You are currently viewing ამით იწყება, და ამით მთავრდება.

ამით იწყება, და ამით მთავრდება.

ძალიანაც ვაფასებ პანტომიმის თეატრს,
და ვულოცავ, კიდეც იუბილეს,
მაგრამ ეს არ ეკადრება მართლა.
ვერავინ შეამჩნია აფიშაზე შეცდომა?
მისმა სპონსორმა, “თეატრალურმა საზოგადოებამაც” ვერ შენიშნა?
თბილისის მერიაზე და კულტურის სამინისტროზე არაფერს ვამბობ, რა ბაგაჟის პატრონებიც არიან იქ, გასაგებია,
იმაზეც აღარაფერს ვიტყვი, მთელი ქვეყნის მასშტაბით ბევრგან რომ მინახავს ასეთ შეუსაბამობა.
ილიას საგურამოსთანაც კი, – წარმოუდგენელია, მაგრამ ასეა.
რაც იმას ნიშნავს, რომ მხოლოდ გამგეობა კი არა, საგურამოს მოსახლეობაც გარტყმაში არაა, თუ რატომ აქვს პრინციპული მნიშვნელობა, რომ არ დაირღვეს ილიასეული სამეულის თანმიმდევრობა.
მაგრამ თეატრალებმა, ამ შთამომავლობით ინტელიგენციამ, ნაკითხი ხალხი რომ მგონია, – ასე სახალხოდ რატომ უნდა დაიბეჩავო თავი, არ მესმის.
“მამული”, ხალხო, “მამული”!
“მამული, ენა, სარწმუნოება”,
სწორედ ასე იწყება ილიას სამეული.
მამულით იწყება, მამულით!
მამულია მთავარი, მამულია პირველადი,
მამული რომ არ იყოს არ იქნება არც ენა, და არც რწმენა,- გაქრება ორივე ერთხელაც უმამულოდ.
ფეირეიდნელი ქართველებიც კი, 400 წელი სხვაგან იმიტომ ინარჩუნებენ ენას და ტრადიციებს, რომ მამული ეგულებათ აქ.
მამულია მთავარი, სადაც მუდამ ბრუნდები, სადაც არ უნდა წახვიდე, – პარიზებში, მილანებში, თუ ლონდონებში.
ოქროს კოშკებიც რო ააგო სხვაგან, აქ გინდა მაინც დასაფლავება,
შენიანი თუ არ დაგრჩა, უცხო მაინც დაგინთებს აქ სანთელს.
და მამული რომ არის აქ, სწორედ მიტომაც გინდა წარმატებებს მიაღწიო იქ, სხვაგან.
იმიტომაც გეუბნება მერე მადლობას მთელი ქვეყანა, მამულის სახელი რომ გაიტანე ყველგან.
მამულის ანუ, თითოეული ჩვენთაგანის სახელი რო გაიტანე.
მოვალეობაა ეგეც შენი.
და ამას შენი კაი კაცობით ახერხებ, – ლაპარაკით კი არა.
თორემ, ასე, ქართულად, “ჩაკრულოსაც” ვმღერით კოსმოსში, მაგრამ არავის ესმის ჯერ.
პირჯვარსაც გულში იწერ, და არა სხვის დასანახად.
ყველაფერი მამულით იწყება, მამულით იზომება, და მამულით მთავრდება.
მამულით!
დაჯექი თეატრი -,
ორიანი შენ!
ავტორი, გუჯა შვანგირაძე ( გუჯა ბიძია).
.
Subscribe
Notify of
guest
0 Comments
Inline Feedbacks
ყველა კომენტარის ნახვა