ბავშვი ვიყავი სახლის სხვენზე ეს ხანჯალი რომ ვიპოვე..
ძველისძველი, პაპის პაპის ნაქონი, ტარი ვერცხლით მოვარაყებული და წარწერა და თარიღები იყო რაღაც, ვერ ამოვიკითხეთ.
უფრთხილდებოდა მამა იმ ხანჯალს.
მე, მის მპოვნელსაც კი, არ მაკარებინებდა ხელს.
მხოლოდ დღესასწაულებზე თუ გამოიტანდა სტუმართან , და მერე ჩემს თანატოლებთანაც, რომ წამოვიზარდეთ უფრო.
შეეხეთო ისტორიას, წინაპრებს შეეხეთო..
მერე გვიან, ერთ ბიძა კაცთან მოვხვდი სუფრაზე, მამაჩემზე ჩამომიგდო საუბარი, ნასვამმა.
რანაირი კაცი არისო, რას არ მოიგონებსო, იმ ხანჯლით, ეგ რომ ტრაბახობს, ბაბუაშენის მამას კაცი დაუჭრიაო ქალის გამო,
მამაშენი კი სოლომონ იმერეთის მეფის ომებში ქართველჭამია თურქების სისხლს ეძებსო ხანჯალზე.
მეწყინა მაშინ,
მე რომ გმირთაგმირის ხელში ნაქონი ორლესული მეგონა და უბრალო დანად რომ გამისაღა ამ კაცმა,
და იქნებ ღორი, ან ქათამიც კი დაეკლათ იმით.
მეწყინა, კი..
მაგრამ არც იმ კაცისთვის მითქვამს რამე, არც მამაჩემისთვის..
მერე, დიდი ხნის მერე მივხვდი.
მაინც მართალი იყო მამა, რომ ალამაზებდა ისტორიას.
მისი ამბავი, იმ ხელშესახები ნივთით, ხანჯლით გამყარებული, რაღაცნაირად გვწევდა ზემოთ, წელში გვასწორებდა.
რაღაც მაგრობების გაკეთება გინდებოდა კაცს.
განა , მართალი არ იყო დუმბაძეც, სხვის მიერ ჩადენილ ბოროტებას, წიგნში რომ სიკეთედ მოაქცევდა?
რომანში “მე ვხედავ მზე” ერთი ეპიზოდი აქვს,
სოსოიას და ხატიას ტანსაცმელი და იარაღი მიაქვთ პროდუქტში გადასაცვლელად.
შიმშილობაა, თორე სოსოია მამის ნაქონს არ შეელეოდა.
გახსოვთ მერე რაც მოხდა, სხვა სოფლის გლეხმა, ხატიას პატარა “ტყუილით” გულაჩუყებულმა ისე გაატანა საკვები, ბავშვებს არაფერი გამოართვა..
სინამდვილეში, როგორც დუმბაძე მერე იხსენებდა, იმ გლეხმა გაძარცვა ბავშვები, სულ კაპიკებში აართვა ტანსაცმელი და იარაღი.
ეხლა ნოდარს ეს სინამდვილეში მომხდარი ფაქტი რომ მოეტანა თავის რომანში, ვერ მივიღებდით იმ ეპიზოდს, მკითხველს სიკეთის კეთებას რომ ანდომებს.
ანდა, რუსთველს არ ჰქონდა ნანახი მისი დროის საქართველოში შური, ღალატი და გაუტანლობა და ძმის ძმაზედ წასვლა?
მაგრამ სხვა რამეს უმღერა და როგორ მერე,- 8 უბედური საუკუნე გააძლებინა ქართველს.
ჰოდა, ალბათ მხოლოდ სულით მეწვრილმანეს უნდა ბინძური სიმართლე მაშინ, როცა რუსთველისეულ “ტყუილში” მეტი სიკეთეა..
და რატო გამახსენდა ეხლა ეგ ამბავი..
ჭკუას მაინც ვერ სწავლობს ვერც ერთი თაობა წინა თაობის შეცდომებზე და აი , ეს ნაგვობა , რაც დღეს ხდება ქვეყანაში, ნაღდად არ მინდა ათეულობით წლების მერე იმ თაობამ რომ გაიგოს, ვინც მაშინ იცხოვრებს.
ტეხავს ჩვენი უსუსურობაც, 30 წელია თავმოჭრილი ბატებივით რომ დავდივართ მედროვეების ხელში.
მე ისტორიული და მნიშვნელოვანი ფაქტების დამალვაზე კი არ ვამბობ.
არა, ეს ფაქტები კი უნდა იყოს, მაგრამ სპეცლიტერატურაში, და იქვე მხილებასთან ერთად გამოსავალზეც უნდა იყოს საუბარი, და ეს საქმე პროფესიონალმა და თან ქვეყნის გულშემატკივარმა უნდა აკეთოს, და არა პრობლემების გულგრილად მოანგარიშემ.
ჩვენ კი, გადაფურთხებულს თვალი როგორ მოვარიდოთ და მომავალ თაობას რაღაც კარგზე როგორ ვესაუბროთ, ამაზე ვიფიქროთ..
და კარგი რომ გაიზრდება, უფრო გაარჩევს მტყუანს და მართალს.
ხანჯალი ესაა, ხო, რასაც ხედავთ,
მამაჩემის მერე, იარაღის დიდოსტატმა, ზურა ბიჩინაგურმაც შეავლო ჯადოქარის ხელი, გაახლა და მასში თავისი სულის ნაწილიც ჩადო.
ღმერთმა ნათელში ამყოფოს.
არც მამაა, აღარც ზურაც , და ბევრი ნაღდი ადამიანი კიდევ, ხო, მაგრამ განა ჩვენ, ვინც დავრჩით, განა იმისთვის არა ვართ, კარგზე საუბრით კარგი გამრავლდეს?
ხოდა, ვისაუბროთ, რომ სიტყვასაც საქმე მოჰყვეს, და ” ძველ ხანჯალს ელდა ეცეს”.
კაცობაც ეგაა, ხო?..
.
წერილებიდან “დრამატული დრამატურგია”
გუჯა ბიძია
.