You are currently viewing 12 სექტემბერი

12 სექტემბერი

ისე წამოვედი თბილისიდან , კარგა ხანი აღარც მინახავს უბანში,
სულ მინდოდა მეკითხა ვინმესთვის მისი ამბავი, მაგრამ რო გავდიოდი გარეთ, მავიწყდებოდა მერე.
ახლა რასაც ვყვები, მასზეა, ხო,
უფრო სწორედ მასზე კი არა, სხვა რამეზეა, და რაკი კიდევ ერთხელ მოტრიალდა 12 სექტემბერი, – გავიხსენებ ისევ.
იმ დღეს ჯერ დილით ვნახე, უკვე ბაღში იჯდა, ლავოჩკაზე.
როგორა ხარ, მეთქი, და
ისე ვარ, როგორც ილია, მის დასაფლავებაზე, გაჭრილ საფლავთან, სოციალ-დემოკრატებმა რო აგინეს,
და მისმა პაძელნიკებმა ხმაც რომ არ ამოიღესო..
ეს რო გავიგონე, ვიფიქრე, ეე, მეთქი, ფაიზაღი ვიღაც მისმა კოლეგამ გააბრაზა მეთქი, ნიკალაევიჩი, მაგრამ მერე ისეთები მოაყოლა შემეცვალა ცოტა აზრი.
გაგიჟდებიო კაცი, როგორ შეიწერესო მიცვალებულის გინება, და ვინო, კაცო, ალბათ იქვე იდგაო აკაკიც, ექვთიმეც, გოგებაშვილიც, ნიკოლაძეც, სარაჯიშვილიც, , სხვებიც, და ერთი სიტყვა მაინც როგორ არ თქვესო მის დასაცავად.
გამცრა, კი მაგრამ , ამან საიდან იცის ეს ამბები მეთქი, გავიფიქრე.
მერე გამოწვდილი ხელიც დავინახე და ნიკალაევიჩ, ხო იცი არ ვსვამ, ნუ გწყინს, გამოჩნდება ვიღაც მეთქი და კიდევ ერთხელ ავირიდე გაქონილ ჭიქაში ჩასხმული არაყი.
მართლა უცნაური იყო, მარტო რომ იჯდა, და ის უფრო უცნაური, რომ უტყდებოდა მარტო დალევა.
დღეს, 12 სექტემბერს, ილიას მკვლელობის დღეს, რო იმ კაცს არ გაიხსენებ, რა ჩარუმჩათლახი უნდა იყოო, – ისე თქვა, თითქოს მიზეზი სჭირდებოდა დალევაზე.
დადგა ჭიქა, და აზრზე ხარო, რომ დაცლოდა, ასე 15 წელი კიდევ, რა მოხდებოდაო,
დამოუკიდებლობას ხო მოესწრებოდაო,
სავარაუდოდ მთავრობაში ხო იქნებოდაო, სავარაუდოდ არც მთავრობა იქნებოდაო მენშევიკური, და სავარაუდოდ, 21 წელსაც ვერ გაგვასაბჭოებდაო რუსი,
ვერ გაგვასაბჭოებდნენო, და სავარაუდოდ ვერც სტალინი შეინარჩუნებდა პალაჟენიას რუსეთში, რადგან საქართველოს სსრკში ყოფნა იყოო რუსი ბოლშევიკების ელიტაში ჯუღაშვილის ყოფნის გარანტი.
სავარაუდოდ, ტროცკი იქნებოდაო გენსეკიც, მსოფლიო რევოლუციაზე და სამხედრო კომუნიზმზე რო ოცნებობდაო, ლენინზე მეტი სისხლიანი, და სავარაუდოდ მსოფლიო ომსაც გააგრძელებდაო,
და რუსი, იასნია, კიდევ ერთხელ დამარცხდებოდაო, და საბოლოოდ დაიშლებოდაო,
და რამდენ უბედურებას გადავრჩებოდითო, აზრზე ხარო?
