არ ვიცი, როგორ ითამაშებდა ამ როლს სპარტაკ ბაღაშვილი, მაგრამ ფაქტია, რეზო ჩხეიძემ თავისი გაიტანა და როლზე სერგო ზაქარიაძე დაამტკიცეს.
და დღეს ძნელია წარმოიდგინო სხვანაირი ჯარისკაცის მამა.
უბრალოდ შეუძლებელია..
საგრიმიოროში დავადექიო თავზე, იხსენებდა ჩხეიძე.
გრიმს უკეთებდენო და ეტყობა არ მოსწონდაო რაღაც, და მე არც მომაქციაო სალამზე ყურადღება.
არც მაშინ გამომხედაო, რომ ვუთხარი, ბატონო სერგო, სცენარი მოგიტანეთო.
და ავდექიო მეც, და უნებართვოდ, იქავე დავიწყეო ამბავის მოყოლა.
მხოლოდ მაშინ ასწია თავი ზაქარიაძემ , როცა იმ ადგილამდე მივედი, ჰოსპიტალში რომ არ დახვდაო მახარაშვილს შვილი.
მხოლოდ აქ ამომხედაო, დაინტერესებულმა.
და მერე რა ჰქმნაო, შენმა მახარაშვილმა.
და გავაგრძელეო მეც, თუ როგორ მოხვდა კახელი გლეხი ომის წინა ხაზზე, როგორ დაატოვებინა თავი გენერალს ნაწილში, როგორ ომობდა და როგორ დაეძებდა მთელ ფრონტზე შვილს, დღეები, თვეები, წლები, და როგორ იპოვა ბერლინში, ნანგრევებში, როგორ იცნო ხმაზე, სიმღერაზე..
მერე? რა მოხდაო, მერე?
აქ სერგო უკვე ფეხზე წამოდგა და მომიახლოვდაო, და გავაგრძელეო, და როცა მივედი იმ ადგილამდე , სადაც მამა უკვე ხელში ჩამკვდარ შვილს ეუბნება, დედაშენს რა ვუთხრაო, ბიჭო?
პატარა ბავშვივით აუთამაშდაო სახე ზაქარიაძეს.
ტიროდაო ზაქარიაძე.
და მივხვდიო, ჩხეიძემ, რომ არ შევმცდარვარო და რომ მან, და მხოლოდ მან უნდა ითამაშოსო ეს როლი, და ვუთხარიო კიდეც სათქმელი და..
წუთით გაჩუმდაო, და რო გაიაზრა კიდევ ერთხელ ყველაფერი, გრიმი გვერდით გადადო და კვლავ ტირილი დაიწყოო და ავტირდიო მეც..
ამ ცრემლებიდან დაიწყო ყველაფერი.
მის შემდეგ 60 წელი გავიდა და ამ წლების განმავლობაში მილიონობით , სხვადასხვა ეროვნების ადამიანი ფილმის ნახვისას ზუსტად ისევე იქცევა , როგორც იმ დღეს ის ორი დიდი ნიჭის, უზარმაზარი ნიჭის მქონე ქართველი.
ქართველი, ხო, შენი სისხლი და ხორცი.
და ყველა ის ქართველიც, ვინც მეორე მსოფლიო ომში ნებით, თუ იძულებით იბრძოდა, ღირსია მართლაც მათი გმირობის იმ სადიდებელისა, რაც ამ ფილმით შექმნეს.
მაგრამ სხვა რამეზე ღირს დაფიქრება, როცა სამამულო ომზე ვსაუბრობთ.
პარადოქსია, მაგრამ ფაქტია, ქვეყანამ, რომელმაც 1921 წელს ტაბახმელასთან მხოლოდ 200-მდე იუნკერით იომა, 20 წლის შემდეგ 700000 ჯარისკაცი გაუშვა ფრონტზე.
ის, რაც ვერ მოხერხდა 1921 წელს საქართველო -რუსეთის ომის, და ვერ მოხერხდა 1924 წლის აჯანყების დროს, შესაძლებელი გახდა 20 წლის შემდეგ.
სისტემამ შეძლო და 1924 -1940 წლების რეპრესიებით, პლიუს ყოვლისმომცველი და მიზანმიმართული იდეოლოგიით, ლოზუნგებით თანასწორობაზე, და შესაბამისად საბჭოთა მენტალობის ახალი ადამიანის შექმნით შეძლო და თითქმის მილიონამდე ქართველს ჩააცვა ჯარისკაცის ფარაჯა.
ეს კოლოსალური რიცხვია, უზარმაზარი რიცხვი, ამდენ ჯარისკაცზე ბევრი დიდი სახელმწიფოც კი ვერ იოცნებებს, და პატარა საქართველოს დღეს რომ შეეძლოს იგივე, თუნდაც ამ რიცხვის მესამედის იარაღის ქვეშ დაყენება, ნებისმიერ მტერთან ომში გავიმარჯვებთ.
და რა გამოდის?
რომ საზოგადოების უმრავლესობას ქვეყანა სამშობლოდ მიაჩნია მაშინ, როცა არსებობს და გამართულად მუშაობს ის საზოგადოებრივი და სახელმწიფო ინსტრუმენტები, – ოჯახი, სკოლა, უნივერსიტეტი, კულტურის დაწესებულებები, სამეცნიერო, სოციალური და ეკონომიკური ინსტიტუციები, საინფორმაციო საშუალებები, და ეროვნული ელიტა – რომლებსაც საზოგადოება ამ აღქმამდე მიჰყავს.
