
არაფერი გვაქვს ჩვენ აფსუებთან საბოდიშო, არც ოსებთან არაფერი გვაქვს საბოდიშო,
და საერთოდ ომით და სისხლით წართმეულს, ბოდიშით ვერ დაიბრუნებ.
ვერც რუსეთთან მოლაპარაკებით ვერ დაიბრუნებ.
დაბრუნების სანაცვლოდ რუსი აუცილებლად მოგთხოვს ევრაზიულ კავშირში გაერთიანებას, თუ საერთოდ რუსეთის შემადგენლობაში შესვლა არ მოგთხოვა.
და ეგ გამოვრიცხოთ საერთოდ.
ეგ დამოუკიდებლობის საბოლოო დაკარგვა იქნება, ისედაც ფიქციური დამოუკიდებლობა გვაქვს, მაგრამ დე იურე მაინც გვაქვს.
რუსეთის სივრცეში დაბრუნება გამოვრიცხოთ.
ორასი წლის განმავლობაში რუსისგან დაქცეულმა ქართულმა სისხლმა არც უნდა მოგცეს ამაზე ფიქრის უფლება.
უზნეობასთან ერთად, პოლიტიკურადაც წამგებიანია უკვე ეს, დღევანდელ მოცემულობაში, როცა რუსეთი შეიძლება საბოლოოდ ჩამოიშალოს.
თან არანაირი გარანტია არ არის, რომ აფხაზეთს და სამაჩაბლოს მართლაც დაგიბრუნებს.
და ამის პრეცედენტიც უკვე არსებობს.
აზრებაიჯანმა ისე შეიერთა ყარაბაღი, ერთი ხმაც კი არ ამოუღია რუსეთს.
ეს ფაქტი მაჩვენებელია იმისა, რომ რუსი არც არასდროს იყო, და არც მომავალში იქნება სანდო.
და ესეც არ იყოს, სომეხისგან განსხვავებით, რუს არ დაემორჩილება არც აფსუა და არც ოსი, უსიტყვოდ არ დახრის თავს, და წართმეულს უკან თავისი ნებით არ დათმობს.
ამ გზას ისევ სისხლამდე მივყავართ.
რუსეთ-უკრაინის ომმაც რუსეთი საერთოდ რომ ჩამოშალოს, არც ეს მოგვცემს ტერიტორიების დაბრუნების შანსს, და ვერც დასავლეთი ვერ დაგვეხმარება ამაში.
“ვერ” კი არა, “არ ” დაგვეხმარება.
რადგან არც დასავლეთს არ აწყობს ამ რეგიონში ეკონომიურად და პოლიტიკურად დამოუკიდებელი და ძლიერი ქვეყანა.
და გამოსავალი?
რა თქმა უნდა, როცა ვამბობთ, რომ ომით წართმეულს ბოდიშით ვერ დავიბრუნებთ, არ ვგულისხმობთ ისევ ომს, ესეც გამოვრიცხოთ.
პირველ ეტაპზე, ამ ჩვენი ტერიტორიების ისევ ეკონომიკური და სოციალური კავშირებით შემომტკიცებაა საჭირო.
აფსუასთვის და ოსისთვის საქართველოს სივრცეში ყოფნა უფრო მიმზიდველი და მომგებიანი უნდა გახდეს ეკონომიურადაც და პოლიტიკურადაც, ვიდრე ეს რუსეთია.
მაგრამ ამისთვის ისევ და ისევ კავკასიური სახლის იდეის წამოწევაა საჭირო.
რუსეთისგან და დასავლეთისგან დამოუკიდებელი კავკასიური სახლის.
უფრო მეტიც, ამ იდეის განვითარება და გაშლაა საჭირო, და მსოფლიო მცირე ერების კავშირის შექმნის ფუნქციაც უნდა ავიღოთ კავკასიელებმა, და პირველ რიგში ქართველებმა საკუთარ თავზე.
ეს უნდა მოხდეს,
სუსტი სუსტთან უნდა გაერთიანდეს, რომ ძალა გავხდეთ.
მსოფლიო მცირე ერების კავშირი, თავისი 320 მილიონი მოსახლეობით გეოპოლიტიკის სრულიად ახალი მოთამაშე იქნება და ზესახელმწიფოებისთვის ანგარიშგასაწევი.
რთული და ხანგრძლივი პროცესია ეს, და ისეთი მმართველობითი სისტემის პირობებში, როგორიც დღეს არის ჩვენთან, წარმოუდგენელია ამ შედეგის დადება.
ანუ, ისევ სისტემის შეცვლის აუცილებლობამდე მივდივართ,
და სისტემური ცვლილებების დაწყება კი მხოლოდ და მხოლოდ ხელისუფლებებზე ზემოქმედების საშუალებების – რეფერენდუმის და დეპუტატის გამოწვევის მექანიზმების – დაკანონებით არის შესაძლებელი.
ეს კი თავის მხრივ დიდი ადამიანური და ფინანსური რესურსის შექმნას მოითხოვს.
და ასეთი რესურსი როგორ?
ამ კითხვაზეც არის პასუხი, და პასუხისთვის და შედეგისთვის, ისევ იმ გზაზე უნდა დავბრუნდეთ ამ 150 წლის წინ რომ გაკვალეს საქართველოში.
წავიკითხოთ ილია,
კარგად წავიკითხოთ, სიღრმისეულად და არა ლოზუნგების და ციტატების დონეზე.
არაფერია შეუძლებელი.
წავიკითხოთ მეტი, გავიგოთ მეტი.
ცოდნა არ ვნებს, ვნებს არ ცოდნა!
.
გაზეთი ” საადგილმამულო” # 7
.
გუჯა შვანგირაძე ( გუჯა ბიძია)