
“კიდევ, კიდევ, ქალბატონო.. ”
.
გამეცინა, თავისუფალი თეატრის ხელოვანმა ხელმძღვანელმა ვარსემაშვილმა, კულტურის მინისტრს რო “დაუპაძერჟკა”
მაგრამ მანამდე იმ წარწერაზე გამეცინა, ეროვნულ გალერეაში, რომ ღაღადებდა, ხელოვნება დამოუკიდებელიაო.
დავეთანხმებოდი, ასე რომ ყოფილიყო ფორმულირებული “ხელოვნება უნდა იყოს დამოუკიდებელი”,
და აბა, სად არის?
დამოუკიდებელი კი არა, ამ ამქრის უმრავლესობა, თითზე ჩამოსათვლელი გამონაკლისის გარდა, ზემოდან გადმოგდებულ ძვალსა ხრავს, თუ არ ხრავს და ოცნებობს, რომ გადმოუგდონ.
ვინა ხართ დამოუკიდებელი? თეატრი, მწერალთა კავშირი, კომპოზიტორთა კავშირი, რუსთაველის საზოგადოება, თუ რა ვიცი კიდე რა ორგანიზაციები და საზოგადოებებია მანდ.
დამოუკიდებელი თუ არის ხელოვნება, მუდამ პროტესტის რეჟიმში უნდა იყოს.
ყველაფერი რიგზეა ამ ქვეყანაში?
გამაძღარი და კმაყოფილი ხელოვნება ხელოვნება არ არის, და სად არის აბა, პროტესტი?
გელათზე ხმას არ იღებ, დავითგარეჯზე ხმას არ იღებ, ხუჯაბზე ხმას არ იღებ, საყდრისზე ხმა არ ამოგიღია,
თუ ეს ძეგლები არ შედიან კულტურაში?
კარგი, და რუსთაველის თეატრში რომ სავარძლები აყარეს, და ბანკირებს ხინკალფართი მოუწყვეს იმ სცენასთან, რომელსაც მართლაც ბუმბერაზი ხელოვანების ნაკვალევი ახლაც აჩნია, მაშინ სად იყო დამოუკიდებელი ხელოვნება?
არ იყო იმ დარბაზში დანაჩანგალის ტრიალი, და ამოტენილი ყბების მოქნევა, ხელოვნების შეურაცხყოფა?
და სულ ახლახან, კოვიდტერორის დროს, მაშინ, როცა ქოცნაცური პარტიული სხდომები ხალხისგან გადაჭედილ დარბაზებში ტარდებოდა, მაშინ როცა კოვიდმამები ხალხით სავსე რესტორნებში კრამიტებით ჩაფსმამდე სვამდნენ , მაგრამ არ ტარდებოდა სპექტაკლები, არ იმართებოდა გამოფენები, დაბოქლომებული იყო საკონცერტო სივრცეები, და როცა გახსნეს, მაინც, მაყურებელს ყოფდნენ აცრილებად და აუცრელებად, და არ უშვებდნენ თეატრში, ვითომდა ადამიანის ჯანმრთელობაზე ზრუნვის საბაბით, აი, მაშინაც უნდა ყოფილიყო ხელოვნება დამოუკიდებელი,
და თუ ვინმეს აწუხებდა ხელოვნებაზე ძალადობა, მაშინაც უნდა გაეპროტესტებინა.
რაღაც არ მახსოვს ვინმეს ამოეღოს ხმა ან შემოქმედებითად, ან პერფომანსით, ან რაიმე სხვა ფორმით,.
და აბა სად არის მეთქი პროტესტი? სად არის თეატრი, და კინო? სად არის მწერლობა? სად არიან პოეტები? მხატვრები? მუსიკოსები?
ხელოვანი რომელიც ძალადობას არ აპროტესტებს, და არ აპროტესტებს მუდმივ რეჟიმში, ხელოვანი არ არის – ხელოსანია, და უფრო უარესიც..
კომუნისტების ზეობის დროს, ქუთაისში, ბაღისკიდესთან , ქალაქკომის წინ, მილიციის პოსტი იყო და იდგა, იქ ,თურმე, ერთი მილიციელი, სახელად ბუჭა.
ამას, რეზო ჭეიშვილი იხსენებს, აცხონოს მისი სული ღმერთმა, მართლა ხელოვანი კაცი,
ხო, იხსენებდა, ალბათ, ქალაქის მამების ვიღაცის ვიღაცა ახლობელი იყოო ბუჭაია, თორე ისე რა გამოსაჩენი ეგ კი იყოო, მეტრანახევარი სიმაღლის კაციო, ნახტომში.
გამწარებული ყავდათო ბავშვებს “ბუჭაია მილიციონერის” ძახილითო და კენჭების სროლით.
მოხდაო ისე, რომ დასჭირდა კომუნისტურ პროპაგანდას დაბალი ფენების წარმოჩინებაო და დასვეს ეს ჩვენი ბუჭაია მილიციონერი უმაღლესი საბჭოს დეპუტატადო.
ისე, ტომარად, თორე მას და მისთანებს როგორც ეხლა, არც მაშინ ეკითხებოდა ვინმე რამეს.
ხოდა, აირჩიესო და ახალი წამება დაიწყო მისიო და სულ მთლად რომ მოაძულეს “ბუჭაია დეპუტატი, ბუჭაია დეპუტატის” ძახილით თავი და ბაღისკიდეზე გამოსვლა შეაზარესო, შეუძახა და შეუკურთხა ერთხელაცო, მოსეირე ქუთაისელებს – როგორი ამომრჩევლებიც თქვენა ხართ ,ისეთი დეპუტატი გყევართო..
ეგაა,
რა ბუჭაია ხელოვანებიც ხართ, ისეთივე ბუჭაია ხელოვნება და კულტურა გაქვთ და ისეთივე ბუჭაია კულტურის მინისტრები გყავდათ, ახლაც გყავთ და გეყოლებათ კიდევ.
ფოტოზე რა არის და სწორედ ის ხინკალფართი რუსთაველის თეატრში რო გაუმართეს ბუჭაიებმა ბუჭაიებს.
.
გაზეთი ” საადგილმამულო” #7