ეს არ ნიშნავს, რომ ასეთი ორგანიზება მხოლოდ საბჭოურ სისტემას შეეძლო.
არა რა თქმა უნდა, და ამის დასტურად ისრაელის მაგალითიც კმარა, და ნებისმიერი სხვა განვითარებული ევროპული ქვეყნისა.
საბჭოეთის დაშლასთან ერთად კი საბჭოეთზე მორგებული ინსტრუმენტებიც გაცვდა და ვითომ დამოუკიდებელ საქართველოში, კაპიტალიზმზე მოუქნელად გადაწყობილმა სისტემამ ამ 30 წლის განმავლობაში საზოგადოების წინააღმდეგ იმუშავა, და ჩვენი თვითშეგნებიდან რაც დარჩა ახლა, მხოლოდ იმისთვისღა კმარა, ის ბაბუები გავიხსენოთ, რომლებიც ერთ დროს ტყვიას არ შეუშინდნენ 21-ში, 24-ში, თუ 41-ში და რაც დაგვრჩა ესეც გაქრება ჩვენს თაობასთან ერთად, და გამქრალია კიდეც, რადგან ჯერ კიდევ აგერ, აფხაზეთისთვის და სამაჩაბლოსთვის ომებმა გამოაჩინა, რომ საზოგადოების უმრავლესობა ქვეყანას სამშობლოდ ვეღარ აღვიქვამთ, თუ მის დასაცავად მოსახლეობის ძალიან მცირე პროცენტი ომობს.
დღეს რომ ომი დაიწყოს, დიდ ქვეყნებთან კი არა, სომხეთთანაც კი წავაგებთ ომს.
არა გვაქვს სამშობლოს აღქმა, არა,
თორემ ეს 30 წელი ამ პოლიტნაგვებს, ქვეყანას რომ ძარცვავენ და გვიყიდიან, კი არ ავიტანდით.
ასეთ ხალხს ჯარისკაცის ფარაჯას ჩააცმევ?
მიტომაც ეძებენ ბატონს, ხან რუსს, ხან ამერიკელს, ისევ რუსს, და მალე ჩინეთისკენ დაიწყებენ ცქერას.
ხო, გამოდის , რომ დღეს სანამ მშვიდობაა, იმ ინსტრუმენტების შექმნაზე და მათთვის ისეთი შინაარსის მიცემაზე უნდა ვიზრუნოთ თვითშეგნების აწევაში რომ დაგვეხმარება, და ქვეყანას რომ სამშობლოდ გადაგვიქცევს, და უნდა ვიზრუნოთ ჩვენ თვითონ, ქვემოდან, თვითორგანიზაციით, დამოუკიდებლად, რადგან დღეს სისტემას სხვა ომი აქვს , – საკუთარ ხალხს ეომება.
და რითი უნდა დავიწყოთ?
თუნდაც, აი, ასეთი ჰეროიკული ფილმებით, ჰეროიკული სპექტაკლებით, ჰეროიკული ლიტერატურით, სულს რო შეგირყევს, ფეხზე რომ წამოგაგდებს.
ფილმი ” ჯარისკაცის მამა” თვალსაჩინოებაა იმისა, თუ რა ძალა აქვს ხელოვნებას,
რადგან ეს ნიჭიერად გადაღებული ფილმი ახერხებს, მაყურებელს დაავიწყოს, რომ 1941-1945 წლების ომი არ იყო ქართველისთვის სამამულო.
დაავიწყოს, რომ 1921 წელს რუსმა ქვეყანა ძალით გაასაბჭოვა, და მის მერეც უამრავი ქართველის სისხლი დააქცია.
ამას ყველაფერს გავიწყებს დიდი ხელოვნება.
და დღეს, დამოუკიდებლობის დროს, სისტემა ისევ ასეთ ფილმებს იყენებს, რომ რუსულ ორბიტაზე დააბრუნოს ობივატელი.
და ჩვენც, იგივე იარაღით, – ხელოვნებით- უნდა ვიმოქმედოთ,
არა გვაქვს გადასაღები თემები, თუ რა?
არ იყო 1921 წლის ომი?
არ იყო 1924 წლის აჯანყება?
არ იყო 1978 წლის 14 აპრილიც?,
არ იყო ეროვნულ- გამანთავისუფლებელი მოძრაობა?
9 აპრილიც არ იყო და არც დამოუკიდებლობის აღდგენა?
არ იყო რუსული სამხედრო პუტჩი?
არ გვყავდნენ აფხაზეთის და სამაჩაბლოს ომის გმირები?
ბოლო 30 წელიც ერთი დიდი ომია იმ ბოლშევიკურ სისტემასთან, საქართველოს გასაბჭოების შემდეგ რომ არ შეცვლილა.
გადავიღეთ? დავდგით სპექტაკლები? დავწერეთ წიგნები?
30 წელი დავკარგეთ, ხო,
და ახლა ნუ გიკვირთ, რომ ისინი, რომელთა ბაბუებიც მეორე მსოფლიო ომის დროს ფაშიზმს ებრძოდნენ, დღეს, რუსულ ფაშიზმს რომ “აპრავებენ”.
ნუ გიკვირთ,
უბრალოდ შეახსენეთ ასეთს, ვის და რატომ აარტყეს კახელი გლეხის დაკოჟრილი ხელით მწარე ალიყური.
.
წერილებიდან ” დრამატული დრამატურგია.”
გუჯა ბიძია.
.