საადგილმამულო ფონდის წესდება თქვენს წინაშეა დოკუმენტი, რომელშიც მოცემულია საქართველოს საადგილმამულო ფონდის პროგრამა და საქმიანობის ძირითადი მიმართულებები. დოკუმენტი, რომელშიც ჩამოთვლილი პროექტების განხორციელებაში საზოგადოების მონაწილეობა შესაძლებლობას მოგვცემს გადაიჭრას მრავალი სოციალური და ეკონომიკური პრობლემა და საზოგადოების თვითორგანიზაციით შექმნილი ადამიანური და ფინანსური რესურსის მეშვეობით დავიკანონოთ ხელისუფლებაზე ზემოქმედების მექანიზმებიც, – სრულუფლებიანი რეფერენდუმი და დეპუტატის გამოწვევის წესი- რათა საზოგადოება უშუალოდ ჩაერთოს სახელმწიფოს მმართველობაში, შეცვალოს სისტემა და დაიბრუნოს ქვეყანაც. „საქართველოს საადგილმამულო ფონდი“ არაკომერციული იურიდიული პირია. ფონდის რეგისტრაციის თარიღია 18.02.2020 ფონდის საქმიანობა მიმართულია ქვეყნის სოციალური და ეკონომიკური გარემოს გასაუმჯობესებლად , საქართველოს მოსახლეობის პრობლემატური საკითხების გადასაჭრელად და მოიცავს ქართული საზოგადოების ცხოვრების ყველა სფეროს. 1- ფონდი დააფინანსებს პროექტებს, რომელიც მიმართული იქნება ქვეყანაში მიმდინარე პროცესების ასახვისთვის და საზოგადოებაში პოლიტგანათლებისთვის საჭირო საინფორმაციო საშუალებების ( გაზეთის, რადიოს, ტელევიზიის) დასაარსებლად. 2 – ფონდი დააფინანსებს პროექტებს, რომელიც უზრუნველყოფს მეურნის მიერ ბანკში სასესხო გარანტიის სახით ჩადებული სამეურნეო მიწის ბანკისგან გამოსყიდვას და მეურნეს სარგებლობაში დატოვებას. 3 – ფონდი დააფინანსებს პროექტს, რომელითაც შესაძლებელი გახდება მონაწილეობის მიღება სახელმწიფო ტენდერებში სასოფლო-სამეურნეო მიწების შესყიდვის მიზნით. 4 – ფონდი დააფინანსებს პროექტს, რომელიც მიმართული იქნება საზღვრისპირა რეგიონებში, მთასა და იმ ტერიტორიებზე, სადაც ქართული მოსახლეობა ეთნიკურ უმცირესობაშია სოფლის ტიპის დასახლებების აშენება- აღდგენისკენ. პროექტში გათვალიწინებული უნდა იყოს საერთო ფერმერული მეურნეობა და მცირე საწარმო, სოფლის მაცხოვრებლების დასაქმების მიზნით. გათვალისწინებული უნდა იყოს ასეთი ტიპის სოფლების ერთმანეთთან კოორდინაცია, ამ სოფლების საერთო ხელმძღვანელი ორგანო და სახალხო სასამართლო, საერთო ბიუჯეტი და სოფლის მაცხოვრებლების ქცევის კოდექსი. ქცევის კოდექსის დარღვევის შემთხვევაში, პროექტში გათვალისწინებული უნდა იყოს დამრღვევზე ზემოქმედების მექანიზმები , სოფლიდან გასახლების ჩათვლით. 5 – ფონდი დააფინანსებს პროექტებს, რომლებიც ითვალისწინებენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ თანამემამულეებთან კულტურულ და ეკონომიკურ კავშირებს. მათთვის საგანმანათლებლო, საინფორმაციო და სამედიცინო პროგრამებს. 6 – ფონდი დააფინანსებს პროექტს, რომლითაც განხორციელდება ქართული ემიგრაციის ხელისშემწყობი პროგრამა, შეუქმნის მოტივაციას ქვეყანაში დასაბრუნებლად. დაეხმარება მათ სამუშაო ადგილების მოძიებასა და შექმნაში, რეაბილიტაციასა და თავის დამკვიდრებაში. ემიგრანტებს შეეძლებათ, მონაწილეობა მიიღონ სპეციალურად, ემიგრანტებისთვის განკუთვნილ პროგრამებში, რომელთა საშუალებით ემიგრანტები ფონდის პროექტების თანამონაწილეები გახდებიან. 