ახლა შეიძლება ვინმე თქვას, რა მოხდა მერე, შეეშალათო..
შეიძლება შეეშალოს თხა და გიგოს, მაგრამ გამომცემლობამ ასეთი შეცდომა არ უნდა დაუშვას!,
გარეკანზე რომ ეს სწერია, წარმომიდგენია რა იქნება შიგნით.
ნუთუ ვინმე ფიქრობს, რომ ილიამ შემთხვევით დაალაგა სიტყვები?
“მამული, ენა, სარწმუნობა”
1860 წელს გააჟერა ეს ეროვნული იდეა პირველად ილიამ და სწორედ ასეთი თანმიმდევრობით.
დიახ, მამული!
მამულით იწყება ეს სამეული, მამულია მთავარი, ის მიწაა მთავარი სადაც მშობლიურ ენაზე საუბრობენ და ლოცულობენ.
მამულის გარეშე, არ იქნებაო არც ენა, და არც სარწმუნოებაო, ამას ამბობს ილია.
სარწმუნოებაშიც მხოლოდ რელიგიას არ გულისხმობდა.
ზოგადად რწმენას გულისხმობდა- რწმენას!
თვითშეგნებას, საკუთარი დანიშნულების აღქმას, ცოდნას გულისხმობდა, და ღმერთის და ქვეყნის სამსახურს,
ამიტომაც, ბევრ გაუკვირდება რასაც ახლა ვიტყვი, რომ მოგვიანებით, 1878 წელს ილიამ სამეულში ისტორია შეიტანა.
მამული, ენა, ისტორიაო,- ამბობდა.
ეს იყო გენიალური მიგნება, რადგან სხვადასხვა რელიგიის მქონე ქართველების თანაარსებობის საერთო ისტორიას გაუსვა ხაზი, და მამულის წინაშე ერთნაირი პასუხისმგებლობის ქვეშ დააყენა ქართულ მიწაზე მცხოვრები სხვადასხვა აღმსარებლობის მქონე ქართველები,- ქრისტიანებიც, მუსულმანებიც, კათოლიკეებიც, და სხვაც, – მაგრამ ქართველები.
დიახ, ყველა, ეროვნებით ქართველი ვინც კი საუკუნეების განმავლობაში ცხოვრობდა ამ მიწაზე, თუ დღეს ცხოვრობს, თუ მომავალში იცხოვრებს, ილიამ ახალი სამეულით- „მამული, ენა, ისტორია“ გააერთიანა და ამით დააყენა პასუხისმგებლობის წინაშე, და ამით სცა ქართველის ყველა აღმსარებლობას პატივი.
ასევე იქცეოდნენ ჩვენი დიდი გამაერთიანებელი მეფეები, როცა სახელმწიფო დროშად ისეთი სიმბოლიკით დატვირთულ დროშას ირჩევდნენ, რომლის ქვეშ ყველა აღმსარებლობის მქონე მეომარი იქნევდა ხმალს, იმ მიწის დასაცავად, სადაც ცხოვრობდა .
და ეს იყო დიდი პოლიტიკური და სახელმწიფოებრივი შეგნება, და ასე ზნეობით და ზეობით მივედით თამარის ოქროს ხანამდე.
და ილიამაც, საქართველოს უგვირგვინო მეფემაც იცოდა, რასაც ამბობდა.
დიახ, – „ მამული, ენა, ისტორია.“!
თუ არ იცი ისტორია, თუ არ გახსოვს ისტორია, არც იმის შეგნება გექნება, რა არის დასაცავი.
ელემეტარულია, ხო? მაგრამ ვიცით?
ილიას არ კითხულობს, ილია არ იცის საზოგადოების უმრავლესობამ, და ასეთი ხალხი ან შინაურ ან გეოპოლიტიკურ სიტუაციებში გაერკვევა?
მტერს და მოყვარეს გაარჩევს?
ასეთების უვიცობით სარგებლობს სწორედ სისტემა, და პაჭკა-პაჭკა გვატენის მოქადაგეებს, ასაუბრებს იმას, რაც მას აწყობს, და მრავლდებიან მათთვის ტაშისდამკვრელებიც, და ობივატელიც იჯერებს, რომ რუსეთი მართლაც მართლმადიდებლობის ციტადელია, და რომ მსოფლიო ლიბერასტებს ებრძვის.
და რომ ევროპა მხოლოდ ლიბერასტულია.
ამიტომაც აქაქანებს მათ სისტემა, რომ ყურადღება არ მიექცეს საკუთარ ქვეყანაში რა ხდება, – მიწები და წიაღისეული რომ უცხოელებზე იყიდება, ერთ ლარად რომ ჩუქდება, მოსახლეობა რო იძარცვება, შრომას რომ ფასი არა აქვს, ემიგრანტი და მიგრანტი რომ მრავლდება.
ობივატელმა უნდა ილაპარაკოს, უნდა იჭორაოს, უნდა დაუპირისპირდნენ ერთმანეთს უაზრო რამეებზე, ქუჩაში პროტესტით არ უნდა გავიდნენ, ეს მიზანი აქვს სისტემას, და კიდევ ერთი მიზანიც, – უვიცების მიერ შექმნილ “საზოგადოებრივი აზრს” სისტემა საღად მოაზროვნე ადამიანების საწინააღმდეგოდ მიმართავს.
აი, ის, ცრუავტორიტეტი, იტყვის, რიონის ხეობის მცველებზე, რომ რიონის ხეობა და გოლეთიანი ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის მტერია, და ობივატელიც “ჰკა, გოლეთიანსო” დაიძახებს.
ასეთი ხალხი იყო ჯერ შევარდნაძეს რომ შეეგუა, მერე მიშას და მერე გრიშას,
ასეთი ხალხი შეეგუა კოვიდტერორსაც.
ასეთი ხალხი შეეგუება ნებისმიერ დიქტატურას,
ნებისმიერ ფაშიზმს.
და ეს ფაშიზმიც დადგება,
ფსევდოეროვნული ფაშიზმი!
და 30-წლიანი ავტოკრატიული სისტემა კიდევ ერთხელ გადაიღებება.
ფსევდოეროვნული ფაშიზმია ავტოკრატიული სისტემების უკანასკნელი დასაყრდენი, რომლის შემდეგ ობივატელი ხბოს აღტაცებით შეხვდება მსოფლიო გლობალიზმის ნებისმიერ გამოვლინებას, რადგან ის ამას თავისუფლებად და ხსნად ჩათვლის.
და გაქრება მამულიც, ენაც, და ისტორიაც,
გაქრებიან მცირე ერები, და ჩვენც გავქრებით, თუ ილიას არ მივუბრუნდით, თუ ილია არ წავიკითხეთ, და თუ ვერ გავუგეთ ილიას.
თუ ვერ მივხვდით, რა არის პიროვნების და ერის ფუნქცია.
წავიკითხოთ მეტი, გავიგოთ მეტი!
ცოდნა არ კლავს, კლავს არცოდნა!
.
გაზეთი ” საადგილმამულო” #7
.