ჩემი და რო გარდაიცვალა მეორე დღეს, დილით, მამაჩემი გავიდა სახლიდან, და პანაშვიდამდე არ გამოჩენილა.
იმ დღეს ყურადღება არ მივაქციე, მოკითხვის თავიც არ მქონდა,
მაგრამ მეორე დღეს, და მესამე დღესაც იგივე რო გააკეთა, მეთქი კაცო, სადა ხარ, ათასი საქმეა, ხალხიც პანაშვიდამდეც მოდის, ხომ უნდა ნახო, არა?
ან სად დადიხარ, თქვი, ამ ინსულტგადატანილ კაცს რამე არ დაგემართოს, სადა მაქვს მეთქი ახლა შენი თავი.
არ უპასუხნია არაფერი,
მერე ბიძაჩემმა მითხრა, შეეშვიო, ვადევნებო თვალს, სარდაფში ჩადისო, რაღაცეებს ალაგებსო, ჩაქუჩს, ხერხს, ლურსმანს, ადგილს უნაცვლებსო, ბოთლებს და ქილებს გადააწყობს, გადმოაწყობსო,
მეთქი რა ბოთლები, რა ქილები, რა დროს ეგ არის მეთქი?
ნუ დაუშლიო, ბიძაჩემმა, თორე შეიძლება ერთი მიცვალებულის მაგივრად ორი გაგიხდესო გასასვენებელი.
ვერ გავიგე მაშინ,
არც იმ ხალხის მესმოდა, ვიღაცეები რომ პირზე ხელაფარებულები რომ იღიმებოდნენ, ხუმრობდნენ,
და რომ ჭამდნენ, ხო, საერთოდ, მიკვირდა.
მეთქი, 31 წლის ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა, და ეს ხალხი მეთქი რას აკეთებს.
მე საკუთარი მიცვალებულების გასვენებაში კი არა, სხვის გასვენებაში ვერ ვჯდებოდი სუფრასთან, თუ დავჯდებოდი და ღვინოს ვსვამდი მხოლოდ, და ვიყავი ასე, და თავის აწევაც არ მინდოდა, მეთქი ვიღაც ახლობელი არ დავინახო, გამალებული რომ იქნევს მეთქი ყბას.
კაცი არ შემჯავრდეს მეთქი, ვფიქრობდი.
ეს ჩვევა ახლაც ვერ მოვიშალე, გასვენების სუფრას ახლაც ვერიდები, მაგრამ დანარჩენში ვცდილობ გავუგო უკვე, როცა ჭირისუფალი, და მომსვლელიც, ხანდახან ისეთ რამეს ამბობს, და აკეთებს, ერთი შეხედვით უადგილოდ რო გეჩვენება.
სტრესისგან გაქცევის სურვილში მინდა ჩავუთვალო, ის მინდა ვიფიქრო, ყველას რომ არა აქვს რკინის ნერვები, ჩუმად გადაიტანოს ის, რაც მოხდა.
და ყოველდღიურობით დანერვოზებული საზოგადოებისგან მით უმეტეს აღარ მიკვირს, სტრესისგან თავის დაღწევა რომ სურს,
რადგან არაფერის შეცვლა არ შეუძლია, უფრო სწორედ, ჯერ არ იცის, რა უნდა ქნას, რომ უბედურება აღარ განმეორდეს.
და არ მიკვირს, ხალხმა მიცვალებულები რო მის პატრონს შეატოვა, და რო დაივიწყა ის ბიჭი, ამ ცხოვრების დედაცო რო თქვა, და სახლის სახურავიდან რო გადმოხტა.
დაივიწყა მარიტა, ვიღაცის უთაობას რო შეეწირა,
დაივიწყა, ვერარეჩკის დროს ის გოგონები, ამაოდ რო ელოდნენ შველას,
დაივიწყა ბათუმში ნანგრევებში მოყოლილებიც, და შოვის უბედურებაც, ვფიქრობ, დაივიწყეს.
განა არ ვჯავრობთ, ვჯავრობთ, განვიცდით, მაგრამ დავიწყება გამოდის, თუკი უამრავი კითხვაა პასუხგაუცემელი, და თუკი არც ძალა გვაქვს ჯერ, არც საშუალება სისტემური დანაშაულისთვის ვინმეს პასუხი ვაგებინოთ, და სწორედ ამით დავეხმაროთ ჭირისუფალს.
ხო, ხშირად კონკრეტული გმირობა მეტი ადვილი გამოდის, ვიღაცისთვის თავის გაწირვა და ტყვიისთვის შუბლის შეგებება უფრო იოლი საქმე გამოდის, წამებში რო ხდება, ვიდრე სისტემური დანაშაულის ჩამდენისთვის პასუხის მოთხოვნა, თვეობით და წლობით რომ შეიძლება გაგრძელდეს.
და ვანებებთ თავს.
ხოლო როცა პასუხები არ არის, და დამნაშავე არ არის, გამოდის, რომ შოვი ისევ გამეორდება.
ხო, არა ვართ პასუხის მომთხოვი საზოგადოება ჯერ,
30 წელი დავკარგეთ, უფრო სწორედ დაგვაკარგვინეს, საზოგადოებად რომ გადავქცეულიყავით,
თეატრი და კინო ქამრის დაბლა თემებითაა სავსე, მწერლობა უნიტაზებით, ტელევიზიები ნაგვებით, ზნეობრივი მაგალითებითაც არავინ გვილაწუნებს სახეში დღედაღამ, რომ მივბაძოთ კარგს, ნამუსიც ჯიბეზეა გამოკერებული, კანონიც არა გვაქვს, თავი რო დავიცვათ ჩინოვნიკების მამაძაღლობისგან და რა გადაგვაქცევს საზოგადოებად?
კოვიდტერორმაც ძალიან შეცვალა ადამიანები.
დააშინა, გააეგოისტა, მთავარი მათთვის მათი პირადი არსებობა გახდა, სხვა ყველაფერმა უკან გადაიწია, მოსწრებაზე არიან, საღლაბუცოს ეტანებიან, საფიქრალს თვალს არიდებენ.
ადრე თუ რაიმეზე მცირედ მაინც აქტიურობდნენ, ახლა იგივე თემებზე გულგრილი გახდნენ,
გულგრილი, ანდა ერთჯერადები,
ერთი შეცხადებით და მერე დავიწყებით,
არა, არავართ ჩვენ ჯერ საზოგადოება,
და დღეს მხოლოდ ის შეგვიძლია, უაზროდ ვუყეფოთ ერთმანეთს, ან უბედურების დროს სარდაფში ჩავიდეთ და ქილები გადავალაგოთ და გადმოვალაგოთ.
ამიტომაცაა ეს 30-წლიანი სისტემა უკვდავი, პასუხისგების რო არ ეშინია და მიცვალებულს მიცვალებულზე რომ გვიწყობს ზალაში და კიდევ იქეთ გვსაყვედურობს, რა დროს კითხვებიაო, გლოვის დროს.
და აბა, რა ჯანდაბა ვქნათ?
რავი, კი მაქვს ამაზეც პასუხი, მაგრამ რაღაც რომ გავაკეთოთ, არა ვართ ჯერ ის ხალხი ბევრი, ან მე ვერ ვნახე ჯერ, საკმარისი რაოდენობით ისეთი, ვისაც ჭირის სუფრაზე თავის აწევის ერიდება, ყბისკენ გაქანებული ლუკმა რომ არ დაინახოს.
.
წერილებიდან ” დრამატული დრამატურგია”
გუჯა ბიძია.
.

რა გითხრათ, აბა?
Subscribe
Login
0 Comments