
სხვა რომ არც არაფერი გქონდეს სათქმელი, შენ შეგიძლია თავაწეულმა იარო, რადგან იმ ხალხის შვილი შენც ხარ, ვინც ეს ადამიანი აჩუქა სამყაროს.
საერთოდაც რომ არ გქონდეს ძალი წამოდგომის, შეხედე და მისი შეხედვაც აგწევს, იმოდენა ენერგეტიკა მოდის მისგან.
ხო, შეგიძლია თავაწეული იყო, და არა მხოლოდ 14 ივლისს, არამედ ყოველთვის, როცა კი გაიხსენებ.
თუკი გაიხსენებ, ხო, მაგრამ გახსოვს, კი, ყოველთვის?
ამ დღეს დაიბადა.
10 წლისა უკვე შეყვარებული იყო.
ისე ვიყავ, სიმღერა მინდოდაო, და ისე, ისე, რომ გულმა დამიწყოო ტკივილი.
წერა -კითხვა თვითონ ისწავლა.
სანთელი არ ქონდა და ცეცხლის შუქზე წერდა.
გაიზარდა და ყოჩი გახდა და დამრტყმელი, სუსტის დამცველი, გამგები და ადამიანი.
თუ ჰქონდა, სხვასაც აძლევდა.
თუ ჰქონდა, ხო..
ისიც ეყოფოდა სირცხვილად მაშინდელ საქართველოს, ასეთს რომ ხშირად ლუკმაპური არა ჰქონდა.
დღევანდელ საქართველოსაც ეყოფა სირცხვილად, ჭეშმარიტი ნიჭი რომ შიმშილობს დღესაც.
ჭეშმარიტი ნიჭი, თორე პოეტი?
წარმოიდგინეთ და ათასი პოეტი ჰყოლია დღეს საქართველოს,
ათასი ოფიციალური პოეტი, წიგნებგამოცემული, ანუ, ჩაცმული, დახურული, ნაჭამ – ნასვამი, და კმაყოფილი.
როგორ უნდა დაწერო კმაყოფილმა ლექსი არ მესმის.
ანდა, ვარდყვავილოვან ლექსებს რომ წერ, მთვარეზე, წვიმაზე, ღამეზე და საკუთარ თავზე, ნუთუ ამ ქვეყნისა მართლა არაფერი გაწუხებს?
და სად არის მერე?
ქვეყანაზე შეწუხებული ათასი პოეტი მანახა ერთად თავმოყრილი და რა უნდა ღმერთს.
მას რომ აწუხებდა, მიტომ წერდა, წერდა და სიტყვას საქმესაც ადევნებდა.
მიდევნებაა, აბა, რა, როცა ერთადერთ ჩოხასაც მიცვალებულს ჩააცმევ.
ასეთები რომ შეეძლო, მიტომ ეწერებოდა.
რადგან ყველასი და ყველაფრის ესმოდა და მისი კი მხოლოდ ერთეულებს .
რად ხარო უსაქმოდ, ადექ , წვრილშვილსა შიაო,..
ეს ცოლმა უთხრა კაცს, რომელიც ორი თვე ფიქრობდა აღაზას პასუხზე, ჯოყოლამ რომ ჰკითხა – ნამტირალევი რადა ხარო.
ორი თვე, და რამდენს იფიქრებდა სხვა ყველაფერზე?
ფიქრობდა კიდეც, ამბობდა კიდეც, და არცა ყოფილა ვინმე არც მაშინ, და არც არის დღეს, და ასე ერთდროულად, მასავით მსოფლიოს მოქალაქე და საკუთარი ერის ხასიათის პიროვნული მატარებელიც.
და ღვთის ამ რჩეულის ხსოვნის რამოდენა შეურაცხყოფაა მართლაც, ასეთის დამბადებელი ერი, ამ ბოლო 30 წლის განმავლობაში ნაგვების ფეხქვეშ რომ არის გაწოლილი მორჩილად.
ხო, გმირთაგმირიც რომ იყო, შენ პირადად, და დიდი მეომარი, ამის გახსენებამ უნდა ჩაგახრევინოს თავი.
ჰმ, ათასი პოეტი ჰყოლია დღეს ასეთ საქართველოს.
შეურაცხყოფაა ისიც, როცა მასზე ვამბობთ გვიყვარსო, და არ ვიქცევით ისე, როგორც ის იქცეოდა.
რასაც გრძნობდა, იმას რომ წერდა.
და როგორც წერდა, ისე რომ ცხოვრობდა.
და როგორც ცხოვრობდა, ისეთ სიტყვას რომ სტოვებდა ჩვენთვის.
და ახლაც, მარადისობიდანაც, იგივეს აკეთებს.
ლუკა რაზიკაშვილი,
“კათაკმეველი”,
ვაჟა – ფშაველა.
.
წერილებიდან “დრამატული დრამატურგია”.
