2018 წელი იყო, 18 დეკემბერი.
ცოტა დაგვიანებით მივედი,
შორიდან დამინახა, და მანიშნა, გამოდიო, თქვიო, რაღაც.
ცოტნეს შიმშილობამ მაშინ შედეგი დადო,
გამსახურდიას მკვლელობის საქმის გამოძიება, რომელსაც ხანდაზმულობის გამო საერთოდ დახურვა ემუქრებოდა, კიდევ 5 წლით გაგრძელდა.
ახლა 2024 წლის დეკემბერია, ანუ, ცოტნეს ნაომარი ის 5 წელიც დამთავრდა კარგახანია, და მე არ მჯერა, ქართული სახელმწიფოებრიობისთვის ეს ყველაზე მნიშვნელოვანი საქმე ავტოკრატიულმა რეჟიმმა რომ გამოიძიოს.
ყველაზე მნიშვნელოვანი საქმე იმიტომ, რომ პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას მკვლელობა არის დასაწყისი იმ დიდი სიცრუისა, რომელიც სახელმწიფო მანქანამ მოახვია თავს ქვეყნის მოსახლეობას ამ 30 წლის განმავლობაში.
ჩვენ არაკანონიერ , არალეგიტიმურ სახელმწიფოში ვცხოვრობთ.
არაკანონიერი ხელისუფლებები გვყავდა და გვყავს, არაკანონიერ არჩევნებს რომ ატარებენ, და რომელშიც მონაწილეობაც, მორალურ მხარეს რომ თავი დავანებოთ, უკანონობაა და სისტემური დანაშაულის გაპრავებაა.
ჩვენ არაკანონიერი კანონებით და 1995 წელს მიღებული არაკანონიერი კონსტიტუციით ვცხოვრობთ, ფიქციური სახელმწიფოებრიობით და მოჩვენებითი დამოუკიდებლობით, და ამ ქვეყანაში საზოგადოებას არავინ არაფერს ეკითხება.
და ეს ყველაფერი იმ მკვლელობით დაიწყო.
მკვლელობით, რომელიც დიდი ხანია მზადდებოდა.
სისტემას არ აწყობს სიმართლე.
ამიტომაც, “ვერ” კი არა, “არ” იძიებდა ამ საქმეს არც ერთი ხელისუფლება,
და დღესაც რომ ყველა, პოზიციაც და ოპოზიციაც გამსახურდიას სახელს იფარებს ფარად, რატომ არავინ სურს მისი მკვლელობის გამოძიება?
რომელიმე მხარემ გააკეთა ამასთან დაკავშირებით განცხადება?
რომელიმე პოლიტიკოსმა ერთი სიტყვა მაინც თქვა?
დიდმა დემოკრატმა “მეხუთე” პრეზიდენტმა რატომ არ დაიწყო ომი უსამართლობასთან პირველი პრეზიდენტის მკვლელობის საქმის გამოძიებით?
არ მოაფიქრდა?
ან რატომ არ იღებს ამ თემაზე ხმას “მესამე” პრეზიდენტი, არ აწყობს?
ხო, რატომ დუმს “მეორე” პრეზიდენტივით?
შევარდნაძე საერთოდ არცაა სახსენებელი, და საერთოდ უხსენებელის სახელით უნდა შევიდეს ისტორიაში.
და “მეოთხე” პრეზიდენტი?
გვყავდა კი საერთოდ მეოთხე, ან მეხუთე გვყავს?.
ან “მეექვსე” ხო საერთოდ პაროდიაა და სირცხვილი ამ ინსტიტუციის.
დიახ, ამ ქვეყანას მხოლოდ ერთი კანონიერი პრეზიდენტი ჰყავდა, და მის შემდეგ ტყუილად ნუ ინომრავს თავს ნურავინ!
სისტემას დღესაც არ აწყობს სიმართლე, რადგან ზვიად გამსახურდიას მკვლელობის საქმის გამოძიება ნიშნავს ასობით იმ მედროვის ლუსტრაციას, ქვეყნის ძარცვაში რომ ღებულობდა მონაწილეობას მაშინ და ახლაც ღებულობს,
იმ აგენტურის მხილებას, რუსეთს და ამერიკას რომ ემსახურებოდა მაშინაც და ახლაც რომ ემსახურებიან.
ამ ადამიანებზე და მათ მემკვიდრეებზე იდგა და დგას ახლაც სისტემა, ეს ხალხი უჭერდა და დაუჭერს მხარს ყოველთვის ძალადობას, დაუჭერს მხარს ყველა მთავრობას, ვისაც კი ხელს აძლევს ტყუილი.
დიდი სიცრუე უნდა დამთავრდეს, არ შეიძლება ასე იცხოვრონ მთელმა თაობებმა.
აი, ამიტომ შიმშილობდა მაშინ ცოტნე, და არა იმიტომ, რომ ზვიად გამსახურდია მამამისი იყო,
ყველა ხელისუფლების დროს ომობდა ცოტნე, და რა მიიღო სამაგიეროდ?.
და ახლა რა?
მაშინდელი ძალისხმევა, ისევე როგორც სხვა უამრავი შრომა და ომი სიმართლის დასადგენად, ჩაეყარა ცოტნეს წყალში?
სიმართლე უნდა გაირკვეს, თუ გვსურს საერთოდ, სისტემური ცვლილებები რომ დაიწყოს, და საერთოდ ქვეყანა ქვეყანას რომ დაემსგავსოს.
და არა აქვს მნიშვნელობა ვის რა დამოკიდებულება აქვს ზვიად გამსახურდიას პიროვნების მიმართ, სიმართლის დადგენა ყველას ინტერესებში უნდა შედიოდეს.
სიმართლე უნდა გაირკვეს!
თუნდაც იმიტომ, რომ მომავალში მაინც, ვისაც მართლაც გულწრფელად უნდა ქვეყანას ეშველოს, რომ ვეღარ მოკლან!
.