You are currently viewing შეხვედრამდე, ისევ

შეხვედრამდე, ისევ

ეს ფოტო თბილისიდან წამოსვლის წინ გადავიღე, და ვინც პირველი გამოიცნობს, სად არის ეს ალაყაფი, ჩემი ახალი სპექტაკლის პრემიერაზე ბილეთსაც ვაჩუქებ, პირველ რიგშიც დავსვამ, და საქვეყნოდაც განვაცხადებ, იქვე, სცენიდან, რომ ის არის ის, ვინც ძალიან კარგად იცნობს თბილისს და უყვარს ეს ქალაქი.

ხო, უკვე 10 დღეა რაც ქუთაისში ვარ, მაგრამ მოდი, ჯერ ისევ თბილისს მოვეფერო მინდა.

რაც მე ამ ქალაქისთვის სიყვარული მაქვს ახსნილი, არ ვიცი,

ნუ, ცუდიც ბევრი მაქვს ნათქვამი, ვაღიარებ..

არა, ქალაქისთვის კი არა, აქ მაცხოვრებლებისთვის,

და მაშინ, როცა თავზე გადასვრას გაუჩუმდებოდნენ, გაისუსებოდნენ, თვალს აარიდებდნენ.

ასეთებს სიტყვით მაინც უნდა გაულაწუნო,

თან მეცოდებოდნენ, მაინც, ისინიც, და რასაც ვწერდი, ვშლიდი მერე.

ხო, გამოდის, რომ მაინც მაწუხებდა მათი შეურაცხყოფა, მით უმეტეს იმათგან, სკამებზე რომ არიან მოკალათებულნი, და ფულის გამო რომ ასვრიან თავზე ქალაქს.

მაწუხებდა და მაწუხებს ახლაც, თორე არ გამიტარებია აქ ბავშვობა, არ მისწავლია, არ მიმუშავნია, ათი წლის წინ ჩამოვედი, მხოლოდ,

და არა ლუკმაპურისთვის,

ლუკმაპურს ემიგრაციაში ყოფნის დროსაც ვშოულობდი, და ქუთაისშიც მოვახერხებდი, და ნებისმიერ სხვა ქალაქში.

და პათეტიკის დედაც, მაგრამ სხვანაირად ვერ იტყვი ხანდახან, –

სხვა ომისთვის ვარ, და ამ ომისთვის სიტყვის და ხელის მოქნევა ამ ადგილიდან სჯობს.

ხო, ათიოდე წლის წინ დავსახლდი აქ,

და ისიც მთელ დუნიაზე წანწალის შემდეგ, და რა თქმა უნდა, მაინც შუმი ქუთაისელი ვარ და დავრჩები მუდამ, მაგრამ რაც უფრო მაწუხებს აქ რაღაც, მით უფრო ჩემი ხდება თბილისი.

დღეს არ მოსულა ეს მიხვედრა, და მე ის დღეც მახსოვს, ჯერ კიდევ 15 წლის ლაწირაკი, სულ პირველი შეხვედრის დროს, რა თვალებით დავდიოდი ამ ქალაქში და ვფიქრობდი, თუ რა დიდები, აუუ, რა უსაშველოდ დიდები დააბიჯებდნენ აქ, ერთ დროს.

და მერე რა, რო მათ შემდეგ უამრავჯერ გამოიცვალა ქვაფენილი რუსთაველზე, მთაწმინდაზეც, უნივერსიტეტთანაც მერამდენედ გადააგეს ასფალტი, და ვინ იცის, რამდენმა ბომჟმა მიაფსა იქნებ იმ ადგილს, სადაც დიდები დიდობდნენ, მაგრამ ვერაფერი გასვრიდა იმ ვეებერთელა ენერგეტიკას რაც ეკიდა ჰაერში, და მეც რო მწევდა ზემოთ.

მართლა მაგარი კაიფი იყო ის პირველი შეხვედრა ამ ქალაქთან,

და თბილისში დაბადებულმა, ბავშვობიდან აქ გაზრდილმა, იქნებ, ვერც გაიგოს ეს რაა.

ასე, იყო, ასე, და არც არასოდეს გაქრება ჩემში ის ბიჭი, რაც არ უნდა ნაგვები მხვდებოდნენ დღეს თბილისის ქუჩებში.

ხო, მადლობა ნაღდებს, გულწრფელებს, წასულებსაც, და ცოცხლებსაც, ვინც ეს ქალაქიც ჩემი გახადა.

ადამიანებმა მოახერხეს ეს, ადამიანებმა, თორე საუკუნოვანი ქვების მეტი რა მაქვს ქუთაისში.

ადამიანებმა მოახერხეს, და მათ შეურაცხყოფადაც მიმაჩნია, თუ რაიმე უზნეობა ხდება ამ ქალაქში.

და რადგან შენი წილი ქალაქი არ არსებობს, ისე როგორც შენი წილი ქვეყანა არ არსებობს,

და რადგან, როგორც ქალი, ისე, ქვეყანაც და ქალაქიც თუ გიყვარს, უნდა გიყვარდეს თავისი კარგითაც, და ნაკლითაც,

და რადგან თუ საქმეს აკეთებ, აკეთებ ყველასთვის – ნაღდებისთვისაც და ნაგვებისთვისაც, და მათი შვილებისთვის , შენ შვილებთან ერთად რომ უნდა იცხოვრონ,

მაშინ, მადლობა ცუდებსაც ეკუთვნით, ცუდებიც გაყვარებენ ქალაქს, საქმეს რომ გაკეთებინებენ, თორემ მოკვდებოდი მთქნარებით..

სულ ტკბილი ფლავიც მტერმა ჭამა, არა?

და ასე კი ცოოოტათი მაინც გგონია, რო შემთხვევით არ გაგაჩინა ღმერთმა ამ ქვეყანაზე, და ყველასთვის კარგის კეთება მოგცა საქმედ.

ასეა, ასე,

მაგრამ მხოლოდ ქუთაისლების იმედითაც ნუ დარჩებით ახლა, ხოხბებო, თქვე ჩემა.

კაი, ხო, კაი,

კი ხვდები, ჩემო თბილისო, რა გულითაც გეუბნები ამას,

აბა, ისევ შეხვედრამდე,

და ყველაფერი კარგად იქნება, ვიცი..

.
გუჯა შვანგირაძე ( გუჯა ბიძია)
Subscribe
Notify of
guest
0 Comments
Inline Feedbacks
ყველა კომენტარის ნახვა