მაგრამ
აუცილებელი შემთხვევითობის თეორიის მიხედვით მე და შენ აღარ ვიქნებოდითო,
რადგან საბჭოეთი არ იქნებოდაო, და ზნაჩეტ, იქ დაბადებული ჩვენი მშობლები ვერასოდეს შეხვდებოდნენო ერთმანეთს.
ვერ შეხვდებოდნენ, და ჯანდაბასო ჩვენი თავი, თუ ის კაცი გადაურჩებოდაო წიწამურს.
ჰა, რას იტყვიო, – და კიდევ ერთხელ გამომიწოდა ჭიქა.
გოგია მეუბნებოდა ამას,
გოგია, გახსოვთ, ხო,?
გიყვებოდით მასზე,
დღე რო მათხოვრობს, და საღამოს თავის კოლეგებს სუფრას რო უშლის,
ხო, პროფესიით არის ნიკალაევიჩი მათხოვარი, თორე სულით აკადემიკოსი გამოდის, ხო?.
იმ საღამოს მის სამუშაო ბირჟასთან კიდევ ერთხელ მომიწია გავლა.
და აი, აქ ვნახე, ხო,
ფოტოც გადავუღე და მეთქი, ეს აქ უნდა იწვეს და 150 ნაგავი პარლამენტში, მეთქი?, – გავიფიქრე.
დარწმუნებული ვარ,
პოლიტნაგვების გარდა, კიდევ ძალიან ბევრი სვამს ამ ქვეყანაში ბერბიჭაშვილების სადღეგრძელოს დღეს,
ხო, დარწმუნებული ვარ ბევრს, ძალიან ბევრს უხარია, რომ ისტორია სწორედ ისე წავიდა, როგორც წავიდა.
და 30 წელი სხვის მოტანილ, სხვის ნაოფლარ, და ნაომარ ქვეყანაში ბაირამობენ ახლა მართლა ჩარუმჩათლახები.
წარმოუდგენელია, მართლაც,
რა უთავმოყვარეო ხალხი გამოვდივართ მთელი 30 წელი რომ ვეგუებით ყაჩაღებს, მანიაკებს, და ავადმყოფებს ხელისუფლებებში, და კიდე მათ მიერ მოწყობილ არჩევნებში რო დადის ხალხი, – ამას საერთოდ რა ქვია არ ვიცი.
ხო უნდა მიხვდე ერთხელაც რაც უნდა გაკეთდეს,?
ილია გყავდეს, მისი გაკვალული გზა იცოდე, და მესიებს მაინც პარტიებში ეძებდე ამას მართლაც ეროვნულ გამყინვარებას თუ დაუძახებ.
მაგრამ, იმიტომ გაიჯეჯილეს ნაგვებმა დღესაც, იმიტომ გვასხედან თავზე, და იმიტომ გვასვრიან, რომ უმრავლესობა არც კითხულობს ილიას, თუ კითხულობს ვერ გებულობს მის ნათქვამს, შესაბამისად არც ახსენებს ილიას და შესაბამისად, არც არაფერს აკეთებს, არც საკუთარი თავის და არც სხვის დასაცავად,
სწორედ ისე, როგორც ის ხალხი მაშინ,
ზუსტად 117 წლის წინ, ილიას ახლად გაჭრილ საფლავთან ჩუმად რომ იდგნენ და უსმენდნენ, როგორ აგინებდნენ მოკლულს მკვლელები.
და დღევანდელი “მაინც არაფერი გამოვა” მასტები , კი არიან ღირსი იმისა, რაცა სჭირთ,
მე და გოგია ნიკალაევიჩმა რა დავაშავეთ, თორე..
.
გუჯა შვანგირაძე ( გუჯა ბიძია)
Subscribe
Notify of
guest
0 Comments
Inline Feedbacks
ყველა კომენტარის ნახვა