
თუ ბოროტებასთან ომს ადამიანის სახელი შეიძლება ეწოდოს, მას ამ კაცის სახელიც უნდა ერქვას.
29 ივნისს დახვრიტეს დიდი სანდრო ახმეტელი..
ადამიანი, რომლის გარეშე არ იქნებოდა არც რუსთაველის თეატრი და არც საერთოდ ქართული თეატრი.
ადამიანი, რომელსაც საერთოდ არ ჰქონდა თეატრალური განათლება, მაგრამ უამრავი ნოვაცია რომ შემოიტანა თეატრში, და ადამიანი, სტანისლავსკიზე 10 წლით ადრე რომ საუბრობდა იმის შესახებ, რასაც მერე სტანისლავსკის მეთოდი დაარქვეს.
მაგრამ მხოლოდ ამიტომ არ იყო დიდი ახმეტელი – დიდი.
1935 წლის ერთ – ერთი კომუნისტური დღესასწაულის წინა დღეს , რუსთაველის თეატრის შესასვლელ კოლონადაზე წარწერა გაჩნდა.
” ინ ტირანოს “
და ზუსტად პარტბელადების სადღესასწაულოდ გამოფენილი სურათების თავზე.
ვერც ვერაფერს შეედავებოდი , სპექტაკლი ამ სახელწოდებით ჰქონდა რეპერტუარში რუსთაველის თეატრს , მაგრამ საქმე იმაში იყო, რომ ამ დღეს სხვა სპექტაკლი იყო გამოცხადებული და წინა დღემდე სხვა აფიშა ეკიდა.
ასეთი ფაქტები უამრავია, მაგრამ სხვა რამისთვის დახვრიტეს სანდრო ახმეტელი..
მიზეზთა მიზეზი სულ სხვა რამე იყო.
სტალინს აცნობეს ერთხელ, ესა და ეს კაცი არა და არ ტყდებაო ბრალდებებში და სტალინმა, თქვენ თუ იცითო რამდენს იწონისო საბჭოთა კავშირი.
კითხვის ადრესატი ვერ მიხვდა რას გულისხმობდა ხალხთა ბელადი, თორე საზომ ერთეულად ტონას და კილოგრამებს არ მოიყვანდა და საერთოდ მაშინ გამოთქმა ” სახელმწიფო სისტემა ” ალბათ არც ისე მოარული იყო.
მაგრამ სტალინი აშკარად სახელმწიფო სისტემას გულისხმობდა და ყველაზე კარგად იცოდა , რომ ისეთი შეკრული მანქანის ზეწოლას, როგორიც 30 -იან წლების ბოლოს უკვე იყო საბჭოთა კავშირი, ვერც ერთი „ინოკომისლიაშჩი“ ვერ გაუძლებდა.
სანდრო ახმეტელმა დიდხანს გაუძლო.
საშუალება მონახა, იარაღი, – თეატრი- რითაც შეძლო ებრძოლა და მთელი ათი წელი გაუძლო .
ეს მან შემოიტანა ეროვნულობა და ჰეროიკა თეატრში და მოახერხა და ჯერ 1921 წლის გასაბჭოებით და მერე 1924 წლის აჯანყების სისხლში ჩაკვლით ენაჩაგდებული, დატერორებული, გახლეჩილი , გაობივატებული, ბოლშევიკური მორალის ქვეშ გაწოლილი საზოგადოება თეატრის ირგვლივ შემოკრიბა , გააერთიანა და თავი ააწევინა იმით, რომ ქართველობას ახსენებდა სცენიდან და ამას აკეთებდა სპექტაკლიდან სპექტაკლამდე .
მთელი ათი წელი!
ის ათი წელი რომ არა, კიდევ უფრო უარესი იქნებოდა დღეს, 21-ე საუკუნის საზოგადოება.
“ქართული თეატრი უნდა იყოს ქართული” ეს მან თქვა და ეს, მან , სანდრო ახმეტელმა გახადა ქართული თეატრი ჭეშმარიტად ქართული.
ამისთვის დახვრიტეს სანდრო ახმეტელი.
იმისთვის, რომ იდგა ეს თეატრი , როგორც ცალკე ეროვნული სახელმწიფო ავტოკრატიულ სახელმწიფოში, იდგა ფეხზე თავისი წესებით, ზნეობით და სულიერებით ასი თავით ყველაფერზე მაღლა, თავაწეული, და იდგა ზუსტად ისე, როგორც სანდრო ახმეტელი , როცა მანქანის ღია საბარგულზე ჯაჭვით ხელფეხგაკრული , რუსთაველის თეატრის წინ ჩამოატარეს.
მაღალფარდოვნების დედაც, მაგრამ ნაღდად ეკუთვნის მაშინდელ ქართულ თეატრს ამაღლებული სიტყვით საუბარი და უნდა ეკუთვნოდეს ახლაც,
უნდა ეკუთვნოდეს დღესაც, რადგან ის სისტემა ასი წლის წინ რაც იყო ახმეტელის დროს, არ შეცვლილა,
დღესაც ებრძვის ყოველივე ქართულს, და თეატრი დღესაც იარაღი უნდა იყოს.
ამბობენ, რომ ყოველი წლის 29 ივნისს, რუსთაველის თეატრში მოჩვენება დადის.
თუ ეს მართლაც ასეა, და საცოდაობაა მართლაც დიდი სანდრო ახმეტელის სული ხედავდეს იმას, რაც ხდება დღეს რუსთაველის თეატრში.
საცოდაობაა, – იმ დარბაზში სადაც გენიალური და ბუმბერაზი ხელოვანები ქმნიდნენ ეპოქას, ხედავდე როგორ გაშალეს ხუთასკაციანი სუფრა ბანკირებისთვის, და ხინკალფართები როგორ გამართეს,
დაცინვაა, – სცენიდან გესმოდეს შექსპირი და ბრეხტი, გესმოდეს, თუ როგორ გმობენ სცენიდან ძალადობას, და რეალობაში ხედავდე, თუ როგორ გაუწვა თეატრი კოვიდფაშიზმს და კოვიდტერორს, და როგორ გახლიჩა ორად მაყურებელი.
სირცხვილია,- ხედავდე, თუ როგორი პათეტიკით საუბრობენ სცენიდან ქართულ ხელოვნებაზე, რეალობაში კი შეურაცხყოფას აყენებენ, ქმედებით და საქციელით, რადგან რაც ხდება სცენაზე, არ არის ქართული.
და არა მხოლოდ რუსთაველის თეატრში, ზოგადად ქართულ თეატრში.
დიახ, დღეს, როცა ყველაზე მეტად გვჭირდება თეატრის ეროვნულობა, გვჭირდება თეატრის ჰეროიკა, დღეს, ეს, არ არის!
არ არის, და უნდა იყოს!
ქართული თეატრი, უნდა იყოს, ქართული!
.
წერილებიდან “დრამატული დრამატურგია”
.
გუჯა შვანგირაძე (გუჯა ბიძია)
