
წინასიტყვაობის მაგიერ..
.
დოჩანაშვილს აქვს გენიალური სვლა,
განა, სხვა რა აქვს უბრალო და ჩვეულებრივი სიტყვის ჯადოქარს, მაგრამ მისი ეს სვლა ფინალისკენ მართლაც გენიალურია.
დომენიკო რომ ბრუნდება სოფელში, და მამა რომ მისცემს კაბასამოსს,
და ისიც მიხვდება რაც უნდა გააკეთოს,
და სჩანს, მერე, ცეცხლში როგორ იწვის ძვირფასი თვლებით გაწყობილი “სამოსელი პირველი”.
და იწვის სამოსელი და ადის ცად ის ამბებიც, რაც თავს გადახდა დომენიკოს,
და იწვიან ისინიც, ვინც მას შეხვდა იმ გზაზე, გულგრილობიდან მიზანდასახულობამდე, და საკუთარი დანიშნულების აღქმამდე რომ მიჰყავს ადამიანი.
იმ ამბებმა და იმ ადამიანებმა, – ცუდებმაც და კარგებმაც, მოამზადეს დიდი საქმეებისთვის დომენიკო.
სოფლის და ქვეყნის მამობისთვის და პატრონობისთვის მოამზადეს.
და მიტომაც იყვნენ ძვირფას ქვებად კაბასამოსზე , ეს რომ მოახერხეს.
ხო, ვინც შენ სულს შეგირყევს, და არაგულგრილს გაგხდის, ძვირფასი უნდა იყოს შენთვის,
ცუდიც და კარგიც ძვირფასი უნდა იყოს, რადგან ხალხია ეს, შენი სოფლის და შენი ქვეყნის ხალხია, და ხალხი მუდამ მართალია, და ამ ხალხის შვილი ხარ შენც – ამის თქმა სურდა დოჩანას, და თქვა კიდეც, და გაგება უნდა მის ნათქვამს.
და იწვიან იმიტომ, რომ შეახსენონ, რომ დომენიკოც მათსავით უნდა დაიწვას, ერთხელაც.
ისიც უნდა დაიწვას ვინმესთვის, და რაღაცისთვის.
უნდა დაიწვას, და უნდა შეცვალოს ვიღაც, და რაღაც.
უნდა დაიწვას, ამ სიტყვის გინდა გადატანითი, გინდა პირდაპირი მნიშვნელობით – სხვანაირად, კი არ ცხოვრობ, მხოლოდ არსებობ, თუკი მხოლოდ ჭამ, სვამ და საკუთარ თავს ასე მიაცილებ სასაფლაომდე.
და გამოდის,
რომ არა მხოლოდ გულგრილობიდან არაგულგრილობამდე მიმავალი გზაა,- არამედ სიტყვაც არის ” სამოსელი პირველი”.
რადგან რა სიტყვასაც ამბობ, და, რა სიტყვასაც კითხულობ, ისა ხარ, და ის სამოსელი გაცვია შენ.
ეგაა,..
საადგილმამულო ალმანახის მესამე ნომერიც ამბებია,- მარტყოფისველის და ბაშისველის დასახლებებზე, და მათი პირველმოსახლეების ომზე და მშვიდობაზე,
და კიდევ წერილებია, ანალიზი და განხილვაა იმ მოვლენებისა, რაც კი ხდებოდა ბოლო სამი წლის განმავლობაში ამ ქვეყანად.
და ცოტაც, და წინა ორი ნომრის მსგავსად, ამ ალმანახსაც “ცეცხლს მივცემ “..
და გვარსახელებით ვიცი ის ხალხი, ვისთან ერთადაც ამას გავაკეთებ.
ცეცხლისთვის მიბარება იქნება სწორედ, მკითხველი რომ აიღებს ხელში და რომ გადაფურცლავს, და რომ წაიკითხავს, და რომ გამოწვავს გონებაში აქ დაწერილს, და აღწერილს,
და იმიტომ, რომ აქ წაკითხულმა შეარყიოს, და ცეცხლში შესასვლელად განაწყოს ისიც, ვიღაცისთვის, თუ რაღაცისთვის,
ვიცი, რომ ასეც იქნება,
და, დაე, იყოს, ასე!
.
საადგილმამულო ალმანახი#3
ავტორი, გუჯა შვანგირაძე ( გუჯა ბიძია).
.
