
2026 წლის 9 აპრილს ჩანიშნულ არჩევნებთან დაკავშირებით, ჩემი პოზიცია მინდა ღიად დავაფიქსირო.
ვინაიდან რეჟიმის ალტერნატიული არჩევნების ამ ფორმაზე,- ინტერნეტარჩევნებზე, – 2014 წლიდან ვსაუბრობ, შესაბამისად ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ იდეის სწორი მიმართულებით განხორციელება, რათა იდეის გაუფასურება არ მოხდეს, და ის კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ჩემთვის, თუ რა ძალა ჩაატარებს ასეთ არჩევნებს.
ჩემი აზრით, ძალას, თუ პიროვნებებს,- რომლებმაც გამსახურდიას კანონიერი ხელისუფლების ძალადობრივი შეცვლის შემდეგ, ამ 30 წლის განმავლობაში, “დე ფაქტოდ” არსებული ხელისუფლებების მიერ მოწყობილ უკანონო არჩევნებში ერთხელ მაინც მიიღეს მონაწილეობა, ან უკანონო სახელისუფლებო სტრუქტურებში მუშაობდნენ რაიმე თანამდებობაზე, – წესით არ უნდა ქონდეთ, არც იურიდიული და არც მორალური უფლება, ასეთი ფორმატის არჩევნების ჩატარებისა.
რადგან დამნაშავე სისტემის, – ანუ, სისტემის, რომელმაც მოაწყო პუტჩი და მოკლა საქართველოს პირველი პრეზიდენტი,- ამ ავტოკრატიული სისტემის მემკვიდრე არალეგიტიმურ ხელისუფლებებთან ნებისმიერი ფორმით თანამშრომლობაც კი სისტემური დანაშაულში თანამონაწილეობაა.
აქედან გამომდინარე,
რეჟიმის არჩევნების ალტერნატიული ინტერნეტარჩევნების ჩატარების და ასეთი არჩევნების შედეგებისთვის ლეგიტიმაციის მიცემის იურიდიული და მორალური უფლება შეიძლება ქონდეს გამსახურდიას დროინდელი უზენაესი საბჭოს მხოლოდ ისეთ შემადგენლობას და იმ წევრებს, და მათთან ერთად იმ ჯგუფებს, რომლებიც არასდროს არ ყოფილან შემჩნეული უკანონო ხელისუფლებებთან თანამშრომლობაში.
და დღესაც, პრინციპულად არ თანამშრომლობენ რომელიმე რეჟიმის წარმომადგენლებთან.
მაგრამ ასეთ შემთხვევაშიც კი, აუცილებელია ცოდნა, თუ რა უნდა გაკეთდეს, რომ კანონიერების აღდგენის იდეა, და ინტერნეტარჩევნების შედეგები ისევ შევარდნაძის მემკვიდრე სისტემურმა ძალებმა არ გამოიყენონ.
რეჟიმის ალტერნატიულ ინტერნეტარჩევნებს აზრი მხოლოდ მაშინ აქვს, თუკი არჩევნები არა პარტიული სიებით, არამედ მხოლოდ მაჟორიტარული სისტემით ჩატარდება.
ანუ, მხოლოდ დამოუკიდებელი კანდიდატებით.
წინააღმდეგ შემთხვევაში, პარტიული სიებით ჩატარებული ინტერნეტარჩევნებით ისევ ნაციონალურ მოძრაობას, და ისევ ქართულ ოცნებას მიეცემათ პოლიტიკური მიზნების ასრულების საშუალება.
საბოლოოდ, ნაცი პროცესში მონაწილეობით იდეას გაათახსირებს, ქოცი კი ამას, ყველა თავისი პოლიტიკური მოწინააღმდეგის გასანეიტრალებლად გამოიყენებს.
და კანონიერების აღდგენის იდეა კი კიდევ ერთხელ ჩაკვდება.
ხაზგასმით მინდა ვთქვა – პარტიული სიებით არჩევნების ჩატარება კატეგორიულად არ შეიძლება!
რადგან ეს ნიშნავს, რომ იდეის წარმატებით განხორციელების შემთხვევაშიც კი აბსოლუტურად არაფერი არ შეიცვლება, და სახელმწიფო მართვის ისევ ის ბოლშევიკური სისტემა დარჩება, საქართველოს გასაბჭოების მერე რომ დამყარდა ამ ქვეყანაში, და მუდამ ერთ კაცზე რომ არის მორგებული.
ამიტომ კიდევ ერთხელ გავიმეორებ.
თუ გვინდა მართლაც ჩატარდეს რეჟიმის ალტერნატიული ინტერნეტარჩევნები, და მასში საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობამ მიიღოს მონაწილეობა, და შედეგიც დადგეს, მაშინ არჩევნების ორგანიზება, უზენაესი საბჭოს – უკანონო ხელისუფლებებთან შეურიგებელ, – პრინციპულ პოზიციაზე დარჩენილ ნაწილთან ერთად, ამ ერთი წლის განმავლობაში რუსთაველის პროტესტში მონაწილე
1- უპარტიო მარშების ორგანიზატორების,
2- დამოუკიდებელი პროფკავშირების ხელმძღვანელების,
3- პოლიტპატიმართა ოჯახის წევრების,
4- და სამღვდელოების წარმომადგენლებისგან შექმნილმა სამუშაო ჯგუფმა, უნდა აიღოს თავისთავზე.
