
კარგა ხანია აღარ მინახავს უბანში, სულ მინდა, ვკითხო ვინმეს, მაგრამ რო გავდივარ გარეთ მავიწყდება მერე.
ეგ ამბავიც მასზეა, უფრო სწორედ მასზე კი არა, სხვა რამეზეა, და მიტომაც შევიტანე ჩემს წერილებში ” დრამატული დრამატურგია”
და რადგანაც კიდევ ერთხელ მოტრიალდა 12 სექტემბერი გავიხსენებ კიდევ.
იმ დღეს ჯერ დილით ვნახე, უკვე ბაღში იჯდა, ლავოჩკაზე.
როგორა ხარ, მეთქი, და
ისე ვარ, როგორც ილია, მის დასაფლავებაზე, გაჭრილ საფლავთან, სოციალ-დემოკრატებმა რო აგინესო და მისმა თანამოაზრეებმა ხმაც რომ არ ამოიღესო.
გაგიჟდებიო კაცი, როგორ შეიწერესო მიცვალებულის გინება, და ვინო, კაცო, ალბათ იქვე იდგაო აკაკიც, გოგებაშვილიც, ნიკოლაძეც, სარაჯიშვილიც, სხვებიც, და ერთი სიტყვა მაინც როგორ არ თქვესო მის დასაცავად.
გამცრა, კი მაგრამ , ამან საიდან იცის ეს ამბები მეთქი, გავიფიქრე, და გავჩუმდი.
მერე გამოწვდილი ხელი დავინახე და ნიკალაევიჩ, ხო იცი არ ვსვამ, ნუ გწყინს, გამოჩნდება ვიღაც მეთქი და კიდევ ერთხელ ავირიდე გაქონილ ჭიქაში ჩასხმული არაყი.
მართლა უცნაური იყო, მარტო რომ იჯდა, და ის უფრო უცნაური, მარტო რომ უტყდებოდა დალევა.
დღეს რო იმ კაცს არ გაიხსენებ, რა ჩარუმჩათლახი უნდა იყოო,
ისე თქვა, თითქოს მიზეზი სჭირდებოდა დალევაზე.
დადგა ჭიქა, და აზრზე ხარო, რომ დაცლოდაო ასე 15 წელი კიდევ, რა მოხდებოდაო,
დამოუკიდებლობას ხო მოესწრებოდაო,
სავარაუდოდ მთავრობაში ხო იქნებოდაო, სავარაუდოდ არც მთავრობა იქნებოდაო მენშევიკური, და სავარაუდოდ, 21 წელსაც ვერ გაგვასაბჭოებდაო რუსი,
ვერ გაგვასაბჭოებდნენო, და სავარაუდოდ ვერც სტალინი შეინარჩუნებდა პალაჟენიას რუსეთში, რადგან საქართველოს სსრკში ყოფნა იყოო რუსი ბოლშევიკების ელიტაში ჯუღაშვილის ყოფნის გარანტი.
სავარაუდოდ, ტროცკი იქნებოდაო გენსეკიც, მსოფლიო რევოლუციაზე და სამხედრო კომუნიზმზე რო ოცნებობდაო, ლენინზე მეტი სისხლიანი, და სავარაუდოდ მსოფლიო ომსაც გააგრძელებდაო,
და რუსი, იასნია, კიდევ ერთხელ დამარცხდებოდაო, და საბოლოოდ დაიშლებოდაო,
და რამდენ უბედურებას გადავრჩებოდითო, აზრზე ხარო?
მაგრამ
აუცილებელი შემთხვევითობის თეორიის მიხედვით მე და შენ აღარ ვიქნებოდითო, რადგან საბჭოეთი არ იქნებოდაო, და ზნაჩეტ, იქ დაბადებული ჩვენი მშობლები ვერასოდეს შეხვდებოდნენო ერთმანეთს.
ვერ შეხვდებოდნენ, და ჯანდაბასო ჩვენი თავი, თუ ის კაცი გადაურჩებოდაო წიწამურს.
ჰა, რას იტყვიო, და კიდევ ერთხელ გამომიწოდა ჭიქა.
გოგია მეუბნებოდა ამას,
გოგია, გახსოვთ, ხო,?
გიყვებოდით მასზე,
დღე რო მათხოვრობს, და საღამოს თავის კოლეგებს სუფრას რო უშლის,
ხო, პროფესიით არის ნიკალაევიჩი მათხოვარი, თორე სულით აკადემიკოსი გამოდის, ხო?.
იმ საღამოს მის სამუშაო ბირჟასთან კიდევ ერთხელ მომიწია გავლა.
და აქ ვნახე, ხო, ფოტოც გადავუღე და მეთქი, ეს აქ უნდა იწვეს და 150 ნაგავი პარლამენტში, მეთქი?, გავიფიქრე.
და ამათ გარდა ალბათ კიდევ რამდენი სვამს ამ ქვეყანაში ბერბიჭაშვილების სადღეგრძელოს დღეს, რამდენი აგინებს დღესაც ილიას, და რამდენს უხარია, რომ ისტორია სწორედ ისე წავიდა, როგორც წავიდა.
და სწორედ იმიტომ გაიჯეჯილეს ნაგვებმა დღესაც, იმიტომ გვასხედან თავზე, და იმიტომ გვასვრიან თავზე, რომ უმრავლესობა ჩუმად არის და არც არაფერს აკეთებს, არც საკუთარი თავის და არც სხვის დასაცავად,
სწორედ ისე, როგორც ის ხალხი მაშინ,
ზუსტად 115 წლის წინ, ილიას ახლად გაჭრილ საფლავთან რომ იდგნენ და უსმენდნენ, როგორ აგინებდნენ მოკლულს მკვლელები.
და ჩუმად მყოფები, კი არიან ღირსი იმისა, რაცა სჭირთ, მე და გოგი ნიკალაევიჩმა რა დავაშავეთ, თორე..
