You are currently viewing ქრისტე, აღსდგა!

ქრისტე, აღსდგა!

აღდგომა თენდება,
და ჩემსკენ წვიმს,
აი, ისე, თავსხმა რო ქვია,..
და მეთქი, ახლა რა სჯობს, გათბობა ჩავრთო, ასი გრამი დავისხა, თუ საერთოდ ჩავწვე მეთქი,
და უცებ ისეთი რამ გამახსენდა, ამ ყველაფრის გარეშე რო…
აი, ის გამახსენდა, შუქი რო არ იყო, გაზი რო არ იყო, პური რო არ იყო, შეშის ფეჩი რო მედგა მე-5 სართულზე, და უკვე პარკეტს რომ ვწვავთ, გააამოზოგვით, ცალობით, ხო,
და ერთ დღესაც, გვიან ღამით, მეზობლები ვართ, და სახელდახელოდ პატარა სუფრა დგას იქვე, – სანთელი, არაყი, ხახვი, და მჭადის ნატეხი.
აბა, პური სად არის, და თუ არის ქალებისთვის, და ბავშვებისთვის, ხო?
და იმათ უკვე სძინავთ, ან ჩვენ ვფიქრობთ, რომ სძინავთ, რა ვიცი, საძინებელშია ყველა შეყუჟული,
და უცებ, ვიღაც აკაკუნებს, – გავხედე ისევ მეზობელი, შემოდის, და კი ვერ გავარჩიე, სანამ სანთლის შუქზე არ დავინახე, – ხელში ძეხვის პაატარა ნაჭერი უჭირავს,
აი, ის, კაპჩონი რო ქვია,
ქრისტეს აღდგომაზე მეტი სასწაული იყო მაშინ კაპჩონი კალბასი.
აი, ხო არაფერი უნდა ახლა ამას, აიღე, დაჭერი, და არაყს მიაყოლე,
მაგრამ აქ იწყება ის, ზემოთ რომ ვთქვი, ყველაფრის გარეშე მეთქი, რო გამათბო..
გავდივარ, ტაფა შემომაქვს, შეშის ფეჩზე ვდებ, იმ კაპჩონს ძაალიან წვრილად ვჭრი, და ტაფაზე ვყრი,
რად უნდა, ხო, კაპჩონს შეწვა, მაგრამ ვყრი ტაფაზე, და დატრიალდა სუნი, და კარგად რო გაავსო ამ სურნელმა ოთახიც, ბინაც, და ალბათ მთელი ცხრასართულიანიც, მეთქი, აი, ახლა ხალხო, გაგვიმარჯოს, მეთქი, და კიდევ ერთხელ ავწიე ჭიქა..
რომ დავიშალეთ, და მერე ტაფას წავეტანე, ვხედავ, ის ძეხვი, ისევ ტაფაზე იდო და ისევ ისე, როგორც დავყარე- ერთი ნაჭერიც კი არ აკლდა.
ხო, ერთი ნაჭერიც კი არ აიღო არავინ.
რამ გამახსენა და , აგერ ვნახე, აქციებზე ბიჭი ხაჭაპურს დაატარებდა,
და რამხელა უნდა ყოფილიყო ხო, ხაჭაპური?
და დადის ეს ბიჭი, დადის, დადის, და ხაჭაპურის ბოლო ნაჭერს არავინ იღებს,
აი, არავინ,
არავინ არ იღებს ბოლო ნაჭერს,
გესმით,?
კაცო, კი არ მიკვირს სიკეთე, გვერდით დგომა, და ამბები,
გაგება მიკვირს მე, ამ ჯუნგლ და ცივ საუკუნეში, გაგება მიკვირს, იმის გაგება, რომ ის, რაც არის, შეიძლება ჩემზე მეტად სხვას ჭირდება- ის, საჭმელი, წამალი, ფული, სიტყვა, რა ვიცი კიდევ,
ის, რაღაც, სხვას უშველის, სხვას მოარჩენს, მე გავძლებ, როგორმე,
გაგება მიკვირს, და მიხარია, ხო,
და რა ვიცი, ხალხო,
უფრო სწორედ, ვიცი,
იმ უთვალავ სახელში, ღმერთს რო ქვია, ერთ -ერთი სახელი “გაგება” არის.
და მოდი, ამ გაგების აღდგომისა იყოს,
ხო,
რამდენჯერაც დაინახავთ ასეთ გაგებას დედამიწაზე, ჩათვალეთ, რო იმდენჯერ, და კიდევ ერთხელ, აღსდგა ქრისტე!
ქრისტე, აღსდგა!
.
Subscribe
Notify of
guest
0 Comments
Inline Feedbacks
ყველა კომენტარის ნახვა