ასეთი კოალიცია აუცილებელია, რათა ინტერნეტარჩევნების იდეა ფართოდ გავრცელდეს, საზოგადოების ყველა ფენამ მიიღოს, და აღიარებული იქნას მოსახლეობის მიერ.
სწორედ ასეთი კოალიცია, და არა რაღაც დანიშნული “მინისტრთა კაბინეტი”, რომელსაც არანაირი ავტორიტეტი და მხარდაჭერა არ ექნება საზოგადოებაში.
ამიტომ სწორედ ზემოთხსენებული კოალიციის მიერ მოწვეულმა სპეციალისტებმა, იურისტებმა, კონსტიტუციონალისტებმა, და პროგრამისტებმა უნდა მოახდინონ უპარტიო ინტერნეტარჩევნებისთვის აუცილებელი პროცედურების და მექანიზმების შემუშავება,
სწორედ ამ კოალიციამ უნდა უზრუნველყოს საარჩევნო კოდექსში შესწორებების შეტანაც, რომლის ძალითაც გახდება შესაძლებელი უპარტიო სისტემით არჩევნების ჩატარება.
რომლის მიმდინარეობაც თავისმხრივ, აუცილებლად საერთაშორისო დამკვირვებლების მხრიდან უნდა გაკონტროლდეს.
ყველა ეს ნაბიჯი აუცილებელია, დასავლეთის ქვეყნების მხრიდან არჩევნების შედეგების ლეგიტიმაციის მისაღებად.
ყველა სხვა დანარჩენი ქმედება, მიმართული არჩევნების დანიშვნის, და ჩატარებისკენ, – არის საქმისადმი არაკომპეტენტური დამოკიდებულება, და პრიმიტივიზმი.
და კანონიერების აღდგენის იდეის კომპრომეტაციაც, ინტერნეტარჩევნების იდეის გაუფასურებაც,
და შესაბამისად, წინდაწინ მარცხისთვისაა განწირული.
რადგან მოსახლეობის 5% -იც კი არ მიიღებს ასეთ არჩევნებში მონაწილეობას.
ეს კი ნიშნავს, რომ არ იქნება საზოგადოებრივი მოტივაციაც არჩევნების შემდეგ მრავალათასიანი და მრავალჯერადი აქციების ჩასატარებლად,
და ეს კი თავის მხრივ იმის წინაპირობაა, რომ ქოცური რეჟიმიც, და ავტოკრატიული სისტემაც კიდევ მრავალი წლით გაიხანგრძლივებს არსებობას.
დიახ, ამისკენ მივყავართ კანონიერების აღდგენის და ინტერნეტარჩევნების იდეის კომპრომეტირებას.
ამას გარდა,
30 -წლიანმა გამოცდილებამაც რაღაც ხომ უნდა გვასწავლოს?
რომ ხელისუფლებების შეცვლა, არ ნიშნავს სისტემის ცვლილებას.
სისტემის ცვლილება არის უპარტიო სისტემით არჩევნების ჩატარება, პლიუს ხელისუფლებებზე იმ ზემოქმედების მექანიზმების – სრულუფლებიანი რეფერენდუმის, და არჩეულის ვადამდე უკან გამოწვევის წესის – დაკანონება, რომელთა საშუალებით მოსახლეობას ექნება შესაძლებლობა მიიღოს უშუალო და პირდაპირი მონაწილეობა სახელმწიფო მმართველობაში.
უპარტიო სისტემა აუცილებელია!
თვითმართველობა აუცილებელია!
ხელისუფლებების კონტროლის მექანიზმები აუცილებელია! –
ხელისუფლებაში არჩეულმა ადამიანებმა ბატონებად კი არა, არამედ ხალხის მსახურად რომ იგრძნონ თავი.
ხოლო სამოქალაქო საზოგადოებას პასუხისმგებლობის გრძნობა რომ გაუჩნდეს.
ახალს არაფერს არ ვამბობ, წაიკითხეთ ილია!
და მის გზაზე რომ ვიაროთ, სწორედ ამიტომ უნდა გადავდგათ ყველაფრით მართებული, ყველანაირად გათვლილი, და ამასთანავე ზნეობრივი ნაბიჯები.
სწორედ ისეთი, როგორსაც მერაბ კოსტავა და ზვიად გამსახურდია გადადგამდნენ.
გავაკეთოთ დასკვნები.
და ნუ გავუშვებთ შანსს ხელიდან, აღვადგინოთ კანონიერებაც, შევცვალოთ სისტემაც, და მასთან ერთად ქვეყანაც.
მეტი შანსი შეიძლება საერთოდ აღარ გვქონდეს!
.
გუჯა ბიძია (გუჯა შვანგირაძე)