You are currently viewing უპარტიო საქართველო

უპარტიო საქართველო

როცა მრავალათასიან აქციაზე პირველად გავიტანეთ ის, რაზეც მანამდე წლების განმავლობაში ვსაუბრობდით, აი, ეს კადრი ყველა ტელევიზიის ეთერში მოხვდა, და ერთ-ერთი პარტიული არხის საიტზეც დადეს, სათაურით “უკომენტაროდ”.
ხო, ასე დაასათაურეს, თორე მის ქვემოთ წამოსულ კომენტარებში აშკარად იგრძნობოდა მიხვედრა იმისა, რომ ეს რაღაცის დასწყისია, და რაღაცის დასასრული.
რა თქმა უნდა, 2021 წელს, რიონის ხეობის დასაცავად გამართული აქციები, მართლაც სახალხო პროტესტი, ისედაც იყო ამ ბოლო 30 წლის განმავლობაში პირველი დიდი გალაწუნება ავტოკრატიული სისტემისთვის, მაგრამ “უპარტიო საქართველოს” იდეის გამოჩენამაც, და ასეთმა მკაფიო გზავნილმაც ამ და სხვა ასეთ აქციებზე, აშკარად აგრძნობინა სისტემას, რომ პარტიებმა თავისი თავი უკვე ამოწურეს, ნდობის ლიმიტი საბოლოოდ დაკარგეს და მალე პოლიტსივრცეში მათი ადგილი საერთოდ აღარ იქნება.
ეს ასეც ხდება.
რიონის ხეობის მოძრაობის მიერ დადებულმა შედეგმაც, და მის მერე, აგერ, ახლახანს 7-8 მარტის აქციებმა, კიდევ ერთხელ დაანახა ხალხს, რომ თვითორგანიზებულ საზოგადოებას პარტიების გარეშეც შეუძლია პრობლემის გადაჭრა, და საკუთარი თავის დაცვაც სისტემური ძალადობისგან,
და რაც მთავარია,
რაც ყველაზე მთავარია!
დადგა მიხვედრა, თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს კანონებს.
და დარწმუნებული ვარ, ერთხელაც, საზოგადოების უმრავლესობისთვის დადგება იმის მიხვედრაც, თუ რომელია ამ კანონებიდან ყველაზე მთავარი, და იმ მთავარსაც დაიბრუნებს!
დაიბრუნებს იმას, რაც აქვს ევროპას, მაგრამ ჩვენთვის ვერ იმეტებს, და გასაგებია, რატომაც.
დაიბრუნებს იმას, რაც საერთოდ არა აქვს რუსეთს, და არც არასდროს ექნება და ესეც გასაგებია, რატომაც.
დიახ, დაიბრუნებს სრულუფლებიან რეფერენდუმს, რომელიც წაგვართვეს, და დაიკანონებს დეპუტატის გამოწვევის მექანიზმს, რათა ნებისმიერი ხელისუფლების დროს, 150 -მა მედროვე, ქვეყნის გარე ძალებისგან მართულმა პარლამენტარმა ვეღარასოდეს ვეღარ მიიღოს ანტიეროვნული კანონები.
და რომ ხალხსაც აღარ მოუწიოს მუდმივად აქციიდან აქციაზე სირბილი, და რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნული საკითხები მხოლოდ სახალხო განხილვის შედეგად გადაწყდეს.
სახელმწიფოს მმართველობაში სწორედ ასეთი მონაწილეობა გაუჩენს უკანასკნელ ობივატელსაც კი პასუხისმგებლობის გრძნობას, როცა მიხვდება, რომ მის პირად გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული, და არა პარტიებზე, და არა არასამთავრობოებზე, და რაღაც დაჯგუფებებზე, თუ როგორ იცხოვრებს, და რა ქვეყანაში იცხოვრებს თვითონაც, მისი შვილიც და მომავალიც.
ეს ასეც მოხდება.
ხალხი დაიბრუნებს და დაიკანონებს მთავარს,
და ამით დაიწყება კიდეც პარტიული სისტემის დასასრული.
და როდის და როგორ?
არის ამ კითხვებზეც პასუხი.
.
გაზეთი ” საადგილმამულო”#7
.
გუჯა შვანგირაძე (გუჯა ბიძია)
Subscribe
Notify of
guest
0 Comments
Inline Feedbacks
ყველა კომენტარის ნახვა