You are currently viewing ვინ ხარ შენ?

ვინ ხარ შენ?

არ ვიცი, რომელი უფრო დიდი უბედურებაა,-
როცა კანონის მსახური ვიღაც მედროვეების ბრძანებით თვითონ არღვევს კანონს, და უმიზეზოდ არბევს ხალხს, ქალებს მიწაზე ათრევს და კაცებს აპატიმრებს.
თუ როცა შენ, ერთი რიგითი ობივატელი, ყველაფერ ამას რომ უყურებ, და არ დგები და ჭირში ჩავარდნილის მისაშველებლად არ გარბიხარ.
დიახ, რიონის ხეობელები იმიტომ დაარბიეს თბილისში ჩამოსვლისთანავე , რომ აქციაზე სულ 50 ადამიანი იდგა.
სწორედ ამიტომ გაუბედეს დარბევა.
დიახ, იმიტომ დაარბიეს, რომ შენ, ინტერნეტში ჩაკრუხებული, შორიდან ადევნებ თვალს, და არაფერს აკეთებ.
არაფერს აკეთებ, როცა ხედავ, რომ მილიონნახევრიან ქალაქში ჩადის რიონის ხეობა, და გეუბნება ქალაქს, რომ რაჭა უკვე წაგართვეს, უკვე აღარაა შენი,
გეუბნება, რომ იგივე ხდება, და მოხდება კიდევ სხვაგანაც,
გეუბნება, რომ სოფელში კი არა მალე ქალაქშიც, ფეხისდასადგმელი მიწა აღარ დაგჩება, მიწა კი არა პროტესტის უფლებაც არ გექნება მალე, და ხმას თუ ამოიღებ ასფალტზე გათრევენ,
და გეუბნება, ასე რომ არ მოხდეს, უნდა ადგე, და მასთან ერთად უნდა დაიცვა ერთი კუთხე, რაჭა, და ამით მთელ ქვეყანასაც დაიცავ,
და შენ კი უსმენ და ამთქნარებ.
კარგი, იმ დღეს არ მიდი, ან ვერ მიდი,
მეორე დღეს, რომ ისევ ხედავ და ისევ ინტერნეტით, რომ ისევ ცოტანი არიან, და ხედავ, ცოტაც და ისევ დაარბევენ, და ისევ ამთქნარებ ეკრანთან, ვინ ხარ მაშინ შენ?
და არ თქვა ახლა, რომ თბილისში არა ხარ, ან საქართველოში არა ხარ, თორე მიხვიდოდი,
შენ თუ არ ხარ, შენი ოჯახის წევრი ხომ არის, შენი ნაცნობი, და ახლობელი ხომ არის, ერთ ვინმეს როგორ არ იცნობ თბილისში?,
და თუ იცნობ, ვინ ხარ აბა შენ, თუ ერთი ადამიანის დარწმუნებაც კი არ შეგიძლია,
ვინ ხარ, თუ ერთ ადამიანს მაინც არა აქვს შენი ხათრი,
და არ გიწევს ანგარიშს?
რომ შენს სიტყვაზე ადგეს და გარეთ გავიდეს და იმ ხალხს დაუდგეს გვერდით სიმართლეს რომ იცავს,
ვინ ხარ, ხო,
გითხრა ვინც ხარ, თუ მიხვდები თვითონ?
შენ, თორემ,
გოლეთიანი და რიონის ხეობელები, გეტყვი ვინც არიან.
აი, ისინი არიან, 3 წელიწადია შენს გასაკეთებელსაც რომ აკეთებენ,
და ხელი რომ არ შეშლოდათ გუშინაც ამაში, პატრულს რომ დაუძახეს, და უარი უთხრა პატრულმა მოსვლაზე და დაცვაზე,
ისინი არიან, სახალხო დამცველსაც რომ დაუძახეს, და უარი უთხრა მოსვლაზე და დაცვაზე,
ხალხს დაგიძახეს და ხალხმაც რომ უარი უთხარით,
იმათ კი რა ქნეს იცით, ?
გითხრათ, რაც ქნეს?
ვერც კი წარმოიდგენ,
ადგნენ და სიმღერა დაიწყეს,
სიმღერა დაიწყეს, ხო,
არა, უღონობისგან, არა,
არამედ იმის სათქმელად, რომ როცა მართალია ადამიანი, თუნდაც მარტოდმარტო იდგეს, მაინც ვერაფერი გატეხავს,
ციხეში რომც ჩასვა, მაინც თავისუფალი იქნება.
ამიტომაც დაიწყეს სიმღერა, რომ შენ ეს დაგენახა.
მიხვდი ახლა, ვინ არიან ისინი?
და ვინ ხარ შენ?
და თუ შენც მათნაირი ხარ, ადექი მაშინ და მიდი მათთან.
და აღარ იქნები არც შენ მარტო,
და როცა ერთად იქნებით, არ არსებობს ძალა დედამიწაზე, რომ მოგერიოთ!
როგორც იმ სიმღერაშია, ხო..
“ნურც გაიხაროს მტერმა ჩვენზედა,
არცა რა გაუხარნია”
.
Subscribe
Notify of
guest
0 Comments
Inline Feedbacks
ყველა კომენტარის ნახვა