You are currently viewing ახლა კი, ფარდა

ახლა კი, ფარდა

დღეს, ბევრი იტყვის, რომ მისი მოწაფეა,

და ეს იქნება სიცრუე!

რადგან იყო დიდი თუმანიშვილის მოწაფე ნიშნავს, რომ მის სიტყვას და საქმეს აგრძელებ.

და მე დღეს, არ ვიცი, არც ერთი რეჟისორი, არც ერთი თეატრთმცოდნე, ვინც მის საქმეს აგრძელებს კი არა, თუნდაც გაბედავს და იტყვის იმას, რაც ამ კაცმა ჯერ კიდევ 1981 წელს თქვა.

.

“..ცუდადაა საქმე.

დედამიწაც დაიღალა და თავის ღერძის გარშემო ისე ჭრიალებს , როგორც ურმის დაუპოხავი ბორბალი.

სისტემური იდეოლოგია ის ბუტაფორული ქიმერაა, რომ ვერ ახერხებს ნგრევის პროცესი შეაჩეროს.

მისი ურჩხული სიმბოლოები საფრთხობელებად არიან მიმობნეულნი ყველგან და დრო და დრო იღებება.

სისტემამ თავისი უკვდავების ყალბი ფორმულა “ყველაზე ცოცხალი ცოცხლებს შორის” მასებს, უმრავლესობას მოახვია თავს.

ბრბოს, ჯოგი რომ არის უკვე.

ყოველგვარი იდეალების გარეშე, ვაჭრად ქცეული, მომხვეჭელი და ქურდი, ხელისუფლებაში რომ მიილტვიან ადგილის, ფულის და პატივის მისაღებად.

საზოგადოება გახლეჩილია და სისტემას ძლივსღა უჭირავს მობლაგვებული ბრჭყალებით..”

.

დიახ, ეს სიტყვები მიხეილ თუმანიშვილმა 1981 წელს თქვა.

და დღეს, თეატრალებს, ამ ადამიანს რომ გაიხსენებენ, არ შერცხვებათ, კოვიდტერორის დროს ხმა რომ არ ამოიღეს, და მაყურებელს თეატრში რომ არ უშვებდნენ.

ისევე, როგორც სდუმდნენ მაშინ, როცა რუსთაველის თეატრის დარბაზში სავარძლები აყარეს და ბანკირებს ორსართულიანი სუფრა გაუშალეს.

ისევე, როგორც ჩუმად არიან ახლა, როცა სცენიდან ქართული თეატრის ისტორიას აყალბებენ, ჭორაობენ და ამცირებენ ილიას, და ახმეტელს.

დღევანდელ კონფორმისტულ თეატრალურ სამყაროს, და სამეფო კარის თეატრად ქცეულ ქართულ თეატრს ეზიზღება ილიაც, ახმეტელიც, მარჯანიშვილიც, და თუმანიშვილიც, რადგან ეს სახელები სისტემასთან ომის სინონიმები არიან.

ამიტომაც დუმს 30 წელია ქართული თეატრი, თუმცა ის სისტემა რომელიც თუმანიშვილის დროს იყო, არსად არ გამქრალა, და თეატრალების დუმილს დღესაც გროშებად ყიდულობს.

დიახ, 43 წლის წინ სთქვა მიხეილ თუმანიშვილმა ის სიტყვები, და მაშინ ასეთ თქმას დიდი გამბედაობა უნდოდა.

მაგრამ სწორედ ნიჭი არ უნდა აძლევდეს შემოქმედს იმის უფლებას, არ თქვას სიმართლე.

მან ეს იცოდა და ამბობდა კიდეც სიმართლეს, ყველგან და ყოველთვის, და მთელი მისი ცხოვრება და შემოქმედებაა ამის დასტური.

და მე არ მინდა ამ დიდ ადამიანს, რომელსაც თეატრი უყვარდა, რომელმაც თეატრი რელიგიის დონემდე აიყვანა, რომელმაც თეატრს მთელი თავისი ცხოვრება შეწირა, არ მინდა სულით ხორცამდე ინტელიგენტს, მართლა ადამიანს, შეურაცხყოფა მივაყენო იმით, რომ დღევანდელ თეატრალებსაც თეატრალები დავუძახო, და ამიტომაც კიდევ ერთხელ ვიტყვი.

ხელოვანი, რომელიც სიმართლეს არ ამბობს,

ხელოვანი, რომელიც თვითკმაყოფილია,

ხელოვანი, რომელიც ძალადობას ეგუება, ხელოვანი არაა, -ხელოსანია.

ხელოსანია, რადგან ანგარიშით მოქმედებს.

ხელოსანია, რადგან ხელოვნება მისთვის ფულის საკეთებელი დაზგაა, და არა სულიერება.

ხელოსანია,

და დღეს, არც ამ ჭეშმარიტი ხელოვანის ხსენების უფლება აქვს!

დღეს, დიდი მიხეილ თუმანიშვილის დაბადების დღეა!

.

გაზეთი ” საადგილმამულო” #7

.
გუჯა შვანგირაძე ( გუჯა ბიძია)
Subscribe
Notify of
guest
0 Comments
Inline Feedbacks
ყველა კომენტარის ნახვა