You are currently viewing ქუთაისობას

ქუთაისობას

ქუთაისობას
.
გახედე, აბა,.. არსად არ არის ცა, ასე ახლოს,
როგორც იქ, ხვამლზე, მთის ქვაბში სახეც კი დაიბანა,
ეს არის ზე- ცა, აცეკვებულიც თუ გინდა ნახო,
აქედან იწყებს კავკასიონისფერ განდაგანას.
იმ სიმაღლიდან თვალი, მშიერი, ზღვასაც გაარჩევს,
მოპარულ საწმისს თუ კი დაეძებს, და თუ ნატრულობს,
და მრავალხმიან, იმ მოძახილსაც სმენას შეაჩვევს,
მივიწყებულს რომ გაახსენებენ მთები, “ჩაკრულოს”
დაბლა, ქალაქში, დააბოტებენ დინოზავრები,
და კვლავ ამჩნევენ ბევრჯერ ნაფერებ მიწას ნაკვალევს
ისევ ჩადიან ვიწრო ქუჩები- თანამგზავრები,
იმ მდინარესთან, საუკუნეებს რომ უთვალთვალებს.
და კვლავ მიფრინავს ხიდიდან წყალში ხორცი და ძვალი,
თეთრ ქვებთან, – იქ ხომ აკვანია, რომ ტალღამ არწიოს,
ნაპირზეც მზე დგას, რომ მომავალი და ხერხემალი
გამოწვას მერე და ორლესულად გადააქციოს.
გახედე, აბა, სხვაგან სად არის ცა, ასე ახლოს?
როგორც იქ, ხვამლზე, ქვაბულში სახეც კი დაიბანა,
ცა? – არა!
ზე – ცა! ..
და მისი ცეკვაც, თუ გინდა ნახო,
აქედან იწყებს კავკასიონისფერ განდაგანას.
.
გუჯა ბიძია.
.

Subscribe
Notify of
guest
0 Comments
Inline Feedbacks
ყველა კომენტარის ნახვა