8 – ფონდი დააფინანსებს პროექტს, რომელიც ითვალისწინებს ლიდერთა სკოლის დაარსებას, რომელიც მიმართული იქნება ქართული ეკონომიკის განვითარებისთვის საჭირო უნარების მქონე მომავალი ბიზნესმენების და ეროვნული მიმართულების პოლიტიკური ლიდერების აღზრდისკენ. 9 – ფონდი დააფინანსებს პროექტებს, რომელიც მიმართული იქნება ისტორიული პიროვნებების და გმირების, ქვეყნისთვის თავდადებული ადამიანების ხსოვნის უკვდავსაყოფად. 10 – ფონდი დააფინანსებს პროექტებს, რომელიც მიმართულია ქვეყნისადმი დამსახურებული ადამიანების ღვაწლის წარმოჩინებისკენ, მათსავე სიცოცხლეში. 11- ფონდი დააწესებს ფონდის სახელობით ფულად პრემიებს მეცნიერების, ლიტერატურის, ხელოვნების, სპორტის განვითარებაში განსაკუთებული დამსახურებისა და საზოგადოებრივ საქმიანობაში განსაკუთრებული ღვაწლისთვის. 12- ფონდი დააფინანსებს პროექტებს, რომელიც ხელს შეუწყობს მეცნიერების სხვადასხვა დარგში კვლევითი ინსტიტუტების და ლაბორატორიების საქმიანობას. 13- ფონდი დააფინანსებს ტექნიკურ გამოგონებებს, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას და ქვეყნის თავდაცვითუნარიანობის გაძლიერებას. 14 – ფონდი დააფინანსებს პროექტებს, რომელიც მიმართული იქნება ქართული მწერლობის, მუსიკის, ფერწერის, ხუროთმოძღვრების , კინოსა და თეატრის განვითარებისკენ. 15 – ფონდი დააფინანსებს პროექტებს, რომელიც მიმართული იქნება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვა-აღდგენისკენ. 16 – ფონდი დააფინანსებს პროექტებს, რომელიც ითვალისწინებს სპორტული ცხოვრების წესის დანერგვას და სპორტული კლუბების ამოქმედებას. 17- ფონდი დააფინანსებს პროექტებს, რომელიც მიმართული იქნება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების და უსახლკარო და უმწეო მოხუცების დასახმარებლად. 18- ფონდი დააფინანსებს პროექტებს, რომელიც ითვალისწინებს სოციალურად დაუცველი პირების და მრავალშვილიანი ოჯახების სოციალურ და ეკონომიკურ დახმარებას. 19- ფონდი დააფინანსებს პროექტებს, რომელიც ითვალისწინებს განსაკუთრებული ნიჭის მქონე ახალგაზრდების საზღვარგარეთ სწავლებას. 20- ფონდი დააფინანსებს პროექტებს, რომელიც ხელს შეუწყობს ფერეიდნელ ქართველებთან და თურქეთში და მსოფლიოს სხვა ქვეყნებში მცხოვრებ, ქართული წარმოშობის და ქართული იდენტობის აღმქმელ პირებთან სოციალურ და კულტურულ, ასევე საგანმანათლებლო პროგრამებით კავშირების გაღრმავებას და საქართველოსთან ასოცირებას. 21- ფონდი დააფინანსებს პროექტებს, რომელიც ხელს შეუწყობს საზღვარგარეთ ქართული სათვისტომოების ჩამოყალიბებას და საქმიანობას. 