You are currently viewing უნდა დავიბრუნოთ

უნდა დავიბრუნოთ

დიდი კონსტანტინეს რომანში „დიდოსტატის მარჯვენა,“ მელქისედეკ კათალიკოსის სიტყვებზე, ბიზანტია არისო საქრისტიანოს თვალი და გონება, მეფე გიორგის დასცდება ბრაზით.
ქურდები არიანო ბიზანტიელები, სჯული ებრაელებს მოჰპარეს, ენა ძველბერძნებს, ბულგარელებს ცეტინიუმი, სომხებს ანისი, ბასიანს გადაღმა ქვეყნები ქართველებს, ხოლო სინდისი ვერავის წაგლიჯეს, რადგან ასეთი რამ არა სჭირიათო ჯერაც.
ქართული ანდაზაა „ქურდის ქურდი ცხონდაო“ და, თუ ამ ანდაზით ვიხელმძღვანელებთ, ბიზანტიელებს მართლაც ცხონება ჰქონდათ ძველბერძნებთან მიმართებაში.
რადგან ძველბერძნებზე მეტი „ქურდი“ ერი არცა ყოფილა არასდროს დედამიწის ზურგზე და არცა ყოფილა რომელიმე ერი და ცივილიზაცია ძველი წელთაღრიცხვის საუკუნეებში ძველბერძნებს რომ არ „გაეძარცვათ“ და მათგან არ წაეღოთ, არ გადაეღოთ, არ შეეთვისებინათ და არ მიესაკუთრებინათ სხვისი ცოდნა.
მათ შორის ძველი შუამდინარეთში დასახლებული შუმერებისგან, ასურელებისგან, ქალდეველებისგან და ისევ და ისევ ძველი იბერიული, ქართველური ტომებისგან,
სიტყვას „გაძარცვა“ ბრჭყალებში ჩასმაც არ სჭირდება და მართლაც მისაკუთრება იყო, რასაც ისინი აკეთებდნენ, რადგან ძველბერძნები არც ერთ წყაროში არ აღნიშნავენ, რომ კონკრეტულად ესა თუ ის ცოდნა, ამა თუ იმ ერისგან წამოვიღეთო.
თორემ იტყოდნენ სადმე, მაგალითად, შუმერებისგან დამწერლობა რომ ისწავლეს, სარწყავი სისტემის გამართვა რომ ისწავლეს და ბორბალის გამოყენებაც კი და მით უმეტეს, არსად იტყვიან, რა ცოდნა წაიღეს მათი თანამედროვე ძველი კოლხეთიდან, და აღარ ვსაუბრობ რა ცოდნა წაიღეს სხვა პროტოქართული ცივილიზაციიდან, ძველბერძნულ ცივილიზაციამდეც რომ არსებობდა.
ეს ყველაფერი ჩვენ უნდა ვივარაუდოთ ახლა და ათას სხვადასხვა წყაროზე, ლეგენდაზე და ისტორიულ თუ არქეოლოგიურ ფაქტზე დაყრდნობით, საიდანაც მარცვალ-მარცვალაა ამოსაკრეფი სიმართლე და ეს სიმართლეც ხშირად ამა თუ იმ ლიტერატურული წყაროს სტრიქონებს შორისაა ჩამალული.
და ამიტომაც ჰგონია დღეს თანამედროვე მსოფლიოს, რომ ძველ ქართველურ ტომებს სხვადასხვა მეცნიერების განვითარებაში მონაწილეობა არ მიუღიათ.
მონაწილეობა კი არა, მეტიც, არსად არ აღინიშნება, რომ სწორედ პროტოქართული ცივილიზაციის განფენის ტერიტორიაზე და მათ შორის დღევანდელი საქართველოს ტერიტორიაზე ჩაეყარა საფუძველი ბევრ სამეცნიერო დარგს – მედიცინას, მევენახეობას, მიწათმოქმედებას, წიაღისეულის და მათ შორის , რკინის და ოქროს მოპოვებას და გადამუშავებას, ქალაქების დაგეგმარებას, არქიტექტურას, სამხედრო საქმეს, ასტრონომიას,ზღვაოსნობას,
დიახ, ზღვაოსნობას, ხო…
დიახ, ძველი იბერიული ტომებისგან ისწავლეს ფინიკიელებმა ზღვაოსნობა, საზღვაო საქმე, გემთმშენებლობა, ფინიკიელებისგან კი ძველბერძნებმა და მთელმა მაშინდელმა სამყარომ და ამ ინფორმაციასაც ისევ ძველბერძენ ავტორებში ამოვიკითხავთ, თუ დაკვირვებული თვალით წავიკითხავთ მათ ტექსტებს.
და სად წავიდა ეს და ყველაფერი დანარჩენის ცოდნა?
მოდით ისევ ძველბერძნებს დავუბრუნდეთ.
კიდევ ერთი ქართული ანდაზა გავიხსენოთ „ქურდს რომ კარგად მოუსმინო დღეში ასჯერ გატყდებაო“
მოვუსმინოთ ისევ ძველბერძნებს, და „არგონავტიკას“.
