You are currently viewing ილიას მერე, კიდევ რამდენჯერ მოჰკლეს ილია.

ილიას მერე, კიდევ რამდენჯერ მოჰკლეს ილია.

კიდევ ერთხელ და ხაზგასმით, რადგან არ იცის ბევრმა.
ილიას დაკრძალვაზე, ზედ მის გაჭრილ საფლავთან აგინეს და ლანძღეს სოციალ-დემოკრატებმა მიცვალებული, და იქვე შეკრებილმა ილიას თანამოაზრეებმა, იმ ხალხმა ვინც ილიას მზეს ფიცულობდნენ ილიას სიცოცხლეში, ხმაც კი არ ამოიღეს, ერთი სიტყვაც კი არ თქვეს ილიას დასაცავად.
მის მერე კიდევ მრავალჯერ მოკლეს ილია.
ილია დღესაც დასაცავია,
დასაცავია, რადგან დღეს ისევ აგინებენ ილიას და მის გზას.
და ეს არც დღეს არ ხდება შემთხვევით, და არც შემთხვევითი ადამიანები არ აკეთებენ ამას.
ილიას აგინებენ პირდაპირ, თუ შეფარულად რუსეთუმეები, ძველი კომუნისტები, მაშინდელი ნომენკლატურის წარმომადგენლები და მათი ოჯახის წევრები, წითელი დირექტორების და წითელი ინტელიგენციის ნარჩენები, მათი შთამომავლები, პუტჩისტები, და ობივატელები.
აი, ის ობივატელები”37 მანეთად რუსეთში დავფრინავდი” მასტები, რომ არიან.
ილიას აგინებს ფარულად თუ ღიად, ყველა, ვინც სისტემის კმაყოფაზე და პარაზიტულად ცხოვრობდა საბჭოთა კავშირში, და ახლაც მისტირის რუსეთს.
ილიას აგინებენ, რადგან თვლიან, რომ ილიას მოძღვრებაზე აღმოცენებულმა ეროვნულ-განმათავისუფლებელმა მოძრაობამ დააკარგვინათ კომფორტი.
წინა საუკუნის ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობას, ანუ, ისევ და ისევ ილიას, აგინებენ ღიად თუ შეფარულად ფსევდოკონსერვატორებიც და ფსევდოლიბერალებიც, პარტიებიც და სოროსის გრანტზე მომჯდარი არასამთავრობოები,
ილიას აგინებენ სექტები, და დაჯგუფებები, პოლიტიკოსები და პოლიტიკოსობის მსურველები, ილიას აგინებენ ოლიგარქები და ფსევდოელიტა, ფსევდოხელოვანები და ფსევდოპროფესურა,
ეროვნულ მოძრაობას, ანუ ილიას ლანძღავს, ჩრდილში აყენებს და მისი მივიწყება სურს ყველას, ვინც შეგნებული სამოქალაქო საზოგადოების შექმნის წინააღმდეგია.
აგინებენ ეროვნულ – განმათავისუფლებელ მოძრაობას და ახლაც ყველანაირად ცდილობენ ამ მოძრაობის გაშავებას, და ბოლო სამი ათეული წლის ქვეყნის უძრაობა და პრობლემები საკუთარ თავს კი არა, ისევ და ისევ ეროვნულ მოძრაობას, და შესაბამისად, ილიას სურთ გადააბრალონ.
გამსახურდიას და კოსტავას არ ეომებოდნენ მაშინ, მაშინაც ილიას ეომებოდნენ ნეობოლშევიკები, დღესაც ისინი ეომებიან ილიას, და მის გზას, ვისაც საქართველო რუსულ სივრცეში სურთ დააბრუნონ და ასი წლის წინაც იმ ადამიანებმა მოკლეს ილია, რომლებიც რუსეთის იმპერიული ქვაბის ბოლშევიკურად გადაღებვაში ეხმარებოდნენ სისტემას.
მაგრამ ისინი ვერაფერს გახდებოდნენ, რომ არა გულგრილი საზოგადოება.
მდუმარე საზოგადოება,
ობივატელური საზოგადოება.
გულგრილი ადამიანი მკვლელზე მეტი მკვლელია.
ილიას ჰკლავს ის, ვინც ივიწყებს ილიას,
და ვინც მის გზას არ მიჰყვება, ილიას მკვლელია ისიც.
ილია დღესაც დასაცავია, და რომ დაიცვა ისევ და ისევ ილია უნდა იცოდე, ილია უნდა გესმოდეს, ილიას უნდა კითხულობდე.
წაიკითხე მეტი, გაიგე მეტი.
ცოდნა არ კლავს, კლავს არცოდნა!
.
გუჯა შვანგირაძე (გუჯა ბიძია)
Subscribe
Notify of
guest
0 Comments
Inline Feedbacks
ყველა კომენტარის ნახვა