22- ფონდი განიხილავს ნებისმიერ სხვა პროექტს, რომელითაც ფონდს მიმართავს საქართველოში თუ მის გარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეობის მქონე, ან მოქალაქეობის არმქონე, მაგრამ ქართული წარმოშობის ნებისმიერი პირი. პროექტებზე განცხადებების მიღება და განხილვა მიმდინარეობს ფონდის დაარსების პირველივე დღეებიდან, ხოლო დამტკიცებული პროექტების დაფინანსება იწყება პროექტის დამტკიცებიდან 3 თვის შემდეგ. ფონდის საქმიანობის წარმართველია ფონდის დირექტორი, მის მიერ შერჩეული გამგეობა და მრჩეველთა საბჭო. ფონდი განიხილავს საქართველოს მოქალაქეების ან მოქალაქეობის არმქონე , მაგრამ ქართული წარმოშობის მქონე პირებისგან საქართველოში , ან საზღვარგარეთ დაფუძნებული ორგანიზაციებისგან შემოსულ ყველა განცხადებას და საზოგადოების სამსჯავროზე გამოაქვს პროექტები , რომელიც იმ მომენტისთვის ყველაზე მეტად პასუხობს ფონდის საქმიანობის ამოცანებს და მიზნებს. ფონდი საზოგადოებასთან კავშირს ამყარებს, როგორც უშუალოდ, თბილისის ცენტრალური ოფისის მეშვეობით, ისე საქართველოს რეგიონებში და საზღვარგარეთ მცხოვრები ფონდის წარმომადგენლების საშუალებით. საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია გახდეს ფონდის წარმომადგენელი. ფონდის წარმომადგენელი საქართველოში და საზღვარგარეთ საზოგადოებას აცნობს ფონდის საქმიანობას, პროექტებს, პრიორიტეტებს, და ცდილობს, რაც შეიძლება მეტი ადამიანი ჩართოს ფონდის საქმიანობაში. ფონდის წარმომადგენლობის მსურველებმა ფონდის ელექტრონულ ფოსტაზე უნდა გამოაგზავნონ საკუთარი მონაცემები: გვარი, სახელი, პირადობის ნომერი, ასაკი, პროფესია და იმ ქვეყნის და ქალაქის დასახელება, სადაც მოცემულ მომენტში ცხოვრობენ, რათა მოსახერხებელი იყოს მათთვის კორესპონდენციის მიწოდება და უფრო ორგანიზებული გახდეს ფონდის საქმიანობა. ფონდის წარმომადგენელს უკვე უფლება აქვს, გააცნოს საზოგადოებას ფონდის პრიორიტეტები, პროექტები, აგრეთვე უფლება აქვს, შეიმუშაოს და გამოაგზავნოს საკუთარი პროექტები და ბიზნესგეგმები ფონდისგან დაფინანსების მიღებისთვის, და იგივე შეთავაზოს ნებისმიერ, ფონდის საქმიანობაში მონაწილეობის მიღებით დაინტერესებულ პიროვნებას. პროექტების დაფინანსება ხდება ფიზიკური და იურიდიული პირებისგან გაკეთებული შემოწირულობების ხარჯზე. „საქართველოს საადგილმამულო ფონდი “ არსებობს მხოლოდ საქართველოს მოქალაქეების ან საქართველოს მოქალაქეობის არმქონე, მაგრამ ქართული წარმოშობის ფიზიკური პირების, ან მათ მიერ დაარსებული იურიდიული პირის შემოწირულობის საფუძველზე. არაქართული წარმოშობის, უცხო ქვეყნის მოქალაქეებისგან ფინანსური დახმარების მიღება დაუშვებელია. შემოწირულობის რაოდენობას განსაზღვრავს თვითონ შემომწირველი. ფონდის სახელი, წესდება და პროგრამა, ლოგო, სლოგანი, ფონდის დაპატენტებული საკუთრებაა და დაუშვებელია მისი გამოყენება სხვა პირების და ორგანიზაციების მიერ ანალოგიური ფონდების შესაქმნელად . 40- გვერდიან ბროშურაში საუბარია იმის შესახებ, თუ რა არის სისტემა და რა ინსტრუმენტები გააჩნია მას, თუ რას ეყრდნობა სისტემა და როდის არის სისტემა ძალადობრივი და, რომ ხელისუფლებების შეცვლა სისტემის შეცვლა არ არის. საუბარია, თუ რა არის საჭირო იმისთვის, რომ ავტოკრატიული სისტემა, რომელიც ჯერ კიდევ საქართველოს გასაბჭოებიდან დღემდე არსებობს, შეიცვალოს კარდინალურად. და ეს ყველაფერი ხელისუფლებაში მოსვლის გარეშე. ფონდის პროექტებს მხოლოდ დასაწყისი შეიძლება ჰქონდეს, დასასრული კი არასოდეს. |