არგონავტთა ლაშქრობას, რომლის შესახებ გადმოცემებმა საგრძნობლად იცვალა სახე, თავისი ისტორიული მნიშვნელობა ჰქონდა, ვინაიდან მას შინაომებით დასუსტებულ, უფუნქციოდ დარჩენილ ბერძნულენოვანი სამყაროსთვის პრიორიტეტულ სავაჭრო-პოლიტიკური მიზნები განსაზღვრავდა და ძველ ქართულ სახელმწიფოსთან, მდიდარ, ძალმოსილ კოლხეთთან სამხედრო და ეკონომიკური კავშირის დამყარებას ითვალისწინებდა.
ამ რეალურმა მიზნებმა მხატვრულ ნაწარმოებში ალეგორიული სახე მიიღო და სწორედ ამ ალეგორიებზე დაყრდნობით შეგვიძლია ჩვენც დასკვნები გავაკეთოთ.
დასკვნებზე ცოტა მოგვიანებით, ჯერ ის ვთქვათ, თუ საიდან რა დაიწყო …
„არგონავტიკის“ ფაბულას მიხედვით, ყველაფერი იქედან დაიწყო, რომ ძველბერძნული სამეფო გვარის დევნილმა ყმაწვილმა ფრისქემ ოქროსმატყლიანი ვერძის დახმარებით კოლხეთის სახელმწიფოში ჩააღწია.
ძლევამოსილმა კოლხეთის მეფემ, ჰელიოსის ძემ – აიეტმა შეიფარა ლტოლვილი, გამოზარდა და საკუთარი ასულიც, ქალკიოპეა, შერთო ცოლად.
ვერძი კი ღმერთებს შეწირეს და ტყავი არესის ჭალაში ჩამოკიდეს და მცველად გველეშაპი მიუჩინეს.
მოდით ,აქ, ამ მხატვრულ სახეებთან ერთი წუთით გავჩერდეთ, მკითხველო,
და არა იმის აღსანიშნავად, კოლხეთის მეფემ რომ არ იცოდა, თუ რა დაუჯდებოდა ქართველური ტომებისთვის დამახასიათებელი სტუმართმოყვარეობა და ხელგაშლილობა.
არა, ამ დეტალს ჯერ არ მივაქციოთ ყურადღება და ვიფიქროთ, თუ რატომ დასჭირდა ოქროთი მდიდარი ქვეყნის მეფეს, უბრალო ცხვრის ტყავისთვის გველეშაპის დარაჯად დაყენება.
და ყველაფერი ცხადი გახდება, თუ გავიხსენებთ, რომ ცხვრის ტყავი ყველაზე ადვილი დასამუშავებელია და დამუშავების შემდეგ მისგან შეკერილ გამძლე და მოსახერხებელ ტანისამოსს და ფეხსამოსს, რომ თავი დავანებოთ, ცხვრის ტყავისგან ძალიან ბევრი საყოფაცხოვრებო ნივთის გაკეთება შეიძლება, მათ შორის, წყლის და ღვინის შესანახი ჭურჭლის და რაც მთავარია მასალის, რომელზეც წერა შეიძლება.
დიახ, ისეთი ტექსტური ინფორმაციის შესანახად, რომელსაც წლები და საუკუნეებიც უნდა გაეძლო, ცხვრის დამუშავებულ ტყავს იყენებდნენ.
და როცა ეს ვიცით, ძნელია არაა წარმოვიდგინოთ არესის ჭალის მაგივრად რაღაც ბიბლიოთეკის მსგავსი, სადაც წიგნად აკინძული უამრავი ასეთი ტყავი ინახებოდა და მათზე დატანილი ძალიან ბევრი ისეთი ინფორმაციით და ცოდნით, რაც საუკუნეების განმავლობაში დააგროვა ერის კოლექტიურმა გონმა, თაობიდან თაობისთვის გადასაცემად.
და თუ ეს წარმოვიდგინეთ, არც ის იქნება ძნელი წარმოსადგენი, თუ როგორ იცავდნენ ამ ცოდნას ძველ კოლხეთში.
და გასაგები იქნება „არგონავტიკაში“ აღწერილი ოქროსმატყლიანი ცხვრის ფუნქცია, რომლის ხსენება მხოლოდ მიტომ დასჭირდა ბერძენ ავტორს, რომ შეექმნა საფუძველი პრეტენზიისა, რომ ეს მათ, ბერძნებს ეკუთვნოდათ ის ცხვრის ტყავი და თუ ეკუთვნოდათ, მაშინ მათი გაგებით, ცხვრის ტყავის ქურდობაც გამართლებულია.
დიახ, ნებისმიერი უბრალო ცხვრის ტყავი უბრალო ტყავია და მხოლოდ მაშინ იქცევა „ოქროს საწმისად“, როცა ამ ტყავზე მართლაც საჭირო და მართლაც ოქროს ფასის მქონე ინფორმაციაა დატანილი და დაცული.
