You are currently viewing ქართული მწერლობა, უნდა გახდეს ქართული!

ქართული მწერლობა, უნდა გახდეს ქართული!

კიდევ ერთი ქართული სასწაული აუცილებელია.
სასწაულს ვეძახი იმ დიდ ერთობას, საზოგადოება რომ ახერხებდა და დიდ საერო საქმეს იწყებდა,
ისეთს, როგორიც იყო,
წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება.
ქართული თეატრი,
სათავადაზნაურო ბანკი,
ეროვნული უნივერსიტეტი.
არ არის სასწაული?
რომ არა ეს სასწაულები, იქნებოდა კი დღეს საქართველო?
კითხვა არ არის რიტორიკული, და პასუხისთვის მოდით კიდევ ერთი კითხვა დავსვათ,
რომ არა ქართული მწერლობა, ლიტერატურა, პუბლიცისტიკა, იქნებოდა კი ქართული სასწაულები?
იქნებოდა კი საერთოდ 1918 წლის საქართველოს დამოუკიდებლობა?
და მის შემდეგ ქართულ მწერლობას რომ არ შემოენახა ილიას სწავლება, და არ გამოეზარდა 70-იანი წლებიდან ეროვნული მოძრაობა, იქნებოდა კი 1991 წლის დამოუკიდებლობის აღდგენაც?
და დღეს გვაქვს ის მწერლობა, რომელმაც საქართველოს ისტორია უნდა გააგრძელოს?
ხო, დიდი სანდრო ახმეტელის თეატრზე გამონათქვამის პერიფრაზა რომ მოვახდინოთ,
არის კი დღეს ქართული მწერლობა ქართული?
არის კი ეროვნული ინტერესების და საზოგადოების მცველი?
თუ დახლეჩილი, დაპირისპირებული, და სისტემურ ძალადობებს და დანაშაულებს შეგუებული საზოგადოებით ვიმსჯელებთ, მწერლობა მკვდარია, და ერთეული მისი ნიჭიერი წარმომადგენელი მხოლოდ იმას ახერხებს, მდუმარედ რომ მიაცილოს მიცვალებული სასაფლაომდე.
მწერლობა უნდა გახდეს ქართული!
და რომ გახდეს წიგნი უნდა დაბრუნდეს ჩვენს ცხოვრებაში,
კარგი წიგნი, კარგი.
რადგან ცუდი მწერლობა დაკარგული მკითხველია.
დაკარგული მკითხველი კი დაკარგული საზოგადოებაა, და შესაბამისად დაცემული და დაკარგული ქვეყანა.
წამოდგომაც და დაბრუნებაც ლიტერატურით უნდა დაიწყოს.
პოეზია,- ეს მძინარე მზეთუნახავი უნდა შევაღვიძოთ,
პროზა -, ბაზალეთის ტბის ფსკერიდან ეს ოქროს აკვანი უნდა ამოიწეს.
კრიტიკა – მახვილი უნიჭობის წინააღმდეგ უნდა აილესოს,
პუბლიცისტიკა, ილიასეული , უნდა დაბრუნდეს.
და ეს ყველა მიმართულება მებრძოლი უნდა იყოს, მებრძოლი!
რომ კიდე ერთი ქართული სასწაული მოხდეს.
და რითი დავიწყოთ?
არა, ახალი მწერალთა კავშირით არა, ეშმაკსაც წაუღია გრანტებს გამოდევნებული, თუ სისტემისგან დაფინანსებული ყოველგვარი ლიტერატურული კავშირები თავიანთი წესდებებით, ფორმალობებით, და სნობებად გადაქცეული მისი წევრებით.
კიდევ ერთი ქართული სასწაული რომ მოხდეს ახალი, მართლაც ეროვნული გამომცემლობა უნდა დაარსდეს.
აუცილებელად!
ახალი სივრცე უნდა შეიქმნას მათთვის, ვინც ქართული სულით წერს.
ლიტერატურული კრიტიკა უნდა დაბრუნდეს,
ნიჭიერ ავტორებს გასაქანი უნდა მიეცეს,
ნიჭი უნდა დაფინანსდეს, ნიჭს ფული უნდა გადავუხადოთ, და არა პირიქით, ახლა რომ აკეთებენ გამომცემლობები.
უნიჭობას რომ ართმევენ ფულს, და მაკულატურას რომ ავრცელებენ.
ახალი მძლავრი, ეროვნული გამომცემლობა, თავისი სტამბით, და წიგნების საპრეზენტაციო სივრცით, ნიშნავს ობიექტურ ლიტერატურულ კონკურსებს, ახალ ნიჭიერ ავტორებს, და წიგნებს, წიგნებს, წიგნებს, და ჰონორარებს, ჰონორარებს.
ნიჭი მშიერი არ უნდა კვდებოდეს.
ნიჭი უნდა დაფასდეს და მისივე სიცოცხლეში, და არა ასი წლის შემდეგ.
მწერლობა უნდა გახდეს ქართული, ობივატელი რომ გაირყეს, პასუხისმგებლობის გრძნობა რომ გაუჩნდეს, საერო საქმეებში რომ მიიღოს მონაწილეობა.
მწერლობა გმირებზე უნდა საუბრობდეს,
ჰეროიკული თემატიკა წამყვანი და ტონის მიმცემი უნდა გახდეს.
დიახ, ამას დრო სჭირდება, ხანგრძლივი დრო, მაგრამ ეს უნდა მოხდეს, ეს უნდა გაკეთდეს, ეს უნდა დავიწყოთ.
დიახ, აი, აქ, ზუსტად აქ, მარტყოფის ველზე
ბევრ სხვა სტრუქტურასთან ერთად კიდევ ერთი დაწესებულება დაიწყებს მუშაობას.-
გამომცემლობა ” საადგილმამულო”!
.
გაზეთი ” საადგილმამულო” #6
.
გუჯა შვანგირაძე (გუჯა ბიძია)
Subscribe
Notify of
guest
0 Comments
Inline Feedbacks
ყველა კომენტარის ნახვა