
გითხრათ, სად იყო 2025 წლის 6 აგვისტოს, ის 100 000 კაცი ერთ დროს ხორუმს რო ცეკვავდა რუსთაველზე?
და ის ხალხი, კილომეტრიანი სუფრა რომ გაშალეს იქვე, გითხრათ, ახლა რომელ სუფრასთან არიან?
და ის ასობით მარშები ყველა ქუჩიდან რუსთაველისკენ რომ მიდიოდნენ, არ გაინტერესებთ ახლა რომელ ქუჩებს ტკეპნიან?
და რატომ არ იყვნენ სასამართლოს წინ 6 აგვისტოს?
და 7 აგვისტოს?
ხომ ვიცით, რომ სისტემა თავებს ითვლის, და თავების ეშინია?
მაგრამ აზრიანი, გეგმიანი, და საქმიანი თავების.
და მართლაც რომ ყოფილიყო მზიას და ნინოს პროცესების დროს 100 000 კი არა, თუნდაც მისი მეათედი, დარწმუნებული იყავით, სასამართლო სულ სხვა გადაწყვეტილებას მიიღებდა.
და აბა, სად იყვნენ?
სანამ პასუხს გეტყოდეთ, მინდა ვთქვა,
ორი ქალბატონი თავისი უტეხი არსებობით, და პროტესტით, ახლა იმაზე მეტს აკეთებს, ვიდრე ათასი ჯურის მარშები, თუ ოპოზიციური პოლიტპარტიები, და თუნდაც სხვა პოლიტპატიმრები..
და ამ ორი შეწირული ქალბატონის პროცესების და მასთან დაკავშირებული მოვლენების ანალიზით შესაძლებელია იმის დადგენაც, თუ რამდენად ადექვატურად აფასებს საზოგადოება რეალობას, შეუძლია თუ არა ეომოს სისტემას, ანდა აქვს თუ არა უნარი გვერდით დაუდგეს და დაიცვას სისტემის მსხვერპლი, და შესაბამისად საკუთარი თავიც.
და ადექვატური თუ არის საზოგადოება, თავდაცვის ინსტიქტს მაინც ხომ უნდა გავეყვანეთ ყველანი გარეთ სასამართლოს დროს?,
რადგან ელემენტარული ლოგიკაა, თუ სისტემა დაუსჯელად ძალადობს, მზიას და ნინოს შემდეგ თითოეულ ჩვენთაგანს მოგვადგება.
ჩვენ რა გავაკეთეთ?
ჩვენ კიდევ ერთხელ არა მხოლოდ ის დავადასტურეთ, რომ ადექვატურები არა ვართ, და საკუთარი თავიც კი ფეხებზე გვკიდია, არამედ ისიც, რომ უბრალოდ ემპათიაც კი არა გვაქვს განწირული ადამიანების მიმართ,
და არა მხოლოდ სისტემისგან, არც სტიქიისგან თუ ავადმყოფობისგან განწირული არ გვეცოდება.
რეაქცია გვაქვს მხოლოდ სიტყვებით, ერწუთიანი, ან ერთდღიანი ამოოხვრით, – საქმით კი არაფერი.
და მეორე დღესვე ვივიწყებთ.
თუ ვცდები, გადახედეთ აბა, სოცქსელებს თუნდაც, რამდენი ავადმყოფი ბავშვის მშობელი ითხოვს ერთი ლარით დახმარებას, ანდა ინფორმაციის გადაზიარებას მაინც,
სულ ერთი წამი უნდა ხომ ამას?, –
და რამდენი ვაკეთებთ? – ერთეულები.
უმრავლესობას სად გვცალია, უფრო მნიშვნელოვანი თემებით ვართ დაკავებული.
არადა, სხვისდამი თანაგრძნობის გამოჩენით იწყება ქვეყნისთვის მეომარი ადამიანის გვერდით დგომაც, და ქვეყნისთვის სამსახურიც.
ერთი გადახვევაც, ლიტერატურით, –
გრაფი სეგედი სანამ შეწყალების ქაღალდს გადასცემს აბრაგს, მისი მეგობრების საშუალებით ცდილობს დაადგინოს, თუ რამდენად მისაღები შეიძლება იყოს დათა რეჟიმისთვის და აბრაგის ცხოვრებიდან ერთ ეპიზოდსაც განიხილავს, და ბოლოს დათას აზრითაც ინტერესდება.
– ის , ვინც გაჭირვებაში ჩავარდნილი ადამიანის მისაშველებლად იმ მომენტშივე არაფერს არ აკეთებს, აღარ არისო ხელისუფლებისთვის საშიში და აი, ამიტომაცო აღარ ვარო, თქვენო ბრწყინვალებავ, საშიშიო მეც – დათამ..
ზემორე თქმულს თუ განვაზოგადებთ და გავაანალიზებთ, იმასაც, თუ რა რეაქციას აკეთებდა ამა თუ იმ საზოგადო პრობლემაზე ხალხი ამ ბოლო 30 წლის განმავლობაში , შეიძლება ითქვას , რომ ქართული საზოგადოებაც არ არის მოძალადე სისტემისთვის საშიში.
არც მოძალადე სისტემისთვის და არც საერთოდ მოძალადეებისთვის.
აღარავისთვის აღარ ვართ საშიშნი ჩვენც, თქვენო ბრწყინვალებავ..
ჯერჯერობით, არა ვართ.
არც საშიშნი ვართ სისტემისთვის და არც იმედი არ ვართ შეწირულებისთვის.
და საერთოდ, საზოგადოებაც არა ვართ, ჯერ,..
6 აგვისტოს კიდევ ერთხელ გავუშვით შანსი ხელიდან საზოგადოება გავმხდარიყავით.
და აბა, ვინ ვართ?
ჩვენ ის ხალხი ვართ, მეფე ერეკლეს ომებში რომ არ მივდივართ, საკუთარი ბებიის გასვენების მომიზეზებით.
სამაგიეროდ მეფე ერეკლეს გასვენებას ერთიც რომ არ ვაკლდებით.
რადგან გმირის და შეწირულის გასვენებაში გასეირნებას არ ჭირდება ხმლის მოქნევა.
მორჩა პროტესტის 258-ე, თუ მერამდენე დღეც.
და დარჩა მზიაც და ნინოც ახლობლების, და ოჯახის წევრების და ერთეულების ანაბარა.
დანარჩენი საზოგადოება კი ევროკავშირის იმედით, და კიდევ ამერიკული სანქციები წამოეწევა – აბა, რა, აბა, რა..
ერეკლე მეფეც გაცოცხლდება,
და შესაბამისად კითხვას, სად იყო 6 აგვისტოს ის 100 000 კაცი ერთ დროს რომ ცეკვავდა და ხინკალს ჭამდა რუსთაველზე, იმის მაგივრად რომ პროტესტი ლოგიკურ შედეგამდე მიეყვანა, ერთი პასუხი აქვს მხოლოდ, –
სად იყო, და საკუთარი ბებიის გასვენებაში.
და 4 ოქტომბერს სად იქნება, გითხრათ?
.
“საადგილმამულო ალმანახი” # 4
გუჯა შვანგირაძე (გუჯა ბიძია)
.