მანამდე კი ტყავი ტყავია, ათასი სხვა ტყავების მსგავსი, არაფრით გამორჩეული.
დიახ, მართლაც ფასდაუდებელი ინფორმაცია იქნებოდა ძველი კოლხეთის წიგნთსაცავში დაცული.
აღარ გავაგრძელებთ არგონავტიკის ფაბულას, არ ვისაუბრებთ ხალიბების ტომებზე, არ ვისაუბრებთ კავკასიონის კლდეზე მიჯაჭვულ პრომეთეზე, რომლის კვნესაც ესმოდათ არგონავტებს და არც მიაქციეს ყურადღება, არ ვისაუბრებთ იმაზე, თუ როგორ უღალატა მეფე აიეტს შვილად მიღებულმა ბერძენმა ფრისქემ და მისმა შვილებმა, თუ როგორ იმუშავა ქართველის დამღუპველმა ისეთმა სენმაც, ყველაფერი უცხოსადმი ქართველის თაყვანისცემაში რომ გამოიხატება, არც იმ სამედიცინო ცოდნაზე და არც იმ სამეურნეო, თუ სამხედრო ტექნიკაზე, რაც ჰქონდა მაშინდელ იბერიულ ტომებს, ანდა, თუნდაც, მასზე, კოლხიდას სამეფოს საზღვაო ფლოტი რომ ორჯერ დაეწია უკვე შორს წასულ, ბერძნების ისეთ სწრაფმავალ ხომალდს, რომელიც სცილასა და ქარიბდას გადაურჩა, ესეც ხომ კოლხების ზღვაოსნობის ცოდნაზე მეტყველებს არა?
აღარ გავშლი ამ თემებს, ყველა ქართველმა იცის „არგონავტიკის“ შინაარსი,
თუ არ იცის და ოთარ ჭილაძის რომანი „ გზაზე ერთი კაცი მიდიოდა“ მაინც წაიკითხოს და გაიგებს, თუ როგორ შეიძლება აიხსნას „არგონავტიკის“ ალეგორიები. გაიგებს ყველაფერს, თუ რას მალავენ ძველბერძნული წყაროები.
აღარ გავაგრძელებთ, ხო, აქ უბრალოდ კიდევ ერთხელ დავაზუსტებთ, რომ სწორედ იმ დიდ ცოდნას ეზიარნენ ბერძნები და მათი დახმარებით მსოფლიოც, რაც კოლხეთის სამეფოში იყო დაცული და რაზეც იდგა ამ სახელმწიფოს ეკონომიკური და პოლიტიკური ძლიერება.
ეზიარნენ იმ ცოდნას, რომელიც ასე დაუკვირებლად დაკარგეს, გასცეს, გაფანტეს ძველმა იბერიულმა ტომებმა.
და შედეგად დადგა ისტორიული ფაქტი.
კოლხეთის და სხვა იბერიული ტომებისგან მიღებული ცოდნის გამოყენებით მომძლავრდნენ ბერძნები, განიმტკიცეს შავი ზღვის არეალის ქვეყნებზე თავისი გავლენები, გაზარდეს მონოპოლიები და შავი ზღვის რეგიონულმა ეკონომიკურმა და პოლიტიკური ცენტრმა ადგილი მოინაცვლა.
კოლხეთის სამეფომ თავისი ფუნქცია დაკარგა, დასუსტდა და ას წვრილ სამთავროდ დაიშალა.
და ეს ასეც ხდება – როცა ერი და სახელმწიფო მსოფლიო გეოპოლიტიკაში თავის ფუნქციას ვერ პოულობს, ანდა ვერ ჰქმნის ასეთ ფუნქციას, მისი არსებობის აუცილებლობა აღარაა.
და ფუნქციადაკარგული სახელმწიფოების და ერების გაქრობის უამრავი მაგალითი იცის კაცობრიობის ისტორიამ.
დიახ, იმ დროს ფუნქცია დავკარგეთ,
რადგან დავკარგეთ ცოდნა, დავკარგეთ ცოდნის გამოყენების საშუალება, და დავკარგეთ ამ ცოდნის მომავალი თაობისადმი გადაცემის უნარი.
დავკარგეთ ამ ცოდნის გადაცემის სურვილიც – და სიბრძნეც დავკარგეთ,
დიახ, ასეთი „ოქროს საწმისი“ დავკარგეთ და მის მერე რამდენჯერ დავკარგეთ კიდევ,
ფარნავაზ მეფის მერეც, თამარ მეფის ეპოქის მერეც, ილიას მერეც.
დავკარგეთ და უნდა დავიბრუნოთ.
და როგორ?
არის გზა და არის საშუალებაც..
..
სტატიიდან ” ჩვენ გვიყვარს გვანჯი მანია”
გაზეთი “საადგილმამულო” #3 ქსელშია 10 მარტიდან.
მოიკითხე და წაიკითხე გაზეთი ” საადგილმამულო”
Subscribe
Notify of
guest
0 Comments
Inline Feedbacks
ყველა კომენტარის ნახვა