
დონეცკია ეგ.
აქა ვარ, აქ, არსად წავსულვარ, ფოტო ძველია, 2014 წლის.
კატამ რომ იცის, საკუთარი ტერიტორიის მონიშვნა შარდით, ზუსტად იგივე ჟესტი იყო მოსკოვისგან ამ ზარბაზნის საჩუქრად გადაცემა უკრაინის ქალაქ დონეცკისთვის 2001 წელს.
გადმოცეს და ქალაქის საბჭოს წინ მოედანზეც დადგეს.
ზუსტად 13 წლის შემდეგ რუსეთისგან შემოგზავნილმა და სამოქალაქო ტანსაცმელში გადაცმულმა სამხედროებმა ქალაქის მართველობის შენობა დაიკავეს და მოედანზე ქვიშით სავსე ტომრებისგან ბარიკადები ააგეს.
ხო, 2014 წლის თებერვალში ამ ქალაქში ვცხოვრობდი და ვიცი, როგორ იწყებოდა ეს ყველაფერი.
ამას უფრო იმათ გასაგონად ვამბობ, საერთოდ რომ არ იცნობენ ამ ქვეყნებს, არ იციან ამ ქვეყნების არც ისტორია, არც დღევანდელობა და ისე საუბრობენ რუსეთ-უკრაინის ომზე, გეგონება პუტინის, ბაიდენის, ან ზელენსკის კაბინეტებში სხედან და იქედან გვაწვდიან ცნობებს.
2014 წელს ამერიკამ და რუსეთმა უკრაინა უბრალოდ დაინაწილეს, სწორედ ისე, როგორც მეორე მსოფლიო ომის წინ, გერმანიამ და რუსეთმა,
და დაინაწილეს ურთიერთშეთანხმებით.
და მას შემდეგ, რაც რუსის მარიონეტ იანუკოვიჩს უკრაინელებმა მაედანი მოუწყვეს კიევში.
არ უნდა მოეწყოთ?
სააკაშვილივით გაძარცვა და შეჭამა მთელი უკრაინა, იანუკოვიჩმა და მისმა ბანდამ და არ იყო გასაგდები?
მაედანი ამერიკის დახმარებით მოაწყვესო?
რა უკვირთ ქართველ რუსეთუმეებს?
განა ამერიკის დახმარებით, და სწორედ ამერიკა -რუსეთის გარიგებით არ მოვიდა ხელისუფლებაში ივანიშვილი 2012 წელს ?
არა თქვას ახლა ვინმემ, ხალხმა მოიყვანაო და არჩევნების გზითო, არ გამაცინოთ.
არჩევნების გზით რომ ხელისუფლებები იცვლებოდეს ხალხს საარჩევნო ყუთებამდე არც არავინ მიუშვებდა.
იგივე ხდებოდა უკრაინაში.
სრული პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა,
არანაირი რუსოფობია იმ პერიოდში დონეცკის, ლუგანსკის და ხარკოვის ოლქებში,- არ იყო.
არ იყო და არც შეიძლებოდა ყოფილიყო.
80% რუსი ცხოვრობდა ამ რეგიონებში,
ყველა ხელმძღვანელ თანამდებობაზე რუსი იჯდა, ყველა მსხვილი ბიზნესი რუსის ხელში იყო,
სახელმწიფო ენა უკრაინულთან ერთად რუსული, სწავლება სკოლაში და უნივერსიტეტებში რუსულენოვანი.
რუსეთს არა მხოლოდ ამ ოლქებში, სრულიად უკრაინაში სულ თავისუფლად შეეძლო ნებისმიერი არჩევნები მოეგო და რუსული პოლიტიკა ეტარებინა, ისე, როგორც იანუკოვიჩის დროს.
შეეძლო მოესყიდა პარტიები, პოლიტიკოსები და თავის ჭკუაზე ემართა უკრაინული პარლამენტი.
გაზსადენითაც ათასი წელი შეეძლო ეწველა ევროპა, და ევროპის ეკონომიკაც, და შესაბამისად მსოფლიოც.
ვიმეორებ, რუსეთს შეეძლო ათასჯერ იმაზე ნაკლები დანახარჯებით, რასაც ახლა ის ყოველდღიურად ომში ხარჯავს, შეეძლო უკრაინა ემართა.
მაგრამ 8 წლის შემდეგ რუსეთმა მაინც სრულმასშტაბიანი ომის გზა აირჩია, და არა მხოლოდ იმიტომ, რომ დასავლეთმა რუსეთის მიერ ყირიმის მიტაცებაზე გაჩუმებით დიდი ომისკენ წააქეზა.
არა, რა თქმა უნდა, არა მხოლოდ ამიტომ.
დიდი ომის დაწყებამდე, 2021 წლის შემოდგომაზე, უკრაინის პარლამენტმა მიიღო კანონი ოლიგარქების შესახებ.
რომლის მიხედვით, ოლიგარქებს, ანუ, ფულის ტომრებს ეკრძალებოდათ პარტიების და საარჩევნო კამპანიების დაფინანსება.
ეს ნიშნავს, რომ მინიმუმამდე დავიდოდა ამომრჩეველის მოსყიდვის შანსი, და შესაბამისად ოლიგარქების პარლამენტში მოხვედრის შანსიც, და საერთოდ, არჩევნების გაყალბების შანსიც.
ეს ნიშნავს, რომ პარლამენტში პროფესიონალები და ქვეყნის გულშემატკივრები მოხვდებოდნენ, და არა ვიგოდნიკები.
არ იცის ბევრმა და უკრაინაში ომამდე ანტიმონოპოლიური კანონიც მუშაობდა, მსხვილ ბიზნესს რომ აკონტროლებს,
არ იცის ბევრმა ისიც, რომ ლუსტრაციის კანონიც მზადდებოდა პარლამენტში გასატანად.
მზადდებოდა კანონიც, რომელიც კანდიდატის და ამომრჩევლის შორის ხელშეკრულების დადებას ითვალისწინებს, რომლის შეუსრულებლობის შემთხვევაში დეპუტატის პასუხისმგებლობის საკითხი დგება.
ხოლო კანონი, რომლის მიხედვით დეპუტატებს საპარლამენტო იმუნიტეტი გაუუქმდათ, უკვე 2020 წლის იანვრიდან მუშაობდა.
გესმით ეს ყველაფერი რას ნიშნავს?
ეს ნიშნავს, რომ ქვეყნის გარეთ ძალებს ამ ქვეყანაში დასაყრდენი პოლიტნაგვობა აღარ ეყოლებოდათ.
და გამოდის, რომ რუსეთს დასაყრდენი ეცლებოდა, რადგან მთელი ძველი საბჭოური სისტემა ინგრეოდა, ხო?
და არა მხოლოდ საბჭოური, 2019 წლიდან დასავლურ სისტემასაც ერყეოდა ძირი, რადგან გლობალიზმზე მორგებული დასავლური დემოკრატია ვერ გუობს ეროვნულობას.
უკრაინა კი ეროვნული გზით მიდიოდა.
სწორედ ამიტომ დაიწყო ომი.
და ზელენსკი რომელიც 2019 წელს მოვიდა ხელისუფლებაში , 2014 წელს დაწყებულ ომს ვერანაირად ვერ შეაჩერებდა.
ზელენსკიმ კი არა სტალინმა ვერ შეაჩერა მსოფლიო ომი.
ზელენსკიმ რაც მოასწრო ვთქვი უკვე, დიდი სისტემური ცვლილებები დაიწყო.
სწორედ ამიტომ ეომება უკრაინას რუსეთი, რადგან კარგავდა საბოლოოდ უკრაინას, და სწორედ ამიტომ გაწირა დასავლეთმაც უკრაინა საომრად, და არა მხოლოდ იმიტომ, რომ დასავლეთს რუსეთის დასუსტება სურს.
უკრაინა იმიტომ გაწირეს, რომ ამ ქვეყანას სისტემური გარდაქმნებისთვის არ ეცალოს.
დასავლეთსაც და რუსეთსაც ამ შემთხვევაშიც ერთი ინტერესი აქვთ.
პოლიტიკურ გავლენას კარგავდნენ ამ ქვეყანაში.
ამიტომაც დაიწყო სრულმაშტაბიანი ომი და რა თქმა უნდა დღეს დემოკრატიისთვის უკრაინაში აღარავის სცალია.
უკრაინას ომი არ დაუწყია.
უკრაინა იძულებული გახადეს ეომა და უკრაინა ომობს,
და ომობს ღირსეულად!
და უკრაინამ ამ 8 წლის განმავლობაში დაამტკიცა, რომ როცა ერთსულოვნება არის, პატარა ქვეყანასაც კი შეუძლია მასზე 30 -ჯერ დიდ ქვეყანას გაუმკლავდეს.
რუსეთს ეს ომი წაგებული აქვს.
ადრე თუ გვიან მოუწევს მისთვის სამარცხვინო ზავზე ხელის მოწერა, და იმ მომენტიდან დაიწყება პუტინის რეჟიმის დასასრულიც.
არც სამხედრო -სამრეწველო მაფია აპატიებს ომის წაგებას, და არც რუსი მუჟიკი.
თვით რუსეთის ისტორიაა ამის დასტური.
დარწმუნებული ვარ, ასეც მოხდება და იმედი მაქვს, რომ ამ ზარბაზანსაც უკრაინელები რუსებს უკან გაუგზავნიან, სწორედ ისე, როგორც ნოვგოროდის რუს თავად ოლეგს,- კიევი რომ დაიპყრო მეცხრე საუკუნეში და ქალაქის ნახევარი მოსახლეობა რომ ამოწყვიტა, – გაუგზავნეს მისი შვილის მოკვეთილი თავი.
რა ისტორიული ძმები, ზღაპარია ეგ.
არც არასდროს არ ყოფილან რუსი და უკრაინელი ძმები, რუსი მუდამ დამპყრობელი იყო.
დღეს, 24 აგვისტოა,
უკრაინის დამოუკიდებლობის დღე!
უკრაინა ისევ ომობს და ღირსია იყოს ნამდვილად დამოუკიდებელი რუსეთისგანაც, დასავლეთისგანაც, ოლიგარქებისგანაც, პარტიებისგანაც,
ღირსია და იქნება კიდეც დამოუკიდებელი!
ვსე ბუძე დობრე, უკრაინა!
.
გუჯა შვანგირაძე ( გუჯა ბიძია)
