You are currently viewing დიდება, გმირებს!

დიდება, გმირებს!

კიდევ ერთი ქართველი მეომარი დაიღუპა უკრაინაში.
ზურა შვანგირაძეს ხვალ, შაბათს, დილით 05.30 საათზე თბილისის აეროპორტში ჩამოასვენებენ.
რატომ ომობენ, ბიჭებიო?
გასაგებია, ხო, ზოგი რა აქცენტით კითხულობს?
ზოგი კიდევ გულწრფელად ვერ გარკვეულა, რა ხდება, და სწორედ მათ გასაგონად, მოდით, უბრალო ლოგიკას გავყვეთ.
თუკი ახლა ყოველ წლის 26 მაისს დამოუკიდებლობის დღეს აღვნიშნავთ, გამოდის რომ მთელი 70 წელი ვიყავით დაპყრობილი რუსეთის მიერ, არა?
გამოდის კი არა, ასეა!
და თუ ასეა, და თუკი 1941 -45 წლების რუსეთ-გერმანიის ომი, რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში იძულებით მყოფი საქართველოსთვის სამამულო ომად მიიჩნევა რატომღაც დღესაც , და საქართველოს ტერიტორიიდან ათასობით კილომეტრს იქეთ ომში დაღუპულ 350 000 ქართველს გმირებად ვიხსენიებთ, რადგან ფაშიზმს ებრძოდნენ,
მაშინ, ახლა დამოუკიდებელი საქართველოს მოქალაქეები რომ ასევე დამოუკიდებელ უკრაინაში, საკუთარი ტერიტორიიდან შორს, ქართველთა საუკუნოვანი მტრის და ფაშისტური რუსეთის წინააღმდეგ რომ ომობენ, ეს საქართველოსთვის ომი არაა?
იმ მტერს, ვინც აფხაზეთში და სამაჩაბლოში შენი ოჯახის წევრის, ახლობელის, მეგობრის სისხლი დააქცია, მოხუცები, ქალები და ბავშვები დაგიხოცა, იმას რომ ეომები, სხვის ტერიტორიაზე, საქართველოსთვის ომი არაა?
350 000 ქართველი დაკარგა მეთქი საქართველომ 1941-1945 რუსეთ-გერმანიის ომში,
მთელი ისტორიის განმავლობაში არც ერთ ომში არ დაღუპულა ამდენი ქართველი.
და რა წესია?
თუ რომელიმე დამპყრობელი იმპერიის, – თურქის, სპარსელის, არაბის, მონღოლის, და რუსის დროშის ქვეშ ვომობთ, მაშინ არის ომი ჩვენთვის სამამულო ?
და ახლა უკრაინაში დამოუკიდებელი ქვეყნის შვილი შენს მოსისხლეს რო ეომები, და შენი სურვილით რომ ეომები, – სამამულო ომი არ არის?
განა შენი მტერი ყველგან შენი მტერი არ არის?
გინდ შენ ქვეყანაში, გინდ უკრაინაში, გინდა დედამიწაზე და გინდა მთვარეზე?
შენი მტერი ყველგან მტერი არაა?,
და თუკი შესაძლებლობა გაქვს არ უნდა ეომო?
და თუ შენ პირადად ვერ მიდიხარ, შენ არ შეგიძლია, მაგრამ ბიჭები ეომებიან, ერთეულები ეომებიან, და მთელი შენი ქვეყნის მაგივრად ეომებიან, განა ეს გმირობა არაა?,
და განა ამ ბიჭებს მადლობა არ უნდა ვუთხრათ?
და დაღუპულებს პატივი არ მივაგოთ?
გასაგებია, მთელ საქართველოს ვერ მოთხოვ შავების ჩაცმას, ვერც ახალიწლების სამზადისებს შეეშვება ქვეყანა, ვერც ნაძვის ხეების დადგმას, და ვერც ძეობების და ქორწილების აღნიშვნას,
იმისთვის არ ომობენ გმირები, რომ სიცოცხლე აღარ გაგრძელდეს.
მაგრამ უბრალოდ, ყოველგვარი პარტნაგვების გარეშე, და პოლიტიკური სარჩულის გარეშე გმირებისთვის პატივის მიგება ხო შეიძლება?
ვერ შევძლებთ და არც ამისთვის გვისაყვედურებენ გმირები.
დიახ, უკრაინაში ქართველები საქართველოსთვის ომობენ, საქართველოსთვის.
სხვის ტერიტორიაზე ომობენ, დიახ,
სხვის ტერიტორიაზე ომობენ, და იმიტომ, რომ აქ, ამ მიწაზე არ ისმოდეს ტყვიის ხმა და აქ არ ჩამოვარდეს ბომბები,
სხვის ტერიტორიაზე ომობენ, იმიტომ, რომ დასუსტდეს, დაუძლურდეს, დაიშალოს, და შენ მიწამდე ვერ მოვიდეს შენი მტერი.
ძნელი გასაგებია, რატომ ომობენ ბიჭები?
მადლობა, გმირებს,
დიდება, გმირებს!
.
Subscribe
Notify of
guest
0 Comments
Inline Feedbacks
ყველა კომენტარის ნახვა