი, ახლა , რომელიმე თქვენთაგანმა, აქვე რომ მომწეროს, გუჯა, შენი თავი მჭირდება და ამა და ამ დღეს, სადღაც გამყევიო, თუ მართლა არ ვკვდები, ნებისმიერ სხვა საქმეს გადავდებ, და ერთი საათი კი არა მთელი დღე თქვენს გვერდით თუ არ გავატარო, მაგინეთ მთელი დარჩენილი ცხოვრება, -ხმასაც არ გავიღებ.
არ ვიცი, არ ვიცი,
სულ გამიფუჭა ნერვები ამ ერთწლიანმა გაურკვევლობამ,
პატარა რაღაც კი მწყინს.
ისევ სჯობს, ვიფიქრო, რო უსისხლო კი არ არის ის მასტი, ვინც უარი მითხრა, არამედ, მართლაც რაღაც სერიოზული მიზეზი ქონდა,
რავი, ხო, შეიძლება, ჩემზე მეტად არის ავად,- ჯვარი წერია.
და ახლა რატო გავიხსენე?,
ხვალიდან ისევ ვიწყებ გამოკვლევებს,
გადაკონტროლება მინდა, ხო,
და თუ ონკომარკერი და ეხო გაუარესებულია, ბიოფსია მექნება ისევ გასაკეთებელი, და იქვე, ადგილზევე.
არა, კაცო, არ მინდა არავის გაყოლა,- მით უმეტეს, რო აღარც ვსვამ.
უბრალოდ კაი სიტყვა გამომაყოლეთ.
სად ერთის ნათქვამი, და სად ათასის, ხო?
მრავალხმიანი მრავალჟამიერივით რო აიწევა ცისკენ.
და, გაიგონებს ისიც, ზემოდან ვინც გვიყურებს, და ცოდვამადლს ვინც გვიწონის,
ხო, გაიგონებს და გაიგოს ბოლოსდაბოლოს, რო ერთი 30 წელი მაინც, არ მცალია მე არც იქაური ჯოჯოხეთისთვის, და არც იქაური სამოთხისთვის,
აქ მაქვს, ორივე, დედამიწაზე.
ხო, და, შეეშვას ამ ნამიოკებს და მიპატიჟებას.
ბიჯოს!
.
გუჯა ბიძია (გუჯა შვანგირაძე)
Subscribe
Notify of
guest
0 Comments
Inline Feedbacks
ყველა კომენტარის ნახვა