
რაო?
არ გვინდა გადმოცემაო?
გაგეცინება კაცს,
ის მომენტი დგას, გალიის გარეთ ფრენა ჩიტს რო ავადმყოფობა და სამყაროს დასასრული ჰგონია.
ხო, ეგაა, გალიას კარს რო გაუღებენ ჩიტს, და ის რო გარეთ არ გამოდის, რადგან მიეჩვია გალიაში ყოფნას, და ჰგონია რო გარეთ ყოვედღიურობა კატასავით არის ჩასაფრებული, და დღეს არა და ხვალ შეჭამს.
ხო, რას მოვაყოლე ეგ ამბები?
ჭიათურის მაღაროელთა ნაწილი უარს ამბობს საწარმოს მაღაროელებისთვის გადაცემაზე.
ურჩევნიათ ყავდეთ ბატონი, და პატრონი, და საკენკი.
მესმის რო ეშინიათ, კატების, ძაღლების და მამაძაღლების.
მაგრამ ეს იმიტომ, რო არც იციან როგორ, და საით უნდა მოიქნიონ ფრთები.
წესით, უნდა სცოდნოდათ მუშათა მოძრაობის ისტორია, – როგორ იქმნებოდა პროფკავშირები, როგორ გადადიოდნენ თვითმართველობაზე საწარმოები, როგორ იქმნებოდა ამხანაგობები, არტელები, და სააქციო საზოგადოებები.
კარგი, კაპიტალიზმი არ იციან,
ბოლშევიკების ისტორია მაინც ხომ უნდა სცოდნოდათ?
როგორ აამუშავეს უცოდინარმა მუშებმა მიტოვებული ქარხნები, როგორ დაიქირავეს სპეციალისტები, როგორ ისწავლეს მათგან.
დღეს უფრო იოლია ეს ყველაფერი.
გასაგებია, ამ 30-წლის განმავლობაში იმდენი რამ მოხდა, ეჭვის საფუძველი რა თქმა უნდა არის, ფულის ტომრებისგან ყველაფერია მოსალოდნელი, მაგრამ ვიმეორებ – ის ფაქტი, რომ საწარმოს თვითმართველობა არის შესაძლებელი და ამის შანსი თუ მართლაც მოგცეს რაღაც მიზეზით, ნაწილობრივ თუნდაც, ამ შანსის ხელიდან გაშვება როგორ შეიძლება?
არ უნდა შეგეშინდეთ პასუხისმგებლობის აღების.
არც არის საჭირო მუშა კაბინეტში რომ ჩაჯდეს, – საკმარისია მუშებს საწარმოს აქციები ჰქონდეთ, და საწარმოს სამეთვალყურეო საბჭოში ყავდეთ თავისი წარმომადგენლები.
კონტროლია მთავარი.
დანარჩენ სამუშაო პროცესს დაქირავებული მენეჯმენტი წარმართავს, სპეციალისტები და ფინანსისტები წარმართავენ.
ეს მენეჯმენტიც კონკურსის მეშვეობით შეირჩევა.
ასე იმართება საწარმოები.
მაგრამ თქვენი ბრალი არაა, რომ არ იცით, ან წიგნებისთვის სად გეცალათ.
დამოუკიდებელი პროფკავშირები კი არა გყავთ, ამ თემებზე რომ ესაუბრათ თქვენთან.
არა უშავს, საკუთარი გამოცდილებით უფრო მიხვდებით, რაც უნდა გააკეთოთ, არც ეგ არ არის შორს.
ვერ მიხვდებით და გალიაში იქნებით მუდამ,
მუდამ შეგაშინებენ მჩხავანა კატებით და კატისფერი ძაღლებით, და ვერც ვერასდროს გაიგებთ რა კაიფია თავისუფლება.
.
გუჯა შვანგირაძე (გუჯა